Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-8-294-08 10 დეკემბერი , 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. გ-ევი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ი-ოვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

ნ. ი-ოვამ განცხადება შეიტანა სასამართლოში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. მან მიუთითა, რომ მარნეულის სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. გ-ევის სარჩელი სამკვიდრო ფლობის დადგენისა და სახლის იძულებით აუქციონზე გატანის შესახებ დაკმაყოფილდა. განმცხადებლის განმარტებით, მის მიერ მოპოვებულ იქნა მტკიცებულება, კერძოდ, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის აგვისტოს წერილი, რომლის თანახმად ნ. ი-ოვას სახელზე რეგისტრირებულია სოფელ იზილაჯლოში მდებარე მიწის ნაკვეთი 0,176 ჰა რეგისტრაციის ¹ 6478/2002. აღნიშნული მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. მან მოითხოვა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ. ი-ოვას განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ი-ოვამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ნ. ი-ოვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება; ნ. ი-ოვას განცხადება, საქმის წარმოების განახლების შესახებ, საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, დაუბრუნდა მარნეულის რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ი-ოვას განცხადების ზეპირ სხდომაზე განხილვის თაობაზე არ აცნობა ა. გ-ევს, რომელიც არის მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების მხარე, კერძოდ, მოსარჩელე. ვინაიდან იგი არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით და სასამართლომ მის დაუსწრებლად გამოიტანა განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული განჩინება გამოტანილია კანონის დარღვევით.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. გ-ევმა. მისი აზრით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ იგი არ ყოფილა მოწვეული მარნეულის რაიონულ სასამართლოში ნ. ი-ოვას განცხადების ზეპირ განხილვაზე და ამის გამო უნდა გაუქმდეს მარნეული რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება. ვინაიდან მას არ გაუსაჩივრებია მისი არმოწვევის საკითხი, ამ საფუძვლით აღნიშნული განჩინების გაუქმება უკანონოა და სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ამ მოტივით გაეუქმებინა მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინება. აქედან გამომდინარე, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. გ-ევის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იყო მოწვეული სასამართლო პროცესზე. ასეთი გადაწყვეტილება გაუქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ის, მხარე, რომელიც არ იყო მოწვეული სასამართლო პროცესზე და რომელსაც კანონით დადგენილი წესით არ მიუღია შეტყობინება.

მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ამირ გამზიევი არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით მარნეულის რაიონულ სასამართლოში ნ. ი-ოვას განცხადების განხილვის დროს. მას აღნიშნული განჩინება არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო საჩივარი შეიტანა მხოლოდ ნ. ი-ოვამ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ა. გ-ევი არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით, მარნეულის რაიონული სასამართლოში ნ. ი-ოვას განცხადების განხილვაში, ამის გამო უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, ა. გ-ევის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინება და მას არ გამოუთქვამს პრეტენზია იმის შესახებ, რომ იგი არ იყო მოწვეული სასამართლო პროცესში, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ემსჯელა ამ საკითხზე და, შესაბამისად, ამ მოტივით გაეუქმებინა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომრბის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. გ-ევის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.