ას-830-1193-06 5 მარტი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ბ-ს წარმომადგენელ თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 19 მაისს ნ. ბ-მ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “ .. .. ..”-ის მიმართ და მიუთითა, რომ 2001 წლის 21 თებერვალს მოპასუხესთან ნოტარიული წესით გაფორმებული ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, “ .. .. ..” იღებდა ვალდებულებას მოსარჩელისათვის გადაეცა მის საკუთრებაში არსებული სავაჭრო კომპლექსის პირველ სართულზე 60 კვ.მ ფართის სავაჭრო ობიექტი და ამასთანავე შეესრულებინა გარკვეული სამუშაოები, თუ ნ. ბ-ა პირად საკუთრებაში არსებული სათავსოს აღებაზე დაეთანხმებოდა. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, კერძოდ ნაცვლად 60 კვ.მ ფართისა, გადასცა 50 კვ.მ სავაჭრო ფართი. ასევე არსებული პროექტის დარღვევით, ამოაშენა კიბის უჯრედი, რის გამოც მის სავაჭრო ობიექტს დაეკარგა მომხმარებელთან ურთიერთობის სასაქონლო ხარისხი. ამასთანავე, მშენებლობა, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული ერთი წლის ვადისა, დამთავრდა 4 წელიწადში, რის გამოც სავაჭრო ობიექტი არ ფუნქციონირებდა, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-მ მოითხოვა ოთხი წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისა და ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების გამო, მასზე მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოპასუხეზე დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მ.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ნ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი, მიყენებული ზარალის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას დაადგინა, რომ არანაირი “სამშენებლო პროგრამის” პროექტი, როგორც ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც მშენებლობის ვადებზე იქნებოდა საუბარი, არ არსებობდა, რაც სასამართლოს აზრით განმტკიცებულია 2004 წლის 22 სექტემბრის შენობის ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის აქტით, რომელიც თავის მხრივ დამტკიცებულია ფოთის მთავრობის 2004 წლის 27 სექტემბრის ¹... დადგენილებით, რომლის თანახმად შპს “ .. .. ..”-ის მიერ, მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა წარმოდგენილი საბუთი, ასევე კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, შიგა და გარე მოსაპირკეთებელი საინჟინრო კომუნიკაციებთან ერთად განხორციელებულია პროექტის დაცვით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოები შპს “ .. .. ..”-ის მიერ ჩატარებულია ვადებში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ნ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოპასუხე შპს “ .. .. ..”-ის დირექტორმა გ. ნ-მა წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას Nნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. Nნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.