¹ას-843-1057-08 22 იანვარი, 2009 წელი
ქ..თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. უ-შვილი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. დ-ძე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში))
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი სარჩელში – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
შეგებებულ სარჩელში _ თანხის დაბრუნება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. დ-ძემ, მოპასუხეების - გ. ა-ძის, ლ. უ-შვილის, კ. ა-ძისა და ფ. ა-ძის მიმართ და მოითხოვა დაბა ჩაქვში, . . . გამზირის ¹36-ში მდებარე ¹3 მოპასუხეების საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება და გამონთავისუფლებულის ჩაბარება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საცხოვრებელი ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ლ. ს.-გან. აღნიშნულის შემდეგ მოუხდა რუსეთში გამგზავრება, საიდანაც დაბრუნდა 2007 წელს. ბინის საბუთები დაუტოვა დას - ი. დ-ძეს. რუსეთში ყოფნის დროს, ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მამა თ. დ-ძე, რომელმაც სთხოვა თანხმობა, საცხოვრებელი ბინა 30 დოლარად მიექირავებინათ მოპაუხე გ. ა-ძისთვის. თ. დ-ძემ ბინის გაქირავებისთანავე წინასწარ მიიღო 200 აშშ დოლარი, ხოლო 1800 აშშ დოლარი ბინის გაქირავებიდან 3 წლის შემდეგ. ქირავნობის ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი არ ათავისუფლებს ფართს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება საცხოვრებელი ბინიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება, ასევე მოპასუხეებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების - 250 ლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს მოსარჩელისათვის 4000 აშშ დოლარის დაკისრება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეები გ. ა-ძე, ლ. უ-შვილი, კ. ა-ძე და ფ. ა-ძე გამოსახლდნენ გ. დ-ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა გ. დ-ძეს. მოპასუხეების - გ. ა-ძის, ლ. უ-შვილის, კ. ა-ძისა და ფ. ა-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. დ-ძეს დაევალა, მოპასუხეებს დაუბრუნოს 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა თ. ი-ძემ, ასევე გ. ა-ძემ, ლ. უ-შვილმა, კ. ა-ძემ და ფ. ა-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ. დ-ძისა და მისი წარმომადგენლის - თ. ი-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ა-ძის, ლ. უ-შვილის, კ. ა-ძისა და ფ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ა-ძის, ლ. უ-შვილის, კ. ა-ძისა და ფ. ა-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. დ-ძეს დაეკისრა გ. ა-ძის, ლ. უ-შვილის, კ. ა-ძისა და ფ. ა-ძის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარისა და 3802 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2003 წელს მხარეთა შორის დაიდო ბინის ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება. ამასთან მიუთითა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლისა და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულება ბინის ნასყიდობის შესახებ უცილოდ ბათილი იყო და გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები არ წარმოშვა. პალატამ აღნიშნა, რომ გ. დ-ძე ისევ ბინის მესაკუთრედ დარჩა, ხოლო მყიდველებს ნივთის ფლობის უფლება არ მოუპოვებიათ ანუ ისინი ქონებას მართლზომიერად არ დაუფლებიან.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გ. ა-ძე, ლ. უ-შვილი, კ. ა-ძე და ფ. ა-ძე ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები არიან, რადგან მიიჩნია, რომ მფლობელის კეთილსინდისიერება გამოიხატება მის სუბიექტურ დამოკიდებულებაში მფლობელობის ფაქტის მიმართ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. ა-ძისთვის, ლ. უ-შვილისთვის, კ. და ფ. ა-ძეებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ სხვის ნივთს ეუფლებოდნენ ბათილი გარიგების საფუძველზე, შესაბამისად, ისინი კეთილსინდისიერი მფლობელები არიან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი და მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში. ამასთან, მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ შეგებებული სარჩელიც საფუძვლიანად მართებულად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, შეგებებული სარჩელის ავტორებმა გ. დ-ძეს 2000 აშშ დოლარი გადაუხადეს ბათილი გარიგების საფუძველზე და, შესაბამისად, მოთხოვნა ბინის შესაძენად გადახდილი 2000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე კანონიერია. ამასთან, მიუთითა, რომ დაუსაბუთებელია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება რემონტისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად გ. დ-ძისათვის 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. უ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეები ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები არიან, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, არ შეაჩერა საქმის განხილვა მაშინ, როდესაც მოსარჩელის მიმართ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ლ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე გ. დ-ძემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ლ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. უ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ. უ-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - (300 ლარის) 70% _ 210 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.