Facebook Twitter

საქმე №87აგ-16 6 მარტი, 2017 წელი

ზ-ი ზ, 87აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – ავთანდილ მ-ისა და ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ხათუნა მოდებაძესა და ბრალდებულებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2500 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 29 სექტემბრიდან იმავე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

2. ამავე განაჩენით ზ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 5 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2500 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულ ზ. ზ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 29 სექტემბრიდან იმავე წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

3. 2016 წლის 25 თებერვალს მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – ა. მ-ისა და ზ. ზ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

4.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინებით მსჯავრდებულთა ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. ადვოკატი ა. გ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ზ. ზ-ს მსჯავრი დაედო 47,99 გრამი, ხოლო ა. მ-ს – 12,72 გრამი „ნედლი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის, რაც გაცილებით ნაკლებია 70 გრამ „გამომშრალ მარიხუანაზე“; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებას; ა. მ-ისა და ზ. ზ-ის მიმართ სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურია.

6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ა. გ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვას და ა. მ-ისა და ზ. ზ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულების – ა. მ-ისა და ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულების – ა. მ-ისა და ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანის“ (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

3. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინება მსჯავრდებულების – ა. მ-ისა და ზ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინება მსჯავრდებულების – ა. მ-ისა და ზ. ზ-ის მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე