Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1004-590(კ-05) 13 ივნისი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2001წ. 12 მარტს შპს «.. .." სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს და ფიზიკურ პირ ზ. შ-ს მიმართ და მოითხოვა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭება და საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში შემდეგი საფუძვლით:

ქ. ფოთში .... ¹27-ში მდებარე ორსართულიანი სახლი და 1200 კვ.მ ნაკვეთი ექიმმა კ. მ-მ საჩუქრად გადასცა ქალაქს და იქ წლების მანძილზე განთავსებული იყო ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, რომლის შრომითმა კოლექტივმა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. ¹615 და 1999წ. ¹209 ბრძანებულებების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინა შენობისა და პოლიკლინიკის ქონების პრივატიზება და 1999წ. 29 სექტემბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო პოლიკლინიკის მიწის განკარგვის საკითხის დარეგულირება დაევალა მიწის მართვის დეპარტამენტს. 2001წ. 13 თებერვალს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ «.. .." დაავალა მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის _ 703 კვ.მ-ს ღირებულების _ 4604,5 ლარის გადახდა, რაც არასწორია, რადგან პოლიკლინიკა წლების მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთით. ამიტომ მოსარჩელემ, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მოითხოვა ნაცვლად 703 კვ.მ-ისა, პოლიკლინიკაზე მიმაგრებული 1200 კვ.მ-ის საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ფოთის ყოფილი მთავარი არქიტექტორის მითითებით, პოლიკლინიკის ტერიტორიას სკვერის გაშენების მიზნით ჩამოეჭრა 359 კვ.მ ნაკვეთი, სადაც მოპასუხე ზ. შ-ა პოლიკლინიკის კოლექტივთან შეუთანხმებლად აშენებს კაფე-ბარს.

მოპასუხე ფოთის მიწის მართვის სამმმართველომ სარჩელი არ ცნო, მიიჩნია, რომ ფოთის მიწის მართვის სამმართველო არის არასათანადო მოპასუხე.

შესაგებელის ავტორის მითითებით, მას მოსარჩელისათვის არ ჩამოურთმევია და არც ზ. შ-ს საკუთრების უფლება დაურეგისტრირებია სადავო ნაკვეთზე. სამმართველომ მხოლოდ მოახდინა პრივატიზების პროცესში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის ფიქსირება.

«.. .." სარჩელი ასევე არ ცნო ზ. შ-მ, რომელმაც მიუთითა, რომ პოლიკლინიკა მართლაც ფლობდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მაგრამ ქ. ფოთის მერის 1997წ. 20 დეკემბრის ¹583 დადგენილებით განისაზღვრა ... ქუჩის კეთილმოწყობის ღონისძიებები და ... ქუჩის იერსახის გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობის მიზნით, პოლიკლინიკის ძველი ღობე დარღვეულ და გადატანილ იქნა სიღრმეში, ხოლო ტროტუარის მიმდებარე 310 კვ.მ ტერიტორიაზე დაპროექტდა სკვერი, სადაც კაფე-ბარის აშენების უფლება მიეცა მას (ზ. შ-ს) ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1998წ. 21 აპრილის ნებართვით, ბრძანება ¹31‚ ამიტომ იგი სადავო 310 კვ.მ მიწის კანონიერი მფლობელია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით «.. .." სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა მოსარჩელის მიერ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონით დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ, ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის სარგებლობაში არსებული 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭება-რეგისტრაცია, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკა პრივატიზაციამდე სარგებლობის უფლებით ფლობდა 1200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განლაგებული იყო პოლიკლინიკის შენობა-ნაგებობები, რაც დავას არ იწვევს და მოპასუხეც აღიარებს, რომ მოსარჩელე პრივატიზაციამდე სარგებლობის უფლებით ფლობდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მაგრამ მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია შენობა-ნაგებობების პრივატიზაციასთან ერთად არ მომხდარა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნიია, რომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონი. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, სკ-ის 150-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის პრივატიზებისას, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა (პრივატიზაცია), რომელზეც განლაგებული იყო პოლიკლინიკის შენობა-ნაგებობები და რომელსაც სარგებლობის უფლებით ფლობდა ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი უფლებისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენება გამოიხატა იმაში, რომ მას არ მიეცა საშუალება ესარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული შესაძლებლობით, გამხდარიყო იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელსაც იგი ფლობდა სარგებლობის უფლებით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. შ-მ და ფოთის მიწის მართვის სამმართველომ.

ზ. შ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გაუქმება და სიტყვების: «ადრე ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის სარგებლობაში არსებული 1200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე», შეცვლა შემდეგი სიტყვებით: «ადრე ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის სარგებლობაში არსებული 1020 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე», შემდეგი მოტივით:

საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 1997წ. 30 დეკემბრამდე, სანამ გახდებოდა კერძო სამართლის იურიდიული პირი, სარგებლობაში ჰქონდა 1200 კვ.მ, მაგრამ «... ქუჩის კეთილმოწყობის ღონისძიებათა შესახებ» ქ. ფოთის მერის 1997წ. 30 დეკემბრის ¹583 განკარგულების აღსრულების მიზნით, ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ ... ქუჩის იერსახის გაუმჯობესებისა და მისი შემდგომი კეთილმოწყობისათვის პოლიკლინიკის ძველი ღობე დარღვეულ და გადატანილ იქნა სიღრმეში, ხოლო ტროტუართან ახალ, მიმდებარე 310 კვ.მ ტერიტორიაზე დაპროექტდა სკვერი.ქ. ფოთის მთავარი არქიტექტორის 1998წ. 21 აპრილის ¹31 ბრძანებით, ზ. შ-ს უფლება მიეცა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცირე სავაჭრო ობიექტის _ კაფე-ბარის მშენებლობის შეახებ. ამდენად, აპელატის მითითებით, ზ. შ-ა წარმოადგენს აღნიშნული ობიექტების მესაკუთრეს.

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ დაუკანონა რა მოსარჩელეს 1200 კვ.მ მიწა, არ გაითვალისწინა ასევე ის გარემოება, რომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიაშნულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის დადგენილი წესები, კერძოდ, მითითებული კოდექსის 487-ე და 489-ე მუხლები.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ საქმეში მესამე პირად არ ჩართო ქ. ფოთის მერია და არქიტექტურისა და მშენებლობის დეპარტამენტი, არ გამოიკვლია ზ. შ-სათვის პროექტის გაცემის საფუძვლები და არ გაითვალისწინა, რომ ობიექტის მშენებლობა დაწყებულია და გაწეულია გარკვეული ხარჯები.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ იგი არ ჩართო საქმეში, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს მის კანონიერ უფლებებს, რითაც დაარღვია აპელანტის ფუნდამენტური უფლება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.

ფოთის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, საქმეში ქ. ფოთის მერიის, ზ. შ-სა და ქ. ფოთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის ჩართვა შემდეგი მოტივით:

საქმის განხილვაში არ იყო მიწვეული ზ. შ-ა, რომლის ინტერესებსაც ეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. გარდა აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონით, რადგან ქ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის შენობა-ნაგებობის პრივატიზებამდე მის ქვეშ არსებული მიწა იყო სახელმწიფო საკუთრება და არ წარმოადგენდა ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობის ობიექტს, რის გამოც მისი პრივატიზება უნდა განხორციელდეს «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ფოთის მიწის მართვის სამმართველოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ფოთის მერია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. შ-სა და ფოთის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «.. ..» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქმედების განხორციელება – შპს «.. ..» სახელზე 894 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში შპს «.. ..» მიერ «საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის» შესაბამისად დადგენილი პირობების შესრულების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «.. ..» სამედიცინო პერსონალმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და შპს «.. ..» სარჩელის დაკმაყოფილება‚ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ფოთის მიწის მართვის სამმართველოსა და ზ. შ-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «.. ..» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 894 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შპს «.. ..» სახელზე, ხოლო მიწის ნაკვეთის ზ. შ-ს მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «.. ..» და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინებით შპს «.. ..» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 აპრილის განჩინებით ზ. შ-სა და ფოთის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 27 იანვრის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ექიმმა მ-ემ 1945 წელს ქ. ფოთს საჩუქრად გადასცა საკუთარი, ქ. ფოთში, ... ქ. ¹27-ში მდებარე ორსართულიანი სახლი, რომელიც ფოთის საქალაქო აღმასკომის 1945წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით გადაეცა ჯანდაცვის განყოფილებას. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო შენობა და ეზო, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 19 მაისის ¹1/3/248 ბრძანებით ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის შრომითმა კოლექტივმა მოახდინა პოლიკლინიკის შენობის პრივატიზება, ხოლო მიწის ნაკვეთის პრივატიზება ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული. 1996წ. 16 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოში რეგისტრაცია გაიარა პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის მიერ დაფუძნებულმა შპს «.. ..», როგორც ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის სამართალმემკვიდრემ. ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკა პრივატიზაციამდე სარგებლობის უფლებით ფლობდა 1200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზეც განლაგებული იყო პოლიკლინიკის შენობა-ნაგებობები, რაც პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ არის. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად ცნო, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ზ. შ-ს რაიმე მიწათსარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია და ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს ფოთის მთავარი არქიტექტორის 1998წ. 21 აპრილის ¹31 ბრძანება მშენებლობის ნებართვაზე, ასევე ფოთის მერიის 1997წ. 30 დეკემბრის ¹583 განკარგულება, რომლითაც დაისახა ... ქუჩის რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობის ღონისძიებები და რომლითაც ფოთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზ. შ-სათვის ნება დაერთო სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მიმდებარედ მოეწყო მცირე არქიტექტურული ზომის სავაჭრო ობიექტი. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, ზ. შ-სათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა არ მომხდარა რაიმე სამართლებრივი საფუძვლით.

სააპელაციო პალატის მითითებით, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, აღნიშნული კანონით რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია, რომლებიც სახელმწიფოს მიწის განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს. «საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 31 ოქტომბრის ¹615 ბრძანებით მოსარჩელის მიერ დაკავებული სახელმწიფო მიწა შპს «.. ..» მიეცა პირდაპირი განკარგვის წესით.

სააპელაციო სასამართლოს განამრტებით, მოსარჩელის კანონიერი უფლებისათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება გამოიხატა იმაში, რომ შპს «.. ..» ადმინისტრაციული ორგანოს უარის შედეგად არ მიეცა საშუალება ესარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული შესაძლებლობით, გამხდარიყო იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც მას მიმაგრებული ჰქონდა წლების მანძილზე კანონიერად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზ. შ-ს მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რადგან მოსარჩელემ მოითხოვა 1200 კვ.მ ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭება, ხოლო რეგისტრაციის მოთხოვნა მას არ ჰქონდა. პალატის განმარტებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის 1200 კვ.მ მიწის ფართობის დაკანონებას შპს «.. ..», რაც იურიდიულად ნიშნავს შესაბამის სამართლებრივ საფუძველზე ამ მიწის ნაკვეთის შპს «.. ..» სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვას, რაც ხორციელდება მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლე ორგანოში _ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ნაკვეთის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების შედეგად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. შ-მ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა. ზ. შ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

კასატორის განმარტებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით სააპელაციო სასამართლომ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაავალა უკანონო ქმედების განხორციელება, კერძოდ, შპს «.. ..» საკუთრების მინიჭება იმ კანონის საფუძველზე, რომელიც არ აწესრიგებს კონკრეტულ დავას. აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის საფუძველზე. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა მითითებული კანონის პირველი მუხლის «ე» პუნქტი, რომლის მიხედვით, მიწის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება ქალაქმშენებლობის დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით, მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით, რომლებიც ეხება ქალაქების დაგეგმარებას. საქმეში წარმოდგენილია ... ქუჩაზე სკვერის მოწყობისა და ნაგებობის მშენებლობის პროექტი და სასამართლოს მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეჟიმი სადავოდ არ უნდა გაეხადა. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-17 მუხლი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი და არსებითი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა იმ გარემოებას, რა ოდენობით მიწის ნაკვეთის გადაცემა გადაწყვიტა სახელმწიფომ შპს «.. ..». სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვით, პასპორტიზაციას ახდენს ტექაღრიცხვის სამსახური, შპს «.. ..» მიერ წარმოდგენილი ტექპასპორტი კი არ არის შედგენილი ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ და არ წარმოადგენს მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის განმარტებით, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არასათანადო კანონის გამოყენების საფუძველზეა მიღებული, არ უნდა იქნეს გაუქმებული, რადგან სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თანახმად სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 386-ე მუხლისა.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა თ. ო-მ განმარტა, რომ შპს «.. ..» 950 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გადაიხადა მიწის ნორმატიული ფასი, რის გამოც მიწის ნაკვეთის ამ ფართზე დავა აღარ არსებობდა, თუმცა ამ უკანასკნელს სარჩელის ნაწილობრივ ცნობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. შ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სსკ-ის 393.2. და 394. «ე” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მოტივს შემდეგზე, რომ სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, მიიჩნია რა, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონი სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტისას, მაინც უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც არსებითად სწორი, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის მიხედვით კასაციის აბსოლუტური საფუძველია, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში იქონია რა მსჯელობა ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ კანონის არამართებულად გამოყენების თაობაზე, თავად მისცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია სადავო სამართალურთიერთობას, როცა ჩათვალა, რომ დავა მოწესრიგებას ექვემდებარება 28.10.98წ. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის თანახმად, უნდა ესარგებლა სსსკ-ის 386-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიეღო ახალი გადაწყვეტილება, რამდენადაც სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით გადაწყვეტილების შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 393.2 «ა» მუხლის თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოსათვის პროცესუალურ საფუძველს რაიონული სასამართლოს განჩინების შეცვლით მიეღო ახალი გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ რაიონულ სასამართლოში მოპასუხეს წარმოადგენდა ფოთის მიწის მართვის სამმართველო, სასამართლოს 2001წ. 15 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად მოპასუხის მხარეზე ჩაბმული იქნა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველო, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 18 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. ფოთის მერია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ქ. ფოთის მერიის სახით ახალი პროცესუალური სუბიექტის მონაწილეობის გამო საქმე ექვემდებარებოდა გამოკვლევას, განხილვასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას, მაშინ, როცა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მათ შორის სარეზოლუციო ნაწილშიც, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია კანონი, რომელიც სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონი, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გამო მიღებულ უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102.3. მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, კერძოდ, საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ პრივატიზაციამდე სტომატოლოგიური პოლიკლინიკისთვის არსებული წესით დამაგრებული მიწის ფართი იყო 1200 მ2, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 29 დეკემბრის ¹1-3/815 ბრძანების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ობიექტზე, არსებული წესით დამაგრებული, მიწის განკარგვის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის 14.1. მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, საქართველოს ქალაქების (9 რაიონის) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის” დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში მყიდველი იხდის მიწის ნაკვეთის ფასს. ამასვე ადასტურებს საქმის მასალებში არსებული 1999წ. 23 სექტემბრის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და ფოთის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის შრომით კოლექტივს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 5.2. მუხლი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს, სახელმწიფომ ობიექტის პრივატიზებისას გამოხატა თუ არა ნება, რომ მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შემდეგ «მყიდველს» (ხელშეკრულების 5.3. პუნქტი) ანუ შპს «.. ..» მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით შეეძინა საკუთრების უფლება, რის საფუძველზეც ხელშეკრულების კონტრაჰენტს _ მოსარჩელეს წარმოეშვა თუ არა კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომ მოსარჩელე უძრავ ქონებაზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე მოიპოვებდა მიწაზე ნორმატიული ფასის გადახდის შედეგად საკუთრების უფლებას, რამდენადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში ხორციელდება არსებული უფლების რეგისტრაცია, ხოლო უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძველს წარმოადგენს შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შესაბამისად შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიკვლიოს, ობიექტის პრივატიზაციისას რაში მდგომარეობდა სახელმწიფოს ნამდვილი ნება, როცა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 28 დეკემბრის ¹1-3/815 ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად ობიექტზე, არსებული წესით დამაგრებული მიწის განკარგვის საკითხის გადაწყვეტის საფუძვლად მითითებულია «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი, რომელიც განსხვავებით «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონისა, მიწის განკარგვას ითვალისწინებს კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით, ანუ სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეფასება უნდა მისცეს მითითებული ბრძანების და ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფომ პირდაპირი წესით განკარგა თუ არა ობიექტზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი და მხოლოდ მასზე საკუთრების უფლების შეძენა გადაავადა ქ. ფოთში მიწის ნორმატიული ფასის დადგენამდე, მით უფრო, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადაოდ არ ხდის მოსარჩელის საკუთრების უფლებას 894 მ2 მიწის ნაკვეთზე.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით შპს «.. ..» მიერ 894 კვ.მ მიწის ფართობზე გადახდილი იქნა მიწის ნორმატიული ფასი და მასზე საკუთრების მოწმობა უახლოეს პერიოდში გაიცემა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ანუ სადავო ფართს, ფოთის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ვ. შ-ს სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვა ვადაგასულია და ძალადაკარგულად ითვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაურკვეველია ფოთის მერიის პოზიცია, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს ფოთის მერიის დამოკიდებულება და სამართლებრივი მიდგომა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, გამოარკვიოს ზ. შ-ს შემხებლობა სადავო მიწის ნაკვეთთან.

საკასაციო სასამართლო 1996წ. 14 ნოემბრის «მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 17.2. მუხლის შესაბამისად, განმარტავს, რომ მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე, თავის მხრივ, მითითებული ნორმის მესამე ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებული და დოკუმენტირებული იქნეს საკუთრება, უძრავი ქონების საკუთრების საზღვრები და მასზე უფლებები, მითითებულ გარემოებებზე სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ უმსჯელია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებში არსებული ქ. ფოთის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ... ქუჩაზე (ყოფილი ... ქ) მდებარე საცხოვრებელი სახლი 1939 წელს აღირიცხა აწ/გარდაცვლილი კ. მ-ის სახელზე, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში ინახება 1939წ. ტექნიკური პასპორტი. მითითებული ცნობით ასევე ირკვევა, რომ გარდაცვლილი მ-ის მიერ საცხოვრებელი სახლის 1945 წელს საჩუქრად გადაცემის დროს მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 2412 კვ.მ, პრივატიზაციამდე სტომატოლოგიური პოლიკლინიკა სარგებლობის უფლებით ფლობდა 1200 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განლაგებული იყო პოლიკლინიკის შენობა-ნაგებობა. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმის ფურცელ 315-ზე წარმოდგენილი სტომატოლოგიური პოლიკლინიკის პასპორტით, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლოს მიერ, კერძოდ, დოკუმენტის დედანი დათვალიერდა, შედარდა ასლს, რის შედეგადაც სასამართლომ დოკუმენტი მიიჩნია სათანადო წესით წარმოდგენილად, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ზ. შ-ს მოტივაციას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილ ტექნიკურ პასპორტს სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტად შპს «.. ..ს» მიერ წარდგენილი ტექპასპორტი, ვინაიდან ის არ იყო შედგენილი ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ. საკასაციო სასამართლო თვლის, ის გარემოება, რომ ტექპასპორტი არ არის შედგენილი «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 2.6. მუხლის შესაბამისად ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ, არ წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოსათვის საფუძველს, რომ ეს უკანასკნელი არ მიეჩნია მტკიცებულებითი ძალის მქონე დოკუმენტად, ვინაიდან შპს «.. ..» ტექპასპორტი გაცემულია ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ 21.09.1977 წელს, როგორც ჯანდაცვის ობიექტზე, ხოლო «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონი, (რომლის 2.6. მუხლი მიწის ტექპასპორტის შედგენის უფლებამოსილ ორგანოდ ტექაღრიცხვის სამსახურს განსაზღვრავს) მიღებულია 1996წ. 14 იანვარს, რის გამოც მითითებული ნორმით დადგენილი პირობები ვერ გავრცელდება 1977 წელს გაცემული დოკუმენტის მიმართ, თუმცა, ამავე დროს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ტექპასპორტი წარმოადგენს თუ არა საკმარის მტკიცებულებას მიწის ნაკვეთის ოდენობის დასადგენად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობას შეეფარდა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-2 მუხლი (კანონის 1999წ. რედაქცია), თუმცა სრულიად დაუსაბუთებლად, ვინაიდან მითითებული ნორმით დადგენილია, რომ აღნიშნული კანონით რეგულირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია, რომლებიც სახელმწიფოს მიწის განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ, შესაბამისად, გაურკვეველია მოცემული ნორმის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად გამოყენების დანიშნულება, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონის 9.3. მუხლის შესაბამისად, პოლიკლინიკის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების თაობაზე ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტში, შეტანილი იყო თუ არა ცნობა საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობის, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათების, მისამართის და ობიექტის გაყიდვის პირობების შესახებ, რითიც დადასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი ოდენობა.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოება, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფოთის მთავარი არქიტექტორის 1998წ. 21 აპრილის ¹31 ბრძანება მშენებლობის ნებართვაზე, ასევე ფოთის მერიის 1997წ. 30 დეკემბრის ¹583 განკარგულება, რომლითაც დაისახა ... ქუჩის რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობის ღონისძიებები და რომლითაც ფოთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზ. შ-სათვის ნება დაერთო სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მიმდებარედ მოეწყო მცირე არქიტექტურული ზომის სავაჭრო ობიექტი, არ წარმოადგენს და არ შეიძლება ჩაითვალოს ზ. შ-სათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის სამართლებრივ საფუძვლად, როგორც კანონით გაუთვალისწინებელი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ზ. შ-ს მოტივს, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის პირველი მუხლის «ე» პუნქტის გამოუყენებლობის თაობაზე, ვინაიდან მითითებული ნორმით მოცემულია კანონში გამოყენებული ტერმინის «მიწის სამართლებრივი რეჟიმის» დეფინიცია. ამდენად, თავისთავად მითითებული ნორმა დამოუკიდებლად არ აწესრიგებს სამართალურთიერთობას, არამედ, განსაზღვრავს მოცემულ კანონში ტერმინის გამოყენების მნიშვნელობას. მით უფრო, დაუსაბუთებელია მოსაზრება ­_ ... ქუჩის სქემის და მისი გადაკეთების გეგმის, მშენებლობის პროექტის და ფოთის მერის ¹583 განკარგულების სადავო მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეჟიმის განმსაზღვრელ დოკუმენტებად ჩათვლის თაობაზე, მისი კანონთან სრული შეუსაბამობის გამო, ვინაიდან მიწის სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს სწორედ კანონის «ე» პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტთა სახეები, მაშინ, როცა კასატორის მიერ მითითებული ვერცერთი დოკუმენტი ასეთად ვერ იქნება განხილული.

საქმის მასალებში არსებული მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს 2001წ. 23 აპრილის ¹ნ-2812 წერილით დასტურდება, რომ «სტომატოლოგიური პოლიკლინიკისათვის» ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიწა არ ჩამოურთმევია, არც მოქალაქე ზ. შ-სათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ გაუტარებია სახელმწიფო რეგისტრაციაში, არც ფოთის მერიას მიუღია გადაწყვეტილება პოლიკლინიკისათვის მიწის ჩამოჭრის თაობაზე, ასეთად ვერ იქნება მიჩნეული ქ. ფოთის მერიის 1997წ. 30 დეკემბრის ¹583 განკარგულება, რომლითაც დაისახა ... ქუჩის რეკონსტრუქცია _ კეთილმოწყობის ღონისძიებები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებული მსჯელობა წინააღმდეგობრივია, რამდენადაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულ იქნა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი, რომლის 3.1. მუხლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლების მინიჭება კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი, ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესების შესაბამისად, რაც გულისხმობდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება მითითებული კანონის საფუძველზე და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი, თუმცა კონკრეტული ნორმის მიუთითებლად, არ უმსჯელია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მითითებული კანონის 3.4. მუხლის თანახმად სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით, ანუ მითითებული ნორმატიული აქტის გამოყენება მოცემულ დავაში საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 28.121998წ.. ¹1-3/845 ბრძანებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების კონტექსტის გათვალისწინების და შეფასების გარეშე გამორიცხავს მიწის საკუთრებაში გადაცემას კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» ნორმატიული აქტი, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით, რაც წინააღმდეგობაშია სასამართლოს მიერ დადგენილთან, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სასამართლოს გადაწყვეტილებით პირველადი რეგისტრაციის ფორმით შესაძლებელია საკუთრებაში აღირიცხოს შპს «.. ..» სახელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 412.1. მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, ხოლო სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით შეუძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს დავის საგანს და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. შ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

4. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.