საქმე №88აგ-16 თბილისი
ე-ე ლ, 88აგ-16 31 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ე-ს ადვოკატ ო. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ლ. ე-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ლ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) უკანონო მოხმარებისათვის) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, ხოლო 44-ე მუხლის თანახმად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათით. ლ. ე-ს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 26 თებერვლიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. 2016 წლის 4 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ლ. ე-მ და მისმა ადვოკატმა ო. გ-მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულ ლ. ე-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის გაჩინებით მსჯავრდებულ ლ. ე-ა და მისი ადვოკატ ო. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ე-ს ადვოკატმა ო. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და მსჯავრდებულ ლ. ე-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელისაგან გათავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე და შეაჩერა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარდგინებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი მუხლის ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ლ. ე-ს ადვოკატ ო. გ-ს საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ ლ. ე-ს საქმესთან მიმართებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ ლ. ე-ს საქმესთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ წარდგინებაში სადავოდ გამხდარი მუხლის ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის შესაბამისად და ასევე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 თებერვლის განაჩენით ლ. ე-ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) უკანონო მოხმარებისათვის), პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ინტერესის გათვალისწინებით, მის მიმართ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონით დადგენილი შეღავათის გავრცელების მიზნით, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ე-ს ადვოკატ ო. გ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ე-ა და მისი ადვოკატ ო. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისა და განაჩენის გადასინჯვისათვის მსჯავრდებულ ლ. ე-ს სასჯელის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ე-ს ადვოკატ ო. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ე-ა და მისი ადვოკატ ო. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი