საქმე №89აგ-16 თბილისი
ა-ი გ. 89აგ-16 21 სექტემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით გ. ა-ი, - დაბადებული 19.. წლის 10 დეკემბერს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენზე.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ. ა-ს განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 21 აგვისტოდან.
5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ: გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ა-ს განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 21 აგვისტოდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენზე.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განაჩენით გ. ა-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით დადგენილ სასჯელს - 26 წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა წინა - თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით) დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 15 წლით, 5 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 41 წლით, 5 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს განესაზღვრა 40 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 16 მარტიდან.
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს გაუნახევრდა ამავე სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 16 მარტიდან.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მის მიმართ განაჩენების გადასინჯვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. ა-ს საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
11. 2016 წლის 21 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ა-მ და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, ვინაიდან მას დანაშაული ჩადენილი აქვს 19 წლის ასაკში.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ა-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
4. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე ვრცელდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მას შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 19.. წლის ….. დეკემბერს დაბადებულმა გ. ა-მ თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2008 წლის 14 აპრილს - სრულწლოვანმა, 20 წლის ასაკში, ასევე, ამავე სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2009 წლის 14 აგვისტოს - სრულწლოვანმა, 21 წლის ასაკში.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები, რომლებიც ეხება 18-დან 21 წლამდე ასაკის პირს, მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ ვერ გავრცელდება, ვინაიდან მოცემულ საქმეში მას მსჯავრი დაედო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში და საქმეზე სამართალწარმოება დამთავრებულია. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს იგი სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით.
7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ გ. ა-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
8. რაც შეეხება მსჯავრდებულის პრეტენზიას მისთვის სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობაზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე განაჩენების გადასინჯვის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 აგვისტოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განაჩენებით უკვე ნამსჯელია.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი