ას-83-416-09 13 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. დ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ხ-ძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა, ნივთის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. დ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ხ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ თავისი ბებიის _ ქ. დ-შვილის სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფისა და სახლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის ბებია-ბაბუას ეკუთვნოდათ ვანის რაიონის სოფელ სულორში მდებარე მიწის ნაკვეთი და ხის სახლი. ბაბუა ადრევე გარდაიცვალა, ხოლო ბებია _ ქ. დ-შვილი გარდაიცვალა 1974 წელს. ე. დ-შვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისში და მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდა სოფელში. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძა, მ. დ-შვილმა ბებიის დანატოვარი ქონება მიჰყიდა ა. ხ-ძეს. მოსარჩელე შეუთანხმდა ალ.ხ-ძეს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, გადაეტანა ხის სახლი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველოს ორგანოებში დაჰპირდნენ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფას, რაც არ შეუსრულებიათ. ალ.ხ-ძემ კი ე.დ-შვილის კუთვნილი ხის სახლი დაანგრია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ა. ხ-ძემ განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება შეიძინა მ. დ-შვილისაგან. მოსარჩელემ სთხოვა, ბებიის დანატოვარი სახლის გადატანა, რაც მან შეუსრულა. ე.დ-შვილმა მოიწონა სახლი, რომელსაც მხოლოდ სახურავის გადახურვა ესაჭიროებოდა, თუმცა მას შემდეგ სოფელში არ დაბრუნებულა. დიდთოვლობის დროს სახლი დაინგრა, რის შესახებაც მოსარჩელეს ასევე უშედეგოდ ეცნობა. ამდენად, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ვანის რაიონული სასამრთლოს 2008 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ე. დ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ მოცემული დავა ვალდებულების შესრულების ნაწილში წარმოიშვა 1980-84 წლებში, შესაბამისად, უნდა მოწერიგდეს 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის განმარტებაზე, რომ მისთვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე ცნობილი გახდა 1984 წელს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით და მიუთითა, რომ ე. დ-შვილმა სარჩელი აღძრა 24 წლის შემდეგ, რის გამოც მას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დარღვეული აქვს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში და ჩათვალა, რომ მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. დ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი, როდესაც მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ა. ხ-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სახლის გადატანა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხის კუთვნილებას დაადასტურებდა. სასამართლომ არასწორად აითვალა ხანდაზმულობის ვადა 1984 წლიდან, ვინაიდან საქმის განხილვისას ალ.ხ-ძის რძალმა განმარტა, რომ 1994 წელს სადავო სახლი ჯერ კიდევ არ იყო დანგრეული, თუმცა ვერც მოპასუხემ და ვერც მოწმეებმა ვერ დააფიქსირეს სახლის დანგრევის დრო. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ვანის რეგიონალური სამსახურმა უკანონოდ უთხრა უარი კასატორს მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და სახლის გადადგმის შესახებ დოკუმენტის დარეგისტრირებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით ე. დ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. დ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. დ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.