ას-8-363-07 26 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა –ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი –დ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ა. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დ. ხ-მ სარჩელი აღძრა ა. გ-ის წინააღმდეგ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 17 მაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეკუთვნა ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო მაღაზიის მიშენება-გაფართოება-რეკონსტრუკციისათვის 60მ მიწის ფართი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული. აღნიშნულ მიწის ფართზე მეზობლად მცხოვრებ მოპასუხეს უნებართვოდ აქვს აგებული ავტოფარეხი. მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ მიმართა მოპასუხეს მიწის ფართის გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხემ მისი მოთხოვნა არ შეასრულა.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მიწის ფართი გათავისუფლების დავალდებულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ავტოფარეხი განლაგებული არ იყო მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე. ასევე მოთხოვნა იყო ხანდაზმული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ავტოფარეხი მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე არ მდებარეობდა. ასევე ავტოფარეხი აგებული იყო მანამ სანამ მოსარჩელე მიწის ნაკვეთს შეიძენდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ხ-მ, მან აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ავტოფარეხი აიგო მიწის ნაკვეთის მის მიერ შეძენის შემდეგ და განლაგებულია მიწის ნაკვეთზე, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბერის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო საამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისში, ... ქ. 1 შესახვევის ¹...-ში მდებარე 60მ2 მიწის ფართობი წარმოადგენს აპელანტის საკუთრებას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დ. ხ-ის ქუთაისში ... ქ. 1 შესახვევი, ¹... საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ა. გ-ს ავტოფარეხი არ იმყოფება დ. ხ-ის საკუთრებაში. ასევე პალატამ მიიჩნია, რომ ა. გ-ი არ ფლობს აპელანტის კუთვნილ მიწის ნაკვეთს და მისი გამოთხოვაც შეუძლებელია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ხ-მ, სადაც აღნიშნავს, რომ მის საცხოვრებელ ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე 1992 წელში იჯარით აიღო 44მ2 მიწის ფართი სავაჭრო დანიშნულებისათვის, რომელიც 1999 წლის 15 ოქტომბერს აუქციონით გადაეცა კერძო საკუთრებაში 15მ2 მიწის ფართის დანამატით, რამაც შეადგინა 602,35მ და 1999 წლის 15 ოქტომბრის აუქციონის გადაწყვეტილებით, დაუმტკიცა 60მ2 მიწის ფართი. კერძო საკუთრებაში. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიც დაეყრდნდა ექსპერტის დასკვნა უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.