Facebook Twitter

ას-839-1053-08 4 ივნისი, 2009წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს “ .. ..”

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქუთაისის მერია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის პირველი აგვისტოს განჩინება

დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 27 თებერვალს ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს “ .. ..-ის” მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 99488 ლარის დაკისრება.

სს “ .. .-მა” სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა მერიის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა, მატერიალური ზიანის 3333 ლარის ანაზღურება და მისთვის მიყენებული მორალური ზიანისათვის ქუთაისის მერიისათვის პრესისა და ტელევიზიის საშუალების ბოდიშის მოხდის დავალდებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოს _ მერიის სარჩელი სს “ .. ..-ის” მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა, სს “ .. ..-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 99488 ლარის გადახდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა 2984,64 ლარის ოდენობით. სს “ .. ..-ის” შეგებებული სარჩელი ქ. ქუთაისის მერიის სარჩელზე წარმოების შეწყვეტის, ქ. ქუთაისის მერიისათვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის 3333 ლარის დაკისრებისა და მორალური ზიანისათვის პრესისა და ტელევიზიის საშუალებთ მისთვის ბოდიშის მოხდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის პირველი აგვისტოს განჩინებით სს “ ….-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილება. ქ. ქუთაისის მერიის შუამდგომლობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. ქუთაისის მერიის 1996 წლის 30 სექტემბრის ¹625 განკარგულებით სს “ .. ..ს” კუთვნილი შენობის სანაცვლოდ გადაეცა ყოფილი მაღაზია “ბავშვთა სამყაროს” შენობის ნაწილი და აღნიშნული შენობების ღირებულებათა სხვაობამ, რომელიც დადგენილ იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს “კ-ის” წარმომადგენელ თ. ქ-იას და სხვათა მიერ, სს “ .. ..-ის” კუთვნილ შენობაში ჩატარებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების გათვალისწინებით, შეადგინა 63000 ლარი, სააქციო საზოგადოების შენობის ღირებულება განისაზღვრა 249805 აშშ დოლარით, ხოლო ყოფილი მაღაზია “ბ-ს” ღირებულება კი 140072 აშშ დოლარით;

ქ. ქუთაისის მერიის 1996 წლის 30 სექტემბრის ¹625 განკარგულებით, ზემოაღნიშნულ ფასთა სხვაობა _ 63000 ლარი ქალაქ ქუთაისის მთავრობას სს “ .. ..-სათვის” უნდა გადაეხადა 1996 წლის ბოლომდე, რაზედაც მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება გადახდის პირობებთან დაკავშირებით. პირობის დარღვევის შემთხვევაში, ქ. ქუთაისის მერიას სს “ .. ..-სათვის” ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა გადასარიცხი თანხის 0,2%;

ქ. ქუთაისის მერიამ საზოგადოებას 1996 წლის 31 დეკემბრიდან 2002 წლის 28 სექტემბრამდე გადაურიცხა 107000 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 63000 ლარი დაფარა 2001 წლის 21 დეკემბრისათვის, ხოლო 2002 წელს გადარიცხა საურავების სახით დარიცხული 44000 ლარი.

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ქ. ქუთაისის მერიის განკარგულება, რომლითაც მათ შორის უძრავი ქონების გაცვლა მოხდა;

სასამართლომ საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2004 წლის 6 აგვისტოს ¹358/18 და იმავე წლის 24 აგვისტოს ¹406/15 ცნობებით დადგენილად მიიჩნია, რომ შენობათა გაცვლის მომენტში სს “ .. ..-ის” კუთვნილი შენობის რეალური ღირებულება შეადგენდა არა 249805 აშშ დოლარს, არამედ 194303 აშშ დოლარს, ხოლო ყოფილი მაღაზია “ბ-ს” შენობის ნაწილის ღირებულება კი _ 188341 აშშ დოლარს და არა 140072 აშშ დოლარს. შესაბამისად, ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს 2006 წლის პირველი სექტემბრის ¹688-ე დასკვნის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიას სს “ .. ..-სათვის” ზედმეტად გადახდილი ჰქონდა 99488 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 99488 ლარის გადახდის ვალდებულება ქ. ქუთაისის მერიას არ გააჩნდა და მისი გადახდა გამოწვეული იყო აწ გარდაცვლილი თ. ქ-იას მიერ ქონების არასწორი შეფასებით, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ .. ..-ის” მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო გამდიდრებას;

სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი.

საქმეში არსებული 2006 წლის 26 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, რომლითაც შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირის თ. ქ-იას გარდაცვალების გამო, დადასტურებულ იქნა, რომ ქ. ქუთაისის მერიას ქუთაისის ადგილობირვი ბიუჯეტიდან სს “ .. ..-ის” სასარგებლოდ 1996 წლის 31 დეკემბრიდან 2002 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში უკანონოდ ჰქონდა გადარიცხული 99488 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს “ .. ..-ის” წარმომადგენლის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, უფლების დარღვევის შესახებ ქ. ქუთაისის მერიამ შეიტყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2004 წლის 6 აგვისტოსა და იმავე წლის 24 აგვისტოს ცნობების შემდეგ, ხოლო სარჩელი აღძრა 2007 წლის 27 თებერვალს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 129-130 მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საზოგადოების მოსაზრება უსაფუძვლო იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის პირველი აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. ქუთაისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ქუთაისის მერიის სარჩელი ისე დააკმაყოფილა, რომ სარცელს არ ახლად არანაირი მტკიცებულება, რომელიც სს “ .. ..-ის” მხრიდან უსაფუძვლო გადიდრებას დაადასტურებდა;

კასატორის აზრით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, ვინაიდან როგორც თავად აღნიშნა, მხარეები ქუთაისის მერიის 1996 წლის 30 სექტემბრის ¹625 განკარგულებას სადავოდ არ მიიჩნევდნენ, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 63000 ლარის გადახდა მერიის მხრიდან სს .. ..-ის” სასარგებლოდ მოხდა ნამდვილი გარიგების საფუძველზე;

კასატორი საეჭვოდ მიიჩნიევს იმ გარემოებასაც, რომ შემფასებელი კომისიის 11 წევრიდან პასუხისგებაში მხოლოდ გარდაცვლილი თ. ქ-ია იქნა მიცემული, ხოლო კომისიის ცოცხალი წევრები არავის დაუკითხავს, შესაბამისად, კასატორი გაუგებრად თვლის იმის მტკიცებას, რომ შენობების ღირებულებები არასწორად იქნა დაანგარიშებული.

გარდა ამისა, კასატორის აზრით, გარიგება ხელშემკვრელ მხარეებს შორი იდება თავისუფლად და მერიის მიერ დანიშნული კომისიის შეფასებას მნიშვნელობა ჰქონდა თავად აღმასრულებელი ორგანოსათვის, მაგრამ ვინაიდან სს “ .. ..” თავად წყვეტდა თუ რა ღირებულების სანაცვლოდ უნდა დეთმო თავისი კუთვნილი შენობა, არასწორ შეფასებაზე და უსაფუძვლო გამდიდრებაზე მსჯელობა სასამართლოს მხირდან, ყოველგვარ სამართებრივ და ფაქტობრივ საფუძველს იყო მოკლებული.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 72-ე და 79-ე მუხლები და გამოიყენა კანონი, რომელის არ უნდა გამოეყენებინა, მაშინ, როდესაც ხანდაზმულად არ მიიჩნია, მერიის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო სასარჩელო მოთხოვნა, რაც საფუძველი გახდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს „ .. ..-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვა ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების უპირველესი ფუნქციაა კრედიტორის ადრინდელ ქონებრივ მდგომარეობაში აღდგენის სამართლებრივი უზრუნველყოფა ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ნიშნავს შემძენის ქონების გაზრდას სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი შეიცავს სხვის თვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნების საფუძვლების ჩამონათვალს, კერძოდ ქონების უკან გამოთხოვა შესაძლებელია თუ ვალდებულება ფაქტობრივად არ არსებობს ან გარიგება გაბათილებულია და არარსებულად ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის მერიის მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა არსებობდა თუ არა ყველა ის სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენებისათვის. სააპელაციო სასამართლომ კი ერთის მხრივ აღნიშნა, რომ ქუთაისის მერიამ 1996 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადა მოპასუხეს თანხა, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა, რომ ქუთაისის მერიას თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნული დასკვნები ურთიერთგამომრიცხავია და იმდენად დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

რაც შეეხება სს „ .. ..-ის“ შეგებებულ სარჩელს, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ ნაწილში საერთოდ არ განუხილავს სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად ამ მიმართებითაც შეუძლებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული მითითებების გათვალისწინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება „ .. ..-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას;

სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.