Facebook Twitter

საქმე №96აგ-15 2 დეკემბერი, 2016 წელი

წ-ე გ, 96აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატის – მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის განაჩენით გ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ გ. წ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, გ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატ დ. ჩ-ისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2015 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატმა მ. ჯ-მა, რომელმაც წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა მსჯავრდებულ გ. წ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა დაუშვებელ მტკიცებულებებს, როგორიცაა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ჭ-ისა და ლ. ლ-ის ირიბი ჩვენებები, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორის აზრით, ნ. ჭ-ის ჩვენება სიტყვასიტყვით იმეორებს ნ. ჯ-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო ლ. ლ-ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი ამბობს, რომ თითქოსდა გ. წ-ემ მათ უთხრა, ,,დავიღუპეთ, დანა დავარტყი გ-ო“, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

6. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შუამდგომლობის ავტორს ახალი გარემოების სახით წარმოდგენილი აქვს ბიოლოგიური ექსპერტიზის №-, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №- და ქიმიური ექსპერტიზის №- №- დასკვნები, ასევე შპს „სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ გაცემული წერილი, რაც, მისი აზრით, ერთობლიობაში ადასტურებს მსჯავრდებულ გ. წ-ის უდანაშაულობას.

7. შუამდგომლობის ავტორს ასევე მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას და განაჩენის გამოტანისას უხეშად დაარღვია სსსკ–ის 540–ე მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნები (საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის წესი).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატის - მ. ჯ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

9. მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატი მ. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმებას, მისი შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას იმ საფუძვლით (სხვა საფუძვლებთან ერთად), რომ განაჩენი გ. წ-ის მიმართ გამოტანილია ირიბი ჩვენებების საფუძველზე. ადვოკატი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაუშვებელი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატის – მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: ,,გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინება არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად იმ მოტივით, რომ მოცემული წარდგინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, უზენაესი სასამართლო ითხოვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეექმნა ფაქტობრივი საფუძვლები საქმისწარმოების განახლებისათვის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატის – მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) და ,,ზ“ (წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო) ქვეპუნქტების შესაბამისად.

2. საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად კასატორი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გ. წ-ის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.

4. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე კასატორის პოზიციას განაჩენის საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის თაობაზე (იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის №-, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №- და ქიმიური ექსპერტიზის №- №- დასკვნები, ასევე შპს „ს-- -- -- ის“ მიერ გაცემული წერილი ერთობლივად ადასტურებს მსჯავრდებულ გ. წ-ის უდანაშაულობას), ვინაიდან, პირველ ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებში მოთავსებულია გამომძიებლის 2007 წლის 14 ნოემბრის დადგენილება კომპლექსური - ბიოლოგიური, მიკრონაწილაკების, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური და ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ასევე, ოქმი ბრალდებულისთვის ექსპერტიზის დანიშვნის გამოცხადების შესახებ (რომლის თანახმადაც ბრალდებულ გ. წ-ეს გამომძიებელმა გააცნო მითითებული დადგენილება). შესაბამისად, დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ არ დაურთო საქმეს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები, ეს ბრალდების მხარის გადასაწყვეტი იყო. ის გარემოება, რომ დაცვის მხარეს სურდა მითითებული ექსპერტიზის დასკვნების მოპოვება, მაგრამ ობიექტურად ვერ მოახერხა ეს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთანავე, პალატა მიუთითებს, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც დაცვის მხარემ დაურთო წარმოდგენილ შუამდგომლობას, არც პირდაპირ და არც სხვა გარემოებებთან ერთად არ დასტურდება მსჯავრდებულის უდანაშაულობა, ვინაიდან ის გარემოება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა გარდაცვლილის სისხლი, ასევე, ზუსტად ვერ დადგინდა, თუ რომელი დანით იქნა მოკლული დაზარალებული და ბრალდებულისა და დაზარალებულის ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა ურთიერთგარდამავლი ბოჭკოს მიკრონაწილაკები, - არ გამორიცხავს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას.

5. რაც შეეხება შპს „ს-- -- --ის“ მიერ გაცემული წერილს, რომელშიც მითითებულია, რომ 2007 წლის 11-12 ნოემბერს მოქალაქე გ. ჭ-ისთვის თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში, სამედიცინო ბრიგადის გამოძახება დაფიქსირებული არ არის, რის საფუძველზეც კასატორს მიაჩნია, რომ დასტურდება მოწმეების - ნ. ჯ-ის (-), ნ. ჯ-ის (-) და ი. ჯ-ის მიერ ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტი, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან ხსენებულ მოწმეებს არ დაუფიქსირებიათ თავიანთ ჩვენებებში, რომ მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება გ. ჭ-ისთვის; ხოლო რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, პალატა მიუთითებს, რომ მათი ჩვენებები საქმის არსებითი განხილვის შედეგად შეაფასა სამივე ინსტანციის სასამართლომ, ხოლო მათი ხელახალი შეფასების სამართლებივი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

6. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება განაჩენის გადასინჯვის შესახებ იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დაუმძიმა სასჯელი გ. წ-ეს, ვინაიდან კასატორის მითითება საკანონმდებლო ნორმის არასწორად გამოყენების თაობაზე არ წარმოადგენს განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ საფუძველს. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარმოებას, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე შეტანილ საკასაციო საჩივარშიც, შესაბამისად, საკასაციო პალატას ეს საკითხი შეფასებული აქვს.

7. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატის – მ. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატის – მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. წ-ის ადვოკატის – მ. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე