Facebook Twitter

№96აგ-16 27 სექტემბერი, 2016 წელი

ა-ი ა. 96აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე, (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ა. ა-ს შორის 2013 წლის 3 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 55–ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 2 წელი სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მსჯავრდებულ ა. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 27 აგვისტოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის - ბ. ც-ს წარდგინება დაკმაყოფილდა. ა. ა-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და აღსრულდა დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

მსჯავრდებული ა. ა-ი დააკავეს 2016 წლის 21 თებერვალს.

2015 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. მ-მ, რომელმაც საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინების გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევდა იმ ფაქტს, რომ ვინაიდან ა. ა-ი და მისი ოჯახი განიცდიდნენ უკიდურეს გაჭირვებას, პრობაციის სამსახურიდან ნებართვის მიღების შემდეგ (სამი თვის თანხის გადახდის საფასურად), ის იტალიაში გაემგზავრა, სადაც 2014 წლის 21 დეკემბერს გადამოწმების მიზნით დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებული მკურნალობდა და უსახსრობის გამო ვერ შეძლო საქართველოში დაბრუნება. აღნიშნული ინფორმაცია კი ცნობილი არ იყო განჩინების გამომტანი სასამართლოსთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რაც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, გამოვლენილი არ ყოფილა.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ 2015 წლის 5 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა არა პირის ბრალეულობაზე ან არაბრალეულობაზე, არამედ - კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსასრულებლად მიქცევაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი