Facebook Twitter

საქმე №97აგ-16 7 ოქტომბერი, 2016 წელი

ა. ი., 97აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ი. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ა-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 3 სექტემბრიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ი. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა განხილული კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

4. 2015 წლის 14 დეკემბერს მსჯავრდებულმა ი. ა-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენები შეიცვალა: მსჯავრდებული ი. ა. გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე მოსახდელად განესაზღვრა წინა – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული და მოუხდელი სასჯელიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 3 სექტემბრიდან. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – მსჯავრდებული ი. ა. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს გაუქმებული განაჩენის „გაცოცხლებას“; ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „გააცოცხლა“ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენი, რომელიც გაუქმებული იყო ამავე სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით. ფაქტობრივად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანონის უკუძალა გამოიყენა მსჯავრდებულის საუარესოდ, რადგან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა რეალურად მოსახდელად, მაშინ, როდესაც ეს განაჩენი გაუქმებული იყო, ხოლო სასჯელი – შთანთქმული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ი. ა. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენის გაუქმებას სასჯელის დანიშვნის ნაწილში და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ პირობითი მსჯავრის ,,გაცოცხლება“ არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმის გამო, რომ ი. ა-ემ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, გააუქმოს მის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სასჯელი განუსაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას და უფრო დიდი სასჯელისაგან გათავისუფლება მსჯავრდებულს ავტომატურად არ ათავისუფლებს შთანთქმული სასჯელისგანაც. ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. ა-თვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოსახდელად განსაზღვრის ნაწილში შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე