ას-841-1154-07 26 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “-- -- --” ლიკვიდატორი მ. ტ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ღ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
2005 წლის 28 დეკემბერს სს „-- -- --“ ლიკვიდატორმა გ. გ-მა სარჩელი შეიტანა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ლ. ღ-ს მიმართ და მოითხოვა ბანკის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 240 875 ლარის დაკისრება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „-- -- --“ ლიკვიდატორ გ. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და გაუქმებულ იქნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2007 წლის 7 მაისს საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სს „-- -- --“ ლიკვიდატორ მ. ტ-ს მიერ, რომელმაც მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით სს „-- -- --“ ლიკვიდატორ მ. ტ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2007 წლის 9 ივლისს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2007 წლის 5 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „-- -- --“ ლიკვიდატორმა მ. ტ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სს “-- -- --” ლიკვიდატორ მ. ტ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “-- -- --” ლიკვიდატორმა მ. ტ-მა. მან აღნიშნა, რომ ობიექტური გარემოების გამო ვერ გამოცხადდა ბანკის წარმომადგენლი სასამართლო სხდომაზე, კერძოდ, ქალაქ თბილისის ... მიერ წარმოდგენილ იქნა ბრძანებები ბანკის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ, რამაც მოახდინა ბანკის საქმიანობის მთლიანად პარალიზება.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს “-- -- --” ლიკვიდატორ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „-- -- --“ 2007 წლის 19 აპრილის სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული დასტურდება უწყების ჩაბარების დასტურით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „-- -- --“ წარმომადგენლი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილს დანიშნულ სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა იმის გამო, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება ¹... ბანკმა მიიღო 2007 წლის 16 თებერვალს, ხოლო 2007 წლის 15 თებერვლის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ ბრძანება ¹ქი/774 კი 2007 წლის 20 თებერვალს და აღნიშნულის გამო ვერ გამოცხადდა პროცესზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს 2007 წლის 19 აპრილს დანიშნულ სხდომაზე ხელშემშლელ მიზეზს, შესაბამისად, აღნიშნული ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 233-ე მუხლით დადგენილი სს „-- -- --“ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მხარეს სასამართლოსათვის სხდომის დღეს ან მანამდე არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილი იყო, მოსარჩელე სს „-- -- --“ გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სს “-- -- --” გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სს “-- -- --” სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “-- -- --” ლიკვიდატორ მ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.