ას-842-1056-08 31 მარტი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. მ-ძე (წარმომადგენელი ე. ბ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ა. ყ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ რეალური წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 14 ივნისს ე. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. ყ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდრო ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა, 2005 წლის მიუღებელი სარგებლის _ 1500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება და სარიტუალო დარბაზის მოწყობილობის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
მოსარჩელის მითითებით, იგი 1978 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ უ. ყ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებმა ააშენეს საცხოვრებელი სახლი და შეიძინეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. უ. ყ-ძე 2005 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მან შეადგინა შინაურული ანდერძი და მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა მოსარჩელეს. 2005 წლის 1 აგვისტოს უ. ყ-ძემ შეადგინა იმავე შინაარსის სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონების _ 269,9 კვ.მეტრი საერთო საცხოვრებელი სასარგებლო ფართის მქონე საცხოვრებელი სახლისა და 2500 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1\2 ნაწილი, ხოლო 1\2 ნაწილი სავალდებულო წილის სახით მიიღო უ. ყ-ძის შვილმა – ა. ყ-ძემ. Mმოსარჩელის განცხადებით, იგი დღემდე ვერ სარგებლობს თავისი კუთვნილი ქონებით, აწ გარდაცვლილი მეუღლის ნათესავების მხრიდან ხელშეშლის გამო. ა. ყ-ძე მთლიანად სარგებლობს მიწის ნაკვეთზე მოწყობილი მანდარინისა და სიმინდის მოსავლით (ს.ფ.1-2).
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ე. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ე. მ-ძეს უ. ყ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან – ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2006 წლის 20 ოქტომბრის ¹1749\5 დასკვნაში ნაჩვენები ვარიანტით საკუთრებაში გამოეყო აზომვით ნახაზზე აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული ¹1, ¹5, ¹2 ოთახები და პირველ სართულზე განთავსებული ¹7 ოთახი. ამასთან, პირველ სართულზე მდებარე ფართი განაწილდა თანაბარწილად და მოსარჩელე ე. მ-ძისათვის გამოყოფილი, აზომვით ნახაზზე ნაჩვენები ¹7 ოთახის სიგანე განისაზღვრა 5.30 მეტრით. მოსარჩელე ე. მ-ძეს გამოეყო 1100 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სახლის გვერდითა და სახლის უკანა მხარეს მიკუთვნებული ოთახების გასწვრივ, ხოლო მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, აივანი და ეზოს წინა მხარე ჭიშკრიდან სახლამდე, საერთო ფართით 300 კვ.მ დარჩა საერთო სარგებლობაში. ე. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი სარგებლის ანაზღაურებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე 265,9 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართის საცხოვრებელი სახლისა და დაუზუსტებელი 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა აწ გარდაცვლილი უ. ყ-ძე. საქმეში არსებული სამკვიდრო მოწმობით დგინდებოდა, რომ ე. მ-ძე არის უ. ყ-ძის ანდერძისმიერი მემკვიდრე, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონების 265,9 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართის საცხოვრებელი სახლისა და 2500 კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 1\2 ნაწილი, მდებარე ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა რეალური წილის გამოყოფის შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოსარჩელისათვის რეალური წილის გამოყოფა მოხდა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში ნაჩვენები ვარიანტის მიხედვით (ს.ფ.45-47). ე. მ-ძის მოთხოვნა მიუღებელი სარგებლის სახით 1500 ლარის ანაზღაურებისა და მოპასუხის მფლობელობიდან სარიტუალო დარბაზის მოწყობილობის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის გამო (ს.ფ.89-94).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ა. ყ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, მისთვის სადავო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ¹1, ¹5, ¹2 და პირველ სართულზე ¹7 ოთახების მიკუთვნება (ს.ფ. 97-106).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ყ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ე. მ-ძის სარჩელი უ. ყ-ძის დანაშთი სამემკვიდრეო ქონებიდან რეალური წილის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
Pსააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ე. მ-ძისათვის რეალური წილის გამოყოფის შესახებ, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, არასწორია, რადგან რეალური წილის გაყოფის ამ ვარიანტის გაზიარებით ა. ყ-ძეს მისი კუთვნილი წილიდან სახლის მეორე სართულზე გამოყო 9 კვ.მეტრით ნაკლები, რითაც ილახება მისი საკუთრების უფლება. მართალია, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა. ყ-ძისათვის სახლის პირველ სართულზე მეტი ფართის გამოყოფის შესაძლებლობით ნაწილობრივ კომპენსირდება მისთვის გამოსაყოფი რეალური წილის ოდენობა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი წილი 3,35 კვ.მეტრით ნაკლები რჩება იდეალურ წილზე. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის პირველი სართული წარმოადგენს ერთიან სივრცეს, მას არ აქვს საცხოვრებელი ფართის დანიშნულება, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დამხმარე სათავსოს სახით. კუთვნილი იდეალური წილის შევსებით დამხმარე ფართის ხარჯზე მხარე დაინტერესებული არ არის.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სადავო სახლთმფლობელობის გაყოფა ორ იზოლირებულ ნაწილად ტექნიკური ნორმების დაცვით შეუძლებელია ისე, რომ არ მოხდეს ერთ-ერთი მხარის საკუთრების უფლების ხელყოფა, ან არ შემცირდეს მისი წილის ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. Aამავე კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვისა და ამონაგების განაწილებით.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო სახლის და ეზოს გაყოფა ტექნიკურად შეუძლებელია, ხოლო ექსპერტიზის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს მოპასუხე ა. ყ-ძე არ ეთანხმება, შესაბამისად, რეალური წილის გამოყოფის შესახებ, ე. მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს (ს.ფ. 166-173).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მისთვის უ. ყ-ძის სამკვიდრო ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა საქმეში წამოდგენილი იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2006 წლის 20 ოქტომბრის ¹1749/5 დასკვნის შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ე. მ-ძე მეუღლის გარდაცვალების დღიდან ვერ სარგებლობს მემკვიდრეობით მიღებული ქონებით, იძულებით ცხოვრობს სხვა მისამართზე, მოპასუხე ერთპიროვნულად სარგებლობს საზიარო ქონებით, იღებს ყოველწლიურ შემოსავალს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს კასატორის მოთხოვნას ქონების რეალურად გაყოფის შესახებ და სამკვიდრო ქონებას კვლავ საზიარო საკუთრებად დატოვებს, კასატორს არ ექნება კუთვნილი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა.
კასატორის მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ქონების გაყოფის წესს, მას ნაწილობრივ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა და საზიაროდ დაეტოვებინა მხოლოდ ის ქონება, რომლის გაყოფასაც შეუძლებლად მიიჩნევდა (ს.ფ. 182-190).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის სხდომაზე ე. მ-ძის საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:
1. მე, ე. მ-ძე, რომელსაც ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში საკუთრების უფლებით გამაჩნია საცხოვრებელი სახლის (საერთო სასარგებლო ფართით 265,9 კვ.მ) და 2500 (ორი ათას ხუთასი) კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1\2 ნაწილი, თანახმა ვარ, აღნიშნული ქონება, 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით გადავცე აღნიშნული ქონების 1\2-დი ნაწილის მესაკუთრეს _ ა. ყ-ძეს.
2. მე, ა. ყ-ძე, თანახმა ვარ, ე. მ-ძის სასარგებლოდ გადავიხადო 15 000 ლარი და თანხის მთლიანად გადახდის შემთხვევაში საკუთრების უფლებით მივიღო ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ე. მ-ძის 1/2½ნაწილი. აღნიშნული მორიგების აქტის საფუძველზე ვკისრულობ ვალდებულებას, 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარში, მორიგების აქტის შედგენის მდგომარეობით არსებული კურსით, ე. მ-ძის სასარგებლოდ გადავიხადო ნაწილ-ნაწილ ან მთლიანად ერთად, ოთხი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2013 წლის 31 მარტამდე.
3. განსაზღვრულ ვადაში თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, მხარეები ვდებთ შეთანხმებას, რომ აღნიშნული მორიგების აქტისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ა. ყ-ძე დარეგისტრირდეს ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე უძრავი ქონების 1\2-დი ნაწილის (რომელიც ირიცხება ე. მ-ძის საკუთრებად), მესაკუთრედ.
4. იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის 31 მარტამდე 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი მთლიანად არ იქნება დაფარული, მხარეები (ე. მ-ძე და ა. ყ-ძე) ვთანხმდებით, რომ ჩვენი საერთო (საზიარო) საკუთრება გაუქმდეს ქონების ნატურით გაყოფის გზით და წილები გადანაწილდეს შემდეგი ფორმით, კერძოდ, მე, ე. მ-ძეს მომეკუთვნოს ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან – საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული ¹1 (37.0 კვ.მ) და ¹5 (28.0 კვ.მ) ოთახი და პირველ სართულზე განთავსებული ¹7 ოთახი. ამასთან, პირველ სართულზე მდებარე ფართი განაწილდეს თანაბარწილად _ ¹7 ოთახის სიგრძე განისაზღვროს 5.30 მეტრით. ასევე მომეკუთვნოს 1100 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სახლის გვერდითა და სახლის უკანა მხარეს მიკუთვნებული ოთახების გასწვრივ, ხოლო მეორე სართულზე ასავლელი კიბე, აივანი და ეზოს წინა მხარეს ჭიშკრიდან სახლამდე, საერთო ფართი 300 კვ.მეტრი დარჩეს საერთო სარგებლობაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული ¹2 (16.6 კვ.მ), ¹3 (37,7 კვ.მ), ¹4 (6.6 კვ.მ) და ¹6 (19.3 კვ.მ) ოთახი და პირველ სართულზე განთავსებული ¹8 ოთახი მომეკუთვნოს მე, ა. ყ-ძეს, ასევე 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახლის გვერდითა და სახლის უკანა მხარეს მიკუთვნებული ოთახების გასწვრივ.
მხარეები ასევე ვთანხმდებით, რომ აღნიშნული ფორმით მოხდეს უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაცია.
5. მხარეები ასევე ვთანხმდებით იმის შესახებ, რომ, თუ 2013 წლის 31 მარტისთვის 15 000 ლარი სრულად არ იქნება დაფარული, რაც გამოიწვევს თანხის გადახდის ნაწილში შეთანხმების გაუქმებას, ა. ყ-ძეს დაუბრუნდეს ე. მ-ძის სასარგებლოდ იმ დროისთვის გადახდილი ყველა თანხა.
6. მხარეები _ ე. მ-ძე და ა. ყ-ძე თანახმა ვართ, მორიგების აქტი დამტკიცდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით და შეწყდეს ჩვენს შორის არსებული ქონებრივი დავა. ასევე გაცნობიერებული გვაქვს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მორიგების აქტში მითითებულ თანხაში _ 15 000 ლარში იგულისხმება 15 000 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარი მორიგების აქტის შედგენის _ 2009 წლის 31 მარტის მდგომარეობით არსებული კურსით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. ე. მ-ძე, რომელსაც ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში საკუთრების უფლებით გააჩნია საცხოვრებელი სახლის (საერთო სასარგებლო ფართით 265,9 კვ.მ) და 2500 (ორი ათას ხუთასი) კვ.მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1\2-დი ნაწილი, თანახმაა, აღნიშნული ქონება 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარის, მორიგების აქტის შედგენის მდგომარეობით არსებული კურსით, სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით გადაცეს აღნიშნული ქონების 1\2 ნაწილის მესაკუთრეს _ ა. ყ-ძეს.
2. ა. ყ-ძე აღნიშნული მორიგების აქტის საფუძველზე კისრულობს ვალდებულებას, 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარში, მორიგების აქტის შედგენის მდგომარეობით არსებული კურსით, ე. მ-ძის სასარგებლოდ გადაიხადოს ნაწილ-ნაწილ ან მთლიანად ერთად, ოთხი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2013 წლის 31 მარტამდე.
3. განსაზღვრულ ვადაში თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული მორიგების აქტისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ა. ყ-ძე დარეგისტრირდეს ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე უძრავი ქონების 1\2 ნაწილის (რომელიც ირიცხება ე. მ-ძის საკუთრებად) მესაკუთრედ.
4. იმ შემთხვევაში, თუ 2013 წლის 31 მარტამდე 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი მთლიანად არ იქნება დაფარული, მხარეები (ე. მ-ძე და ა. ყ-ძე) თანხმდებიან, რომ მათი საერთო (საზიარო) საკუთრება გაუქმდეს ქონების ნატურით გაყოფის გზით და წილები გადანაწილდეს შემდეგი ფორმით, კერძოდ, ე. მ-ძეს მიეკუთვნოს ქობულეთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან – საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული ¹1 (37.0 კვ.მ) და ¹5 (28.0 კვ.მ) ოთახი და პირველ სართულზე განთავსებული ¹7 ოთახი. ამასთან, პირველ სართულზე მდებარე ფართი განაწილდეს თანაბარწილად _ ¹7 ოთახის სიგრძე განისაზღვროს 5.30 მეტრით. ასევე მიეკუთვნოს 1100 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სახლის გვერდითა და სახლის უკანა მხარეს მიკუთვნებული ოთახების გასწვრივ, ხოლო მეორე სართულზე ასავლელი კიბე, აივანი და ეზოს წინა მხარეს ჭიშკრიდან სახლამდე, საერთო ფართი 300 კვ.მეტრი დარჩეს საერთო სარგებლობაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული ¹2 (16.6 კვ.მ), ¹3 (37,7 კვ.მ), ¹4 (6.6 კვ.მ) და ¹6 (19.3 კვ.მ) ოთახი და პირველ სართულზე განთავსებული ¹8 ოთახი მიეკუთვნოს ა. ყ-ძეს, ასევე 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახლის გვერდითა და სახლის უკანა მხარეს მიკუთვნებული ოთახების გასწვრივ.
მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ აღნიშნული ფორმით მოხდეს უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაცია.
5. მხარეები თანხმდებიან იმის შესახებ, რომ, თუ 2013 წლის 31 მარტისთვის 15 000 ლარის ეკვივალენტი აშშ დოლარში, მორიგების აქტის შედგენის მდგომარეობით არსებული კურსით, სრულად არ იქნება დაფარული, რაც გამოიწვევს თანხის გადახდის ნაწილში შეთანხმების გაუქმებას, ა. ყ-ძეს დაუბრუნდეს ე. მ-ძის სასარგებლოდ იმ დროისთვის გადახდილი თანხა.
მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, შეწყდეს საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანცის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
ე. მ-ძეს დაუბრუნდეს ე. ბ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.