Facebook Twitter

ბს-1005-591-კ-05 16 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 7 ივნისს თ. ფ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის მიმართ მარტვილის აგრო-ეკონომიკური ტექნიკუმის დირექტორის 2004წ. 1 მარტის ¹25 ბრძანების გაუქ მების, 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 1500,87 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ 1989-2003 წლებში მუშაობდა მარტვილის რ-ის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ...ად, საიდანაც 2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა და დარჩა ...ად, ვინაიდან მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, ვერ შესძლებდა დირექტორის შრომატევადი მოვალეობის შესრულებას. იმავე ტექნიკუმში მასწავლებლად მუშაობდა მისი მეუღლე ე. კ-ც.

მოსარჩელის განმარტებით, 2004წ. აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც მივიდა ტექნიკუმში, გაიგო, რომ იგი და მისი მეუღლე გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან. მიუხედავად მისი მრავალი მოთხოვნისა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაიბარა სამი კვირის დაგვიანებით, რისი გაცნობის შემდეგ მოითხოვა სხდომის ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას. მოსარჩელის მითითებით, კრების ჩატარების დღეს იგი იმყოფებოდა მარტვილში, მაგრამ კრების შესახებ არავის გაუფრთხილებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო, ვინაიდან საერთო კრება, რომლის საფუძველზეც დისციპლინური სახდელი დაადეს, საერთოდ არ ყოფილა მიწვეული. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, დირექტორის მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, ის, რომ იგი არის დაავადებული, აქვს შაქრიანი დიაბეტი და ჰყავს მძიმედ დაავადებული არასრულწლოვანი შვილი.

მოპასუხე მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის დირექტორმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თ. ფ-მ მეუღლე ე. კ-ესთან ერთად თვითნებურად მიატოვა ტექნიკუმი. თ. ფ-ა 2003წ. 1 სექტემბერს გამოცხადდა რა ტექნიკუმში, სასწავლო ნაწილის გამგეს გადასცა განცხადება, რომლითაც ითხოვდა 5 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო მეუღლის 1 სექტებრიდან 1 დეკემბრამდე გათავისუფლებას, თუმცა 2004წ. აპრილის შუა რიცხვებამდე ტექნიკუმში არ გამოცხადებულა. მანამდე, 2004წ. 26 იანვარს მათ გაეგზავნათ გაფრთხილებები, 2004წ. 17 თებერვალს გამოეცხადათ საყვედური ¹48 ბრძანებით, ხოლო 1 მარტს გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ამდენად, მოპასუხის მითითებით, ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იყო კანონიერი.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის დირექტორის 2004წ. 1 მარტის ¹25 ბრძანება და თ. ფ-ა აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე მასწავლებლად, მასვე აუნაზღაურდა დათხოვნის დღიდან იძულებითი განაცდური და 1998-2000წწ. მიუღებელი ხელფასი 413,80 ლარის ოდენობით, ხოლო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან თ. ფ-სთვის დისციპლინური სასჯელის დადების დროს დაირღვა შკკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან მოსარჩელისთვის დისციპლინური სახდელის დადების დროს არ ჩამოურთმევიათ ახსნა-განმარტება, ასევე, დაირღვა მითითებული კოდექსის 137-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ბრძანებას, იმ მუშაკს, რომელსაც დაედო სასჯელი, გამოუცხადებენ (შეტყობინება) ხელწერილის ჩამორთმევით, ასეთი ხელწერილი კი საქმეში არ მოიპოვებოდა.

სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ისე გამოიტანა ბრძანება გათავისუფლების შესახებ, რომ არ გამოუკვლევია, თუ რა მიზეზით იყო გამოწვეული მოსარჩელის გამოუცხადებლობა.

რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აგროეკონომიკური ტექნიკუმის დირექტორმა.

სააპელაციო საჩივრით აპელანტი მოითხოვდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას თ. ფ-ს სამუშაოზე აღდგენის შესახებ და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, იმაზე მითითებით, რომ თ. ფ-ს ტექნიკუმში სამსახურებრივი მოვალეობა არ შეუსრულებია 2003წ. აპრილიდან 2004წ. 1 მარტამდე, ე.ი. გათავისუფლებამდე და არც თავისი მძიმე ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი წარმოუდგენია.

ხოლო, რაც შეეხება საყვედურის არჩაბარების ფაქტს, აპელანტის მითითებით, იგი გამოკრული იყო თვალსაჩინო ადგილას და ამის შესახებ ცნობილი იყო ყველასათვის. თ. ფ-ს ბრძანება ვერ ჩაჰბარდებოდა, ვინაიდან დაუდგენელი იყო მისი ადგილსამყოფელი, იგი წასული იყო რაიონიდან და მისი იმჟამინდელი მისამართი აპელანტისათვის ცნობილი არ იყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის დირექტორ ხ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის დირექტორის 2004წ. 1 მარტის ¹25 ბრძანების გაუქმებისა და თ. ფ-ს დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში; თ. ფ-ს სასარჩელო განცხადება მისი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 25 მარტის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება თ. ფ-ს სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქმის ხელმეორედ განხილვის შემდეგ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. ფ-ს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, თ. ფ-ს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ფ-ს 2003წ. 21 ოქტომბერს გამოეცხადა საყვედური შკკ-ის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ ქვეპუნქტით, ხოლო 2004წ. 17 თებერვალს _ სასტიკი საყვედური ტექნიკუმში გამოუცხადებლობის გამო. მიუხედავად ამისა, თ. ფ-ა კვლავ არ ცხადდებოდა სამუშაოზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ბრძანება თ. ფ-ს გათავისუფლების თაობაზე და განმარტა, რომ შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, ან მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ფ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მის მიმართ საერთო კრების მიერ დისციპლინური სასჯელის გამოყენება უკანონოა, ვინაიდან შკკ-ის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინურ სასჯელს იყენებს ის ორგანო, რომელსაც უფლება აქვს, სამსახურში მიიღოს ეს მუშაკი. ასეთი უფლებამოსილება საერთო კრებას არ ჰქონდა.

კასატორი მიუთითებს, რომ შკკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დისციპლინური სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს მოეთხოვება წერილობითი ახსნა-განმარტება, ხოლო ამავე მუხლის საფუძველზე დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ ბრძანება გამოეცხადება მუშაკს ხელწერილის ჩამორთმევით. თ. ფ-ს განმარტებით, მისი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის დროს იგი არ მიუწვევიათ საერთო კრების სხდომაზე და არც გამოყენებული დისციპლინური სასჯელის თაობაზე უცნობებიათ რაიმე.

კასატორი განმარტავს, რომ მას 2004წ. 17 თებერვლის კრების ოქმით გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ხოლო 2004წ. 1 მარტს იმავე დარღვევისათვის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, რაც დაუშვებელია, ვინაიდან შკკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს ერთი და იმავე დარღვევისათვის ორი სასჯელის გამოყენებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, სასამართლოს მიერ კი დადგენილია შემდეგი:

1989-2003 წლებში თ. ფ-ა მუშაობდა მარტვილის რ-ის აგროეკონომიკური ტექნიკუმის ...ად. საქართველოს განათლების მინისტრის 2003წ. 21 ოქტომბრის ¹99/კ ბრძანებით თ. ფ-ა პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ტექნიკუმის დირექტორის თანამდებობიდან, სადაც მუშაობა გააგრძელა მასწავლებლად. 2004წ. 16 იანვრიდან ტექნიკუმის დირექტორად დაინიშნა ხ. ჯ-ი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მარტვილის აგროეკონომიკურ ტექნიკუმში ჩატარდა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რის საფუძველზეც განათლების მინისტრის 2003წ. 21 ოქტომბრის ¹220 ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობის გამო თ. ფ-ს გამოეცხადა საყვედური.

2004წ. 26 იანვარს აგროეკონომიკური ტექნიკუმის დირექტორ ხ. ც-ის მიერ თ. ფ-ს გაეგზავნა შეტყობინება სამსახურში გამოცხადების და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფრთხილებულ და მის მიმართ ადმინისტრაციული ზომების გამოყენების თაობაზე.

2004წ. 17 თებერვალს ჩატარდა მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის თანამშრომელთა საერთო კრება, რომელმაც, სამსახურში ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოუცხადებლობისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო, რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის, თ. ფ-ს გამოუცხადა სასტიკი საყვედური და გააფრთხილა, რომ სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშად დარღვევის შემთხვევაში გათავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის დირექტორის 2004წ. 1 მარტის ¹24 ბრძანებით თ. ფ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტექნიკუმში გამოუცხადებლობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. თ. ფ-ს გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა ტექნიკუმის თანამშრომელთა საერთო კრების 2004წ. 17 თებერვლის ¹2 დადგენილებაზე.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, ან მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება.

როგორც დადგენილია, თ. ფ-ს 2001წ. 21 ოქტომბერს გამოეცხადა საყვედური შკკ-ის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. 2004წ. 26 იანვარს სამსახურის ადმინისტრაციის მიერ მას მიეცა წინადადება სამსახურში გამოცხადებისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულების თაობაზე. 2004წ. 17 თებერვალს თ. ფ-ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური ტექნიკუმში გამოუცხადებლობის გამო. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ არ ცხადდებოდა სამუშაოზე. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა, შკკ-ის 34-ე მუხლის საფუძველზე თ. ფ-ა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარტვილის აგროეკონომიკური ტექნიკუმის დირექტორის 2004წ. 1 მარტის ¹24 ბრძანება თ. ფ-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოიცა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც იგი ძალაში უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოთხოვნას გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. იძულებითი განაცდური ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მაშინ, თუ მუშაკი უკანონოდ გათავისუფლდა სამსახურიდან და აღდგენილი იქნება დაკავებულ თანამდებობაზე. ვინაიდან თ. ფ-ს სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამიტომ უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.