Facebook Twitter

¹ას-842-1155-07 21 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი(თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. პ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 13 თებერვალს სსიპ ... ფონდის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ რ. პ-სა და სს “ტ...ს” მიმართ და განმარტა, რომ 1970 წელს რ. პ-ს მეუღლემ _ კ. პ-მა მიიღო საწარმოო ტრავმა, რომელიც გარდაიცვალა 1996 წელს. მოსარჩელის განმარტებით, სს “ტ...მა” ბრძანებით 1996 წლის 18 ივნისიდან რ. პ-ს, მარჩენალის გარდაცვალების გამო, ისე დაუნიშნა ყოველთვიური სარჩო, რომ არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა კავშირი საწარმოში მიღებულ ტრავმასა და გარდაცვალების მიზეზს შორის, ამასთან, რუსუდან პირველს იმ დროისათვის არ ჰქონია მინიჭებული შრომისუუნარობის ხარისხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების მიზნით, სს “ტ...ს” მიერ რ. პ-სათვის 1996 წლის 18 ივნისიდან სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხეებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასწორად დარიცხული და მიღებული მთელი პერიოდის სარჩოს თანხის მოსარჩელის ფონდის სახაზინო ანგარიშზე აღდგენის დაკისრება.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ... ფონდის შ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი მოპასუხე სს “ტ...ს” მიერ 1996 წლის 18 ივნისიდან რ. პ-სათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დანიშვნა. მოპასუხეებს სს “ტ...სა” და რ. პ-ს სოლიდარულად დაეკისრათ ამ ბრძანებით უსაფუძვლოდ დარიცხული და მიღებული თანხის ანაზღაურება სსიპ ... ფონდის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ რ. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. პ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ... სააგენტოს სარჩელი სს “ტ...ს” მიერ 1996 წლის 18 ივნისიდან რ. პ-სათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დანიშვნისა და რ. პ-სათვის მის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დარიცხული და მიუღებელი თანხების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ რ. პ-ს მეუღლემ _ კ. პ-მა 1970 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა და სს “ტ...ს” მიერ ხდებოდა მისი ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება ყოველთვიური სარჩოს სახით. 1996 წლის 18 ივნისს კ. პ-ი გარდაიცვალა, რის გამოც სს “ტ...ს” ადმინისტრაციამ რ. პ-ს დაუნიშნა ყოველთვიური სარჩო, თუმცა თავად ბრძანება სარჩოს დანიშვნის თაობაზე საქმეში არ არის წარმოდგენილი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მარჩენალის გარდაცვალების მომენტისათვის რ. პ-ი შრომისუნარიანი იყო, ვინაიდან მეუღლის გარდაცვალების მომენტისთვის იგი იყო 58 წლის, 1993 წლიდან როგორც პენსიონერი, იმყოფებოდა გარდაცვლილის კმაყოფაზე და, შესაბამისად, 1996 წლისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მას სარჩოს მიღების უფლება ჰქონდა. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ რაიონულმა სასამართლომ შეცდომით აღიარა კანონსაწინააღმდეგოდ სს “ტ...ს” გადაწყვეტილება რ. პ-სათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დანიშვნის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რაც გაცემული თანხის დაბრუნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი შეიძლება გამხდარიყო და ვერ წარმოადგინა ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, შესაბამისად, რ. პ-სათვის თანხის დაბრუნების დავალდებულების საფუძველი არ არსებობდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს Aგანჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ბრძანების უკანონოდ ცნობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებით რ. პ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ბრძანების უკანონოდ ცნობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გაუქმებული აქვს ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სარჩელს დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით რ. პ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ... სააგენტოს სარჩელი სს “ტ...ს” მიერ 1996 წლის 18 ივნისიდან რ. პ-სათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დანიშვნისა და რ. პ-სათვის მის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დარიცხული და მიუღებელი თანხების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

“ამდენად, კასატორი ასაჩივრებს მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის რ. პ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. პ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.