Facebook Twitter

ას-842-1201-06 3 მაისი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ.ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქედის რ...

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. გ-ე

წარმომადგენელი _ ვ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 4 ოქტომბერს ზ. გ-მ სარჩელით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ წვენების ქარხანა “ქ...სა” და აჭარის ა/რ ... სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების მიზნით, მის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის 25000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, იყო და არის შპს “ს...ის” დირექტორი. აღნიშნული ქარხანა აღარ ფუნქციონირებს 1999 წლიდან, დაყადაღებულია ქედის რაიონის აღმასრულებლის მიერ, რის გამოც გასამრჯელოს ვეღარ ღებულობს. 2003 წლის მაისში ქედის რაიონის გამგებელმა ქედის რაიონის სოფელ ... დაიწყო წვენების ქარხნის “ქ...ს” მშენებლობა, რომელმაც 2003 წლის 15 მაისის ¹ 58 განკარგულებით, მოსარჩელეს პირადად დაავალა მშენებლობის პერიოდში ტექნოლოგიური ხაზების დამონტაჟების ხელმძღვანელობა, რისთვისაც დაჰპირდა შესაბამის გასამრჯელოს. აღნიშნული შეთანხმების შესრულების მიზნით, ზ. გ-მ შექმნა 4-კაციანი ბრიგადა, რომელმაც 2003 წლის 9 მაისიდან დაიწყო სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება. მოსარჩელის განმარტებით, ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები, შესრულებული სამუშაოს ჩვეულებრივი ანაზღაურების გათვალისწინებით, სატრანსპორტო ხარჯებისა და სამშენებლო მასალების ღირებულების ჩათვლით დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული (რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა პირადი ხარჯთაღრიცხვის ყოველდღიური ჩანაწერები), რაც მისთვის არ აუნაზღაურებიათ. 4-5 თვის დაუღალავი შრომის შედეგად 2003 წლის 20 სექტემბერს ქარხანამ მიიღო პირველი ნედლეული, რომლის შემოსავალმაც შეადგინა 40000 ლარი.

2003 წლის დეკემბერში ქარხნის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქედის რაიონის გ...ი შეიცვალა, ხოლო ახლად დანიშნულმა გ...მა ქარხნის ქონებაზე დააფუძნა შპს “ქ...ი”, რომლის დირექტორადაც დაინიშნა მოსარჩელე, თუმცა შესრულებული სამუშაოსათვის ხარჯების ანაზღაურებაზე ეთქვა უარი და განემარტა, რომ მიემართა სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ზ. გ-მ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ ... სამინისტრომ მიიღო მოგება, რის გამოც მოითხოვა,მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის ხარჯების ანაზღაურების მიზნით, 25000 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრება.

მოპასუხე შპს “ქ...ს” წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, ხოლო აჭარის ა/რ ... სამინისტროს წარმომადგენლებმა სრჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრებას სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ქედის ... ქარხნის ქონება მოსარჩელემ გადაიტანა მეორე ადგილას, ის მოქმედებდა როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და არა როგორც დირექტორი, ხოლო მის მიერ შექმნილი პროექტი ულიცენზიოა. გარდა ამისა, აჭარის ა/რ ... სამინისტრომ აღნიშნა, რომ იგი შეთანხმების მხარე არ ყოფილა და, შესაბამისად, არასათანადო მოპასუხეა.

ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ქ...ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20000 ლარის გადახდა.

ქედის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ... სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ, ადგილზე თათბირით განჩინებით შპს “ქ...სა” და აჭარის ა/რ ... სამინისტროს ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩართო ქედის რ...

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქედის რ...ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებაით ზ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქედის რაიონის გ...ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 800 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა ქედის რ...ის 2003 წლის 15 მაისის ¹58 განკარგულებაზე, რომელიც მიიჩნია ნარდობის ხელშეკრულებად და ჩათვალა, რომ გ...ის შეცვლა ვერ იქონიებდა განვლენას გ...ის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ აღნიშნული ქარხნის მშენებლობისათვის მოსარჩელემ გახარჯა 4420 ლარის საწვავი და ქედის გამგეობის დავალებით, პირადი ხარჯებით შეასრულა გარკვეული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. წვენების ქარხნის მშენებლობაზე შესრულებულ სამუშაოთა აქტით სასამართლომ დაადგინა, რომ გამგეობის მიერ ქარხნის მშენებლობაზე გამოიყო და გაიხარჯა 130 176 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი პირადი ხარჯთაღრიცხვითა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 171 070 ლარი, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დამატებით დახარჯა 40894 ლარი (171070 – 13176+40894) და, რადგანაც ზ. გ-მ დამატებითი ხარჯებისათვის მოითხოვა მხოლოდ 20 000 ლარის დაკისრება, სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქედის რ...მ და მოითხოვა მისი სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას მთლიანად დაეყრდნო ზ. გ-ის პირად ჩანაწერებს და მტკიცებულებების ყოველგვარი გამოკვლევისა და შეაფასების გარეშე ჩათვალა, რომ ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებულმა ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 20000 ლარი. კერძოდ, კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელის დაკვეთით, შპს “ა...მა” ხარჯთაღრიცხვა შეადგინა არა 2003 წლის (როდესაც საწარმო აშენდა), არამედ 2006 წლის მდგომარეობით, რომლის დროსაც სამშენებლო მასალების ღირებულება მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და, გარდა ამისა, აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია შპს “ქ...ს” წვენების ქარხნის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შეფასებაზე და არა მის მიმდინარე მშენებლობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ქედის რ...ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მთლიანად გადადის სააღსრულებო ფურცელში, ამიტომ აქ ზედმიწევნით გასაგებად უნდა იყოს მითითებული სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა თუ ნაწილობრივ, თუ ნაწილობრივ – რომელ ნაწილში დაკმაყოფილდა და სარჩელის რომელ ნაწილში ეთქვა უარი მოსარჩელეს, კონკრეტულად რა მოქმედება უნდა შეასრულოს მოპასუხემ. თუ სასამართლო თანხის გადახდას ავალებს მოპასუხეს, მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა.

მოცემულ საქმეზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მაგრამ არ არის მითითებული თუ რომელ ნაწილში დაკმაყოფილდა და სარჩელის რომელ ნაწილში ეთქვა უარი მოსარჩელეს. სასამართლოს არ დაუდგენია თუ რა მოქმედების შესრულება ევალება მოპასუხეს, ასევე არ არის მითითებული დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, შესაბამისად, დავა მხარეთა შორის გადაუწყვეტელი დარჩა. აღნიშნული საპროცესო დარღვევა კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ქედის რ...ის 2003 წლის 15 მაისის ¹58 განკარგულებით ქედის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე ახალი წვენების ქარხნის დროულად და ხარისხიანად აშენების მიზნით, ქარხნის მშენებლობის პროცესში ტექნოლოგიური დანადგარების განლაგების მონტაჟის და საერთოდ მშენებლობის პროცესის დაჩქარებისათვის საჭირო ზომების მიღებაზე პასუხისმგებლობა დაევალა მოქალაქე ზ. გ-ს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნული გამგეობის განკარგულება მიიჩნია ნარდობის ხელშეკრულებად. ამ დასკვნას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. ხელშეკრულება ეს მხარეთა შეთანხმებაა, რომლითაც ისინი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავენ მიზნად. გამგეობის განკარგულებით კი ზ. გ-ს დაევალა პასუხისმგებლობა მშენებლობის პროცესის დაჩქარებისათვის საჭირო ზომების მიღებაზე.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ნარდობის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მნიშვნელობა ენიჭება ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების არსებობის დადგენას. საჭიროა განიმარტოს ხელშეკრულების არსებითი პირობები (მხარეები, ანგარიშსწორების წესი, ნივთის გადაცემა და სხვა). როცა ნარდობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს რთული სამუშაოების შესრულებას (მაგ. მშენებლობა), ნარდობის ხელშეკრულებას თან უნდა ერთვოდეს სამუშაოთა წარმოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის საჭიროა ხარჯთაღრიცხვის შედგენა (მყარი ან მიახლოებითი). ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები ითვალისწინებენ შემკვეთის მიერ შენობის მიღების ვალდებულებას, რაც მიღება-ჩაბარების აქტებით ხორციელდება. ასევე საჭიროა ნარდობის ხელშეკრულება განვასხვავოთ შრომის ხელშეკრულებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ გამგეობის განკარგულების საფუძველზე შემკვეთად მიიჩნია გამგეობა, ხოლო მენარდედ ზ. გ-ე. მხარეთა შორის ხელშეკრულების პირობებზე (ანგარიშსწორების წესზე, შენობის გადაცემა, ხელშეკრულების ფასი, შედგენილი იყო თუ არა ხარჯთაღრიცხვა, და სხვ). სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. სასამართლომ გამგეობას ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება კი არ დააკისრა, არამედ ზ. გ-ის მიერ გაწეული პირადი ხარჯების (საწვავის ღირებულება და სხვა) ღირებულება. თუ ზ. გ-ე მენარდეა, მაშინ გასარკვევია გ...ის მიერ მშენებლობისათვის გამოყოფილი 130 176 ლარი მიღებული აქვს თუ არა მას. სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ ზ. გ-ს გამგეობისაგან მიღებული აქვს ხელფასის სახით გარკვეული თანხა (ს.ფ. 268).

სასამართლომ, ერთი მხრივ, მიიჩნია, რომ ზ. გ-ე მენარდეა, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ ზ. გ-ე გ...ის დავალებით ასრულებდა გარკვეულ სამუშაოებს. თავად მოსარჩელე მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობაზე არ მიუთითებს. მისი განმარტებით, იგი ასრულებდა გ...ის დავალებას. ევალებოდა ყურადღება მიექცია, საკონსერვო ქარხანაში ტექნოლოგიური ხაზების დემონტაჟის, წვენების ქარხანაში გადატანისა და მონტაჟის დროს დანადგარები არ დაზიანებულიყო და ა.შ. (ს.ფ. 2-3).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს რა ურთიერთობა და გარიგება არსებობდა მხარეებს შორის, ასევე ამ ურთიერთობის პირობები და მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქედის რ...ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.