¹ას-843-1129-09 16 ოქტომბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს ,,თბილისი ტურიზმი და გართობა” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ მ. ხ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ძ-შვილი, შპს ,,არბიტრაჟი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინება გაუქმება
დავის საგანი _ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება, გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, სესხის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “თბილისი ტურიზმი და გართობამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “არბიტრაჟისა” და გ. ძ-შვილის მიმართ შპს “არბიტრაჟის” 2008 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და სესხის ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობის ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2007 წლის 12 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პრეტენდენტ გ. ძ-შვილის მოთხოვნა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შპს “თბილისი ტურიზმი და გართობას” კუთვნილი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება დაემყარა 2007 წლის 17 ივლისს გ.ძ-შვილსა და საზოგადოების მაშინდელ დირექტორ ე.კახნიაშვილის რწმუნებულ გ. ძ-შვილს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის საზოგადოების დირექტორი იმყოფებოდა საპყრობილეში, ხოლო საზოგადოების ბეჭედი დალუქული და ამოღებული იყო საფინანსო პოლიციის მესამე განყოფილების მიერ. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული ქონება წარმოადგენს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილ ქონებას და მისი 70%-ის მფლობელები არიან ამავე საზოგადოების სხვა პატნიორები. საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის წესები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუჩერებლობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოებას. შპს “არბიტრაჟის” მიერ საქმის განხილვისას დაირღვა არბიტრაჟის დებულების ¹2.8, 9.5, 14.3, 16.19 მუხლები რაც გამოიხატა მტკიცებულებათა არასრულ გამოკვლევასა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობაში, ასევე არ იქნენ ჩაბმული მესამე პირებად საზოდაგოების ის პარტნიორები, რომლებიც შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” საწესდებო კაპიტალის 70%-ს ფლობენ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სადავო სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლის თანახმადაც დავის წარმოშობის შემთხვევაში მისი გადაჭრის გზად მიეთითა საარბიტრაჟო შეთანხმება. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მხარემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გარიგების კონტრაჰენტები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული დავის წარმოშობის საკითხზე, ამასთან, საზოგადოების წესდებით დირექტორი და მით უფრო საზოგადოების დირექტორის რწმუნებული არ იყო უფლებამოსილი აღნიშნულ შეთანხმებაზე მოეწერა ხელი.
მოპასუხე გ.ძ-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: არბიტრაჟის მიერ საქმის გახილვა არ ხასიათდება ინკვიზიციურობით, რაც თანამედროვე სამართალწარმოებით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევა იქნებოდა, ამასთან სამართალწარმოება ემყარება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს და საქმის განმხილველი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაცულ იქნა “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მტკიცებულებათა წარდგენა და მხარის ინტერესების დაცვა წარმოადგენს თავად მოდავე მხარის უფლებას და არბიტრაჟის მიერ ამ მტკიცებულებათა გამოთხოვა არის კერძო არბიტრაჟის უფლებამოსილება და არა ვალდებულება. მოსარჩელე კონკრეტულად ვერ ასაბუთებს არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისას კონკრეტული გარემოებების გამოუკვლევობის ფაქტს, ამასთან შპს “არბიტრაჟი” თავისი ინიციატივით სადავოდ ვერ გახდიდა საქმეში მითითებულ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებაზე _ 2007 წლის 27 ივლისს დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რადგანაც აღნიშნული საკითხი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მოპასუხის მოსაზრებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ იქნება არბიტრაჟის მიერ საქმის არასწორად და უმართებულოდ განხილვა, რადგანაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად შეიძლება მიეთითოს მხოლოდ საქმის განხილვის წესის დარღვევა. გ.ძ-შვილმა დაუსაბუთებლად მიიჩნია ასევე საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 70%-იანი წილის მფლობელი პარტნიორების არბიტრაჟის ინიციატივით დავაში მხარედ ჩართვის საკითხი, ვინაიდან პარტნიორის საზოგადოების საკუთრებისადმი ეკონომიკური ინტერესი არ წარმოადგენს დავაში მის მხარედ ჩაბმის საფუძველს. მოპასუხემ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება სესხის ხელშეკრულების ¹7.7 პუნქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რადანაც თავად მოსარჩელე მიუთითებს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველი სწორედ მხარეთა შეთანხმებაა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” სარჩელი საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “თბილისი ტურიზმი და გართობამ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით შპს “თბილის ტურიზმი და გართობის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის _ შპს “არბიტრაჟის” 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით პრეტენდენტ გ.ძ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” მიმართ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” მოძრავი ქონების მესაკუთრედ, მოწინააღმდეგე მხარეს გ.ძ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა დარჩენილი 55272 ლარის, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 6000 ლარის გადახდა. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ იმ ფაქტებს, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას. “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სამოქალაქო დავის არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემის წესს, რომელიც დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. აღნიშნული შეთანხმების თაობაზე შეიძლება მიეთითოს როგორც კონკრეტულ ხელშეკრულებაში, ისე დამოუკიდებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ძ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია არბიტრაჟის მიერ განხილულ იქნა არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული 2007 წლის სესხის ხელშეკრულების ¹7.7 პუნქტის საფუძველზე, რომელზეც ხელის მოწერის უფლებამოსილებას ხდიდა სადავოდ მოსარჩელე, არამედ ამავე წლის 29 ოქტომბერს შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” დირექტორის მიერ ხელმოწერილი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე, რის თაობაზეც ასევე მითითებულია გასაჩივრებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წამომადგენლის მოსაზრება, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება წარმოადგენს გარიგების ნაირსახეობას, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გარიგების დადებისათვის კანონით გათვალისწინებული წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა იწვევს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შედეგს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 29 ოქტომბრის საარბიტრაჟო შეთანხმება შესაბამისობაშია “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტთან. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მასზე ხელის მომწერ პირს არ ჰქონდა სათანადო უფლებამოსილება და აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო საზოგადოების პარტნიორთა კრებას, რადგანაც 2007 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმება ხელმოწერილია მოსარჩელის მაშინდელი დირექტორის მიერ, რომელიც “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იყო საზოგადოების წარმომადგენლობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან 2007 წლის 17 ივლისის სესხის ხელშეკრულება საარბიტრაჟო შეთანხმების საგანს წარმოადგენდა, იგი “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე ვერ გახდებოდა სასამართლოს მსჯელობის საგანი. სასამართლომ არ გაიზიარა შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” მოსაზრება შპს “არბიტრაჟის” მიერ საქმის განხილვის წესის დარღვევის თაობაზე და დაეყრდნო მოპასუხის მოსაზრებას, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა არბიტრაჟის მიერ დავის უმართებულოდ და არასწორად გადაწყვეტა და მიუთითა, რომ მხარემ ვერ დაასაბუთა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით არ გაიზიარა შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” საწესდებო კაპიტალის 70%-იანი წილის მფლობელი პარტნიორების დავაში მესამე პირად ჩართვა არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის წესის დარღვევის საფუძვლად და მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-90-ე მუხლების შესაბამისად მხარეს აღნიშნულ პარტნიორთა დავაში ჩართვის თაობაზე არბიტრაჟისათვის შუამდგომლობით არ მიუმართავს, ამდენად საქმის განმხილველი შპს “არბიტრაჟის” მიერ აღნიშნულ პირთა საკუთარი ინიციატივით დავაში ჩაურთველობით არ დარღვეულა საქმის გახილვის წესი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” წარმომადგენლის მოსაზრება სადავო სესხის ხელშეკრულების შინაარსის არბიტრაჟის მიერ სათანადოდ შეუფასებლობასთან დაკავშირებით, რადგანაც სასამართლო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საკითხის განხილვაზე კომპეტენტური არ იყო. “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ძირითადი პრინციპების _ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს “თბილისი ტურიზმი და გართობა” საქმის გახილვისას სადავოდ არ ხდიდა სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება არბიტრაჟის მიერ ინკვიზიციურად, საარბიტრაჟო პრეტენზიის შემტანი პირის საწინააღმდეგოდ, მტკიცებულებათა მოპოვებისა და გამოკვლევის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა _ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, როგორც ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე თანმდევი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ძირითადი მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” წარმომადგენელმა მ. ხ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული, რადგანაც სასამართლომ საქმის სადავო გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, არ მიუთითა სასამართლოს მოტივები და დასკვნები გაზიარებულ გარემოებებთან მიმართებით, რის გამოც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან, ამავე კოდექსით 382-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა _ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ამ გარემოებების სამართლებრივი შეფასების სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარების თაობაზე, არ ნიშნავს მხოლოდ მითითებას აღნიშნული ფაქტების გაზიარებასთან დაკავშირებით. ამასთან, არც პირველ და არც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია საზოგადოების წესდებით დირექტორისა და მისი რწმუნებულის მიერ სესხის ხელშეკრულებასა თუ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლების არსებობა, მაშინ, როდესაც აღნიშნული დავის არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემით მხარეებს წაერთვათ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით მინიჭებული უფლება. საერთაშორისო საარბიტრაჟო პრაქტიკა ყურადღებას ამახვილებს საარბიტრაჟო შეთანხმების უფლებამოსილ პირებს შორის დადებაზე, ისე, რომ აღნიშნული გარემოება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონმდებლობას. პირველმა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს საზოგადოების წესდებით დადგენილ დირექტორის უფლებამოსილებაზე და არასწორად მიუთითეს, რომ სესხის ხელშეკრულების ¹7.7 პუნქტის ბათილობის შემთხვევაშიც კი საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობა დადასტურებულია 2007 წლის 29 ოქტომბრის შეთანხმების კანონიერებით, ამასთან სასამართლო აღნიშნულ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა არაუფლებამოსილმა პირმა, მიიჩნევს კანონიერად, მაშინ, როდესაც ასევე არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნა დადებული სადავო სესხის ხელშეკრულება.
სასამართლო საარბიტრაჟო შეთანხმებად მიიჩნევს რა 2007 წლის 29 ოქტომბრის გარიგებას და არა სესხის ხელშეკრულების ¹7.7 პუნქტს, ასევე უთითებს “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლზე, არ იკვლევს არის თუ არა სასამართლო უფლებამოსილი განიხილოს დავა მაშინ, როდესაც თავად საარბიტრაჟო შეთანხმება არ არის გასაჩივრებული, ამდენად საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის პირობებში საქმე სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა სესხის ხელშეკრულების ¹7.7 პუნქტთან მიმართებით, როდესაც იგი მიუთითებს, რომ არ იკვეთება იურიდიული ინტერესი, რის გამოც აზრი არ აქვს გარიგების აღნიშნულ პუნქტზე მსჯელობას, მაშინ როცა იურიდიული ინტერესის არარსებობისას სასამართლოს საქმე განსახილველად არ უნდა მიეღო. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ასევე დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც დავის საგნის მიმართ დასაბუთებული პრეტენზიის მქონე პირები დარჩნენ გადაწყვეტილების მიღმა, ამასთან სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა საქმის განხილვის წესის დარღვევად მესამე პირთა არბიტრაჟის მიერ საქმეში ჩაუბმელობა, რადგანაც, “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირთა შორის მხარეთა გარდა მოხსენიებულია ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლს 17 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და შპს “თბილისი ტურიზმი და გართობას” დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე მ.ხ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რადგანაც შპს “თბილისი ტურიზმი და გართობას” საქმიანობა შეჩერებული აქვს 2007 წლიდან, აღარ გააჩნია ქონება და აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვაზე პასუხის მისაღებად არ არის საკმარისი 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში მითითებული საპროცესო ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა ოთხი დღით და დაევალა შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ამასთან განემარტა მხარეს, რომ სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები იურიდიული პირის მიმართ არ ვრცელდება და მხოლოდ კასატორის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში მხარეს გადაუვადდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარმოადგინა ისანი-სამგორის, ძველი თბილისისა და დიდგორის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც საგადასახადოში შპს “თბილისი ტურიზმი და გართობას” წერილი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე რეგისტრირებულია 2007 წლის პირველ ოქტომბერს, ასევე მოგების გადასახადის დეკლარაციებისა და მოგების გადასახადის ბარათის ელექტრონული ვერსია, ხოლო 2009 წლის 12 ოქტომბერს მ.ხ-ძემ დამატებით წარმოადგინა 2007 წლის დეკლარაციის დამოწმებული ასლი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია _ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შპს “თბილისი ტურიზმი და გართობას” გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან მისი გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა წარმოადგინა ისანი-სამგორის, ძველი თბილისისა და დიდგორის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც საგადასახადოში შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” წერილი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე რეგისტრირებულია 2007 წლის პირველ ოქტომბერს, ასევე მოგების გადასახადის დეკლარაციებისა და მოგების გადასახადის ბარათის ელექტრონული ვერსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი აყალიბებს მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის ცნებას. აღნიშნული ნორმის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის აღნიშნული დანაწესის თანახმად, მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე გარკვეული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე, ვალდებულია სათანადოდ, კანონის მოთხოვნის განუხრელი დაცვით წარუდგინოს საქმის განმხილველ სასამართლოს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, სასამართლო, მის შინაგან რწმენაზე დაყრდნობით, დაასკვნის აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე მხარის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების არსებობა-არარსებობის ფაქტს.
დასახელებული ნორმებისა და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” წარმომადგენელმა სასამართლო მიერ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო ხარვეზის სრულად გამოსწორება, კერძოდ, ვერ წარადგინა კასატორის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, წარმოდგენილი დეკლარაციები და მოგების გადასახადის ბარათი არ არის გაცემული და დამოწმებული სათანადო ორგანოს მიერ კანონმდებლობით გათავალისწინებული წესით, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულებები ვერ იქნება მიჩნეული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათავლისწინებულ უტყუარ მტკიცებულებად.
რაც შეეხება მ.ხ-ძის მიერ 2009 წლის 12 ოქტომბერს წარმოდგენილ შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” 2007 წლის მოგების გადასახადის დამოწმებული დეკლარაციის ასლს, იგი წარმოდგენილია ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით და მხოლოდ აღნიშნული დეკლარაცია ვერ მიიჩნევა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათავალისწინებულ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “თბილისი ტურიზმი და გართობამ” სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო დადგენილი ხარვეზის სრულად გამოსწორება რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “თბილისი ტურიზმი და გართობის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.