Facebook Twitter

ას-843-1156-07 21 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ... სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელვაჩაურის განყოფილება (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობა

ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ... სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელვაჩაურის განყოფილებამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და სამართლებრივი შეფასება და დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ე 1952-1953 წლებში იმყოფებოდა გადასახლებაში რეპრესირებულ მამასთან ერთად, რაც დასტურდება საქართველოს შსს საინფორმაციო ცენტრის უფროსის 2003 წლის 24 აპრილის ცნობით. სასამართლომ ჩათვალა, რომ მითითებულ მტკიცებულებაში დასახელებული გარემოება აპელანტმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ უარყო. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილისა და “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა. გ-ე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მართებულად იქნა ცნობილი და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკიდან მიღებული 2003 წლის 20 აგვისტოს ¹... საარქივო ცნობითა და ა. გ-ის დედა ე.გ-ის შრომის წიგნაკის ამონაწერით, მოსარჩელე და მისი დედა რეპრესირებულ ნ. გ-სთან ერთად გადასახლებაში არ ყოფილან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ... სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილებამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ ა. გ-სა და მისი დედის _ ე. გ-ის რეპრესირებულ ნ. გ-სთან ერთად გადასახლებაში ყოფნის დასადასტურებლად არასწორად მიუთითა საქართველოს შსს საინფორმაციო ცენტრის 2003 წლის 24 აპრილის ¹... ცნობა, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი 2003 წლის 20 აგვისტოს ¹.... ყაზახეთის საარქივო ცნობით, ა. და ე. გ-ები გადასახლებულთა სიაში არ ფიქსირდებიან. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა.გ-ე დაიბადა 1952 წელს და რეგისტრირებულ იქნა აჭარისწყლის სასოფლო საბჭოს მიერ, მისი დედა _ ე. გ-ე კი 1952 წელს დაინიშნა და მუშაობდა აჭარისწყლის პედსასწავლებელში ბიბლიოთეკის გამგედ. ასევე აღსანიშნავია, რომ, საქართველოს შსს-დან მიღებული 2007 წლის 17 სექტემბრის პასუხის მიხედვით, დასახელებული უწყების აღრიცხვა არასრულია და აბსოლუტურად საიმედოდ ვერ ჩაითვლება რიგი ობიექტური მიზეზების გამო. ამდენად, სასამართლომ შსს-ს საინფორმაციო ცენტრის ზემოხსენებული ცნობა ერთადერთ სარწმუნო მტკიცებულებად არასწორად ჩათვალა და მოსარჩელის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონს ეწინააღმდეგება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ... სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელვაჩაურის განყოფილების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ... სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელვაჩაურის განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ემყარება “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლს, რომელიც ადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა წრეს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ... სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელვაჩაურის განყოფილების საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

... სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელვაჩაურის განყოფილების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.