3I-16 ქ. თბილისი
ბ. დ., 3I-16 16 სექტემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ზ-ის
ადვოკატ _ ა. ტ-ას
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ დ. ბ-ის
თარჯიმან _ ნ. ხ-ას
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ტ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. ბ-ის უკრაინის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2006 წლის 7 მარტს, უკრაინის კ-ის რაიონის შს განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით დ. ბ. ბრალდებულის სახით მიეცა პასუხისგებაში. მას ბრალად წარედგინა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121–ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაული. 2006 წლის 7 აპრილს დ. ბ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2. 2011 წლის 23 აგვისტოს კ-ის რაიონის მოსამართლის დადგენილებით დ. ბ-ის მიმართ გაუსვლელობის ხელწერილის სახით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა პატიმრობით.
3. 2016 წლის 21 ივნისს ქალაქ კ-ის ავტოზავოდის რაიონული სასამართლოს საგამოძიებო მოსამართლემ დ. ბ-ის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე–12 მუხლით გათვალისწინებულ დაპატიმრების გადაწყვეტილების ეკვივალენტს.
4. 2016 წლის 24 ივნისს ქალაქ კ-ის ავტოზავოდის რაიონული სასამართლოს საგამოძიებო მოსამართლის გადაწყვეტილებით შესწორდა დ. ბ-ის მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც ამავე სასამართლოს მიერ იქნა მიღებული 2016 წლის 21 ივნისს. 21 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების ვადა განისაზღვრებოდა 60 დღე–ღამით და ძალაში იყო 2016 წლის 3 აგვისტომდე, ხოლო შესწორებული ვერსიით აღნიშნული ვადის ათვლა უნდა დაიწყოს უკრაინის ტერიტორიაზე დ. ბ-ის დაკავების მომენტიდან.
5. 2016 წლის 4 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ბ-ი.
6. 2016 წლის 6 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით დ. ბ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
7. 2016 წლის 8 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
8. 2016 წლის 30 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დ. ბ-ის ექსტრადიციის თაობაზე უკრაინის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები, ხოლო 2016 წლის 7 ივლისს - დ. ბ-ის საექსტრადიციო მასალების დედნები. 2016 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია დ. ბ-ის უკრაინაში ექსტრადიციის თაობაზე. 2016 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია დ. ბ-ის უკრაინაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
9. 2016 წლის 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით დ. ბ-ს გაუგრძელდა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სამი თვით - 2016 წლის 4 დეკემბრამდე.
10. 2016 წლის 6 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
11. 2016 წლის 1 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნ. ზ-მა და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი დ. ბ-ის უკრაინის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121–ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით პროკურორ ნ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი დ. ბ-ის უკრაინის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, უკრაინის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ტ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
· დაშვებულ იქნა უამრავი შეცდომა აღნიშნული საქმის როგორც უკრაინაში გამოძიების დროს, ისე საქართველოში მისი დაკავებისას. დაცვის მხარის განმარტებით, დ. ბ-ის მიმართ დარღვეულია დაცვისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების უფლება; მისთვის შერაცხული ბრალდება უკანონო და დაუსაბუთებელია; გარდა ამისა, უკრაინაში დ. ბ-ის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მისი წარმომავლობის, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის გამო; იგი შესაძლოა, გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინების გაუქმებას დ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით უკრაინის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. უკრაინის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. ბ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 4 ივნისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება დ. ბ-ის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.
4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას დ. ბ-ის დაცვის უფლების დარღვევის შესახებ, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დ. ბ-ი საექსტრადიციო პროცედურების წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო ადვოკატის მომსახურებით. რაიმე შეზღუდვა, რაც გავლენას მოახდენდა დ. ბ-ის დაცვის სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობაზე, გამოძიების ან სასამართლოს მხრიდან არ განხორციელებულა.
5. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ უკრაინაში ემუქრება საფრთხე მისი წარმომავლობის, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის გამო, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც მის მიმართ უკრაინის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
6. საქმეზე ,,სოერინგი გაერთინებული სამეფოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირის ექსტრადიციის თაობაზე, შესაძლოა, წარმოშვას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი და აქედან გამომდინარე - სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ იქნა არსებითი დასაბუთება მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში პირის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის საფრთხის შესახებ.[1]
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ზოგადი განცხადება იმის შესახებ, რომ დ. ბ. უკრაინაში შესაძლოა, დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.
8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის პოზიციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევის თაობაზე და მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დ. ბ-ი არის უკრაინის მოქალქე, მას საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია მყარი ოჯახური კავშირები, რომელთა დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამო იქნებოდა.
9. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ დ. ბ-ს დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდება შეთხზულია, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს დ. ბ-ის ბრალეულობის საკითხს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი დ. ბ-ის უკრაინის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ამავე სახელმწიფოს სსკ-ის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] სოერინგი (Soering) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადი no. 14038/88, 1989 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, 91-ე პუნქტი. იხ. აგრეთვე შამაევი და სხვები (Shamayev and others) საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი no. 36378/02, 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, 335-ე პუნქტი. კრუზ ვარასი და სხვები (Cruz Varas and others) შვედეთის წინააღმდეგ, განაცხადი no. 15576/89, 1991 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, 69-70-ე პუნქტები. ჩაჰალი (Chahal) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადი no. 22414/93, 1996 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, 74-ე პუნქტი.