საქმე №164აგ-16 6 მარტი, 2017 წელი
ხ-ა გ., 164აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ივნისის განაჩენით გ. ხ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით - 16 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (ლ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი); სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა (მ-ის --- მ/რ-ნის მე-.. კორპუსთან მომხდარი აფეთქების ეპიზოდი); სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილებით გ. ხ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე გ. ხ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მის საკუთრებაში არსებული ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანა, მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები. გ. ხ-ას სასჯელის მოხდა აეთვალა 2010 წლის 4 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გ. ხ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილითა (ლ-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი) და სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ-ის --- მ/რ-ნის მე-.. კორპუსთან მომხდარი აფეთქების ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 21 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ხ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით (ლ-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების ეპიზოდი) განსაზღვრულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მ-ის --- მ/რ-ნის მე-.. კორპუსთან მომხდარი აფეთქების ეპიზოდი) განსაზღვრული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ხ-ას სასჯელის სახით განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2010 წლის 4 დეკემბრიდან.
6. 2016 წლის 4 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და გ. ხ-ას გამართლება სსკ–ის 323–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილით, სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით (ლ- პარტიის ოფისთან აფეთქების ეპიზოდი), სისხლის სამართლის კოდექსის 323–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით (მ-ის -- მ/რაიონის მე– კორპუსთან აფეთქების ეპიზოდი) ინკრიმინირებულ ქმედებებში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. კასატორი – მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. ხ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მოწმეების - გ. ა-ასა და მ. ყ-ას ჩვენებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გ. ხ-ას მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს, ირიბი ჩვენებებია და მიუთითებს, რომ მოწმეების – გ. არქანიასა და მ. ყ-ას ჩვენებები პირდაპირ მიუთითებს მსჯავრდებულ გ. ხ-ას მონაწილეობაზე ტერორისტული აქტის განხორციელებაში და არ ემყარება სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. კერძოდ: მოწმე გ. ა-ამ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ გ. ხ-ამ ტერორისტული აქტის ჩადენის -ლ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობის თაობაზე მათგან გაიგო. ამის მერე მ-ში მაინც წაიყვანა გ. ხ-ამ ისინი და ნახა საბარგულიდან რომ ასაფეთქებლები ამოიღეს. მ. ყ-ამ უთხრა, რომ გაწეული დახმარებისთვის გ. ხ-ას მისცემდა 1000 ლარს. ამდენად, მოწმე ჩვენებაში გადმოსცემს ფაქტებს, რომლებიც თვითონ დაინახა და გაიგონა და არა - სხვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რაც შეეხება მის ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობებს გ. ხ-ას აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობის ნაწილში, მსჯავრდებულმა გ. ა-ამ ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ წინა დაკითხვისას იმიტომ ,,დააფარა ხელი“ გ. ხ-ას, რომ ეს ამ უკანასკნელმა სთხოვა, რის გამოც შეეცოდა იგი და დაინდო. სინამდვილეში კი გ. ხ-ა ყველაფრის საქმის კურსში იყო და მ. ყ-ია გაწეული დახმარებისათვის მას გარკვეულ თანხასაც დაჰპირდა. რაც შეეხება მ. ყ-ას ჩვენებას, მან მიუთითა, რომ გ. ა-ამ გ. ხ-ას სთხოვა ლ-ის ოფისთან წაყოლა ბომბის დასადებად, რაზეც გ. ხ-ა დათანხმდა; ასევე, მისი განცხადებით, გ. ხ-ამ წაიყვანა ისინი მ-ში ბომბის დასადებად. ამდენად, მ. ყ-ას ჩვენებაც პირდაპირ მიუთითებს მომხდარზე და არ ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
4. რაც შეეხება კასატორის მითითებას მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე, მოწმეთა ჩვენებების არადამაჯერებლობასა და მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მათ სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმის არსებითი განხილვისას სამივე ინსტანციის სასამართლოში, ხოლო მათი ხელახლა შეფასების სამართლებრივი საფუძველი ახალი გარემოების სახით მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია.
5. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე