ას-844-1203-06 16 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “.. ..” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-მь 2005 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სამტრედიის ... მიმართ და მოითხოვა მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება იმ სხვაობის მიხედვით, რაც გამოწვეულია სამტრედიის ... ზეინკლის ხელფასის გაზრდით. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სამტრედიის ... მის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად მარჩენალი მეუღლის დაკარგვის გამო სარჩოს სახით 15.32 ლარის გადახდა, რასაც მოპასუხე უხდის 2001 წლის ივნისიდან სარჩელის შეტანის დღემდე. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ გაანგარიშება გააკეთა მის მიერ წარდგენილი ხელფასის ცნობით, რომლის მიხედვით ზეინკლის ხელფასი იმ დროისათვის შეადგენდა 74.82 ლარს, 2001 წლიდან კი ზეინკლის ხელფასი გაზრდილია, მაგრამ ბუღალტერმა არ მოახდინა გადაანგარიშება ხელფასის ზრდის ცვალებადობის მიხედვით. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ არ შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულების მე-12 მუხლის მოთხოვნა. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დაკისრებული სარჩოს ოდენობა უნდა გადაანგარიშდეს ხელფასის ზრდის ცვალებადობის მიხედვით და ერთდროულად უნდა აუნაზღაურდეს 1942 ლარი, ხოლო 2006 წლიდან მდგომარეობის შეცვლამდე კი მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 66 ლარის გადახდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სამტრედიის ... დაევალა მ. მ-სათვის მარჩენალის დაღუპვის გამო დანიშნული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება 2001 წლიდან 2006 წლის აპრილის თვის ჩათვლით მესამე კლასის ზეინკლის ხელფასიდან 1/5 წილის გათვალისწინებით ერთდროულად, ხოლო შემდეგში ყოველთვიურად მდგომარეობის შეცვლამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა სამტრედიის ... წარმომადგენლის მ. პ-ის შუამდგომლობა და არასათანადო მოპასუხე სამტრედიის ... შეიცვალა სათანადო მოპასუხით; მოცემულ საქმეზე მოპასუხედ ჩაება შპს “.. ..”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე ¹2/93 და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს .. ..” მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 150,2 ლარის ანაზღაურება. შპს “.. ..” 2005 წლის ნოემბრიდან მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 31,15 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან სამტრედიის .... არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და იგი შპს “.. ..” ფილიალია, მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს შპს “.. ..” და არა მისი ფილიალი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სასამართლოს მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინა არასათანადო მოპასუხის სამტრედიის ... შეცვლა სათანადო მოპასუხით შპს “.. ..”. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ჩათვალა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმის დარღვევას შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, სასამართლომ სარჩელი განიხილა და დააკმაყოფილა იმ პირის მიმართ, რომელიც იურიდიულ პირს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში სამართლის სუბიექტს არ წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული შპს “სამტრედიის ...” მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 107 ლარისა და 24 თეთრის და ყოველთვიურად 15 ლარისა და 32 თეთრის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ. მ-ის მეუღლე თ.მ-ე მუშაობდა ... და გარდაიცვალა 1971 წელს საწარმოო ტრავმის შედეგად. თ.მ-ის არასრულწლოვანი შვილები მარჩენალის დაღუპვის გამო პენსიას ღებულობდნენ სრულწლოვანებამდე, ხოლო მ.მ-ს პენსია არ მიუღია. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თ.მ-ის გარდაცვალების დროისათვის მარჩენალის დაკარგვის გამო ანაზღაურების უფლებით სარგებლობდნენ მის კმაყოფაზე მყოფი სამი შვილი და მეუღლე _ მ.მ-ე. ამდენად, მ.მ-სათვის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი სარჩო შეადგენდა თ.მ-ის ხელფასის 1/5 ნაწილს ანუ 15,32 ლარს. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე მითითებით დადგენილად ჩათვალა, რომ მ. მ-ს ეკუთვნის სარჩო მისი გარდაცვლილი მეუღლის ხელფასის 1/5-ის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” 54-ე პუნქტზე მითითებით ჩათვალა, რომ სარჩო აპელანტს დაენიშნა 2001 წლის ივნისიდან და სარჩოს დანიშვნის შემდეგ კი სარჩოს მიღების უფლების მქონე პირთა ოდენობა არ შეცვლილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა, რომ სარჩო უნდა გადაანგარიშდეს იმდაგვარად, რომ მან მიიღოს მარჩენალის ხელფასის 1/2 ნაწილი, ამასთან ზუსტად უნდა განისაზღვროს აპელანტის მიერ როგორც ერთდროულად, ასევე ყოველთვიურად მისაღები სარჩოს ოდენობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩეს. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” მე-12 პუნქტზე მითითებით ჩათვალა, რომ მართალია 2005 წლის 7 ნოემბერს აღნიშნული პუნქტი გაუქმდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შპს “.. ..” ვალდებული იყო მის გაუქმებამდე გადაენგარიშებინა იმავე საწარმოში III კლასის ზეინკლის ხელფასის მომატების გათვალისწინებით მ. მ-ის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მისაღები სარჩოს დადგენილი წესით გადაანგარიშების შემთხვევაში მ. მ-ე მიიღებდა 1279,44 ლარს, მან კი მიიღო 1129,24 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს “.. ..” მ. მ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთდროულად 150,2 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2005 წლის ნოემბრიდან კი ყოველთვიური სარჩოს გადახდა 155,79 ლარის 1/5 ნაწილის ოდენობით, რაც შეადგენს 31,15 ლარს. ½
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” მეოთხე თავის 35-ე, 38-ე და 54-ე პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ბრძანების 38-ე და 54-ე პუნქტები, რადგან მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებაზე გაზრდილი ხელფასის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კი მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. კასატორის მითითებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით შპს “.. ..” გენერალური დირექტორი ი.ე-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე მ. მ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ სამოქალქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “.. ..” გენერალური დირექტორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “.. ..” გენერალური დირექტორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “.. ..” გენერალური დირექტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს “.. ..” გენერალური დირექტორის საკასაციო საჩივარი.
კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.