Facebook Twitter

ას-84-417-09 30 ივნისი, 2009 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს “ს. რ.” (მოსარჩელე)

კასატორის წარმომადგენელი – ა. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე –შპს “ა.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 21 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ს. რ-ის“ ფილიალის სამტრედიის ელექრომომარაგების დისტანციის წარმომადგენელმა მოპასუხის შპს „ა-ს“ წინააღმდეგ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეზე 22 346 ლარისა და 65 თეთრის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2001 წლის 11 ნოემბერს, სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის ¹2 ფილიალის დირექტორს ა. ჯ-ძესა და შპს „ა-ს“ დირექტორ ნ. ჭ-იას შორის, ქ. ბათუმში დადებულ იქნა ¹15 ხელშეკრულება.

ხელშეკრულების თანახმად, შპს ს. რ-ის“ ფილიალის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის მიერ წინასწარ ჩარიცხულ იქნა დასამზადებელი პროდუქციის ღირებულების 70% -ანუ 26 7646 ლარი და 65 თეთრი, ხოლო დანარჩენ თანხას 7 254 ლარს შპს “ა-ს” ჩაურიცხავდა პროდუქციის სრულად დამზადების შემდეგ.

შპს „ა-ს“ ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2001 წლის 30 დეკემბრამდე. შპს “ა-მ” შეასრულა მხოლოდ 4 400 ლარის სამუშაო, ხოლო 22 346 ლარისა და 65 თეთრის სამუშაო მის მიერ შესრულებული არ ყოფილა. 2004 წლის მარტში შპს “ს. რ-ის“ ფილიალის სამტრედიის ელექრომომარაგების დისტანციის მიიღო შპს “ა-ის“ წერილი, რომ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებდნენ 2004 წლის 25 აპრილამდე, მაგრამ არც ამ წერილით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა. Mშპს “ს. რ-ის“ ფილიალის სამტრედიის ელექრომომარაგების დისტანციამ არაერთგზის მოითხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, შპს “ა.” უარს აცხადებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ს. რ-ის“ ფილიალის სამტრედიის ელექრომომარაგების დისტანციამ მოითხოვა მოპასუხისათვის 22 346 ლარისა და 65 თეთრის დაკისრება.

შპს „ა-ს“ დირექტორმა შეგებებული სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და შპს “ს. რ-ის“ ფილიალის სამტრედიის ელექრომომარაგების დისტანციისათვის 8000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საოქმო განჩინებით არასათანადო მოსარჩელე შპს „ს. რ-ის“ სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანცია შეიცვალა სათანადო მოსარჩელით შპს „ს. რ-ით“ შესაბამისად შეგებებული სარჩელის არასათანადო მოპასუხე შპს „ს. რ-ის“ სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანცია ასევე შეიცვალა სათანადო მოპასუხით შპს „ს. რ-ით“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს „ა-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. რ.“ დავალდებულდა მიიღოს შპს „ა-საგან“ შესრულებული სამუშაო, დახვეული ომეგის კოჭები და გადაუხადოს 8000 ლარი.

Dაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს. რ-მ”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შპს “ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2001 წლის 11 ნოემბერს, სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის ¹2 ფილიალის დირექტორ ა. ჯ-სა და შპს „ა-ს“ დირექტორს ნ. ჭ-იას შორის დადებული იქნა ¹15 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ა-ს“ დირექტორმა აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის 30 ცალი ტრანსფორმატორი „ო-ს“ ჩტუ 32-ცვ-227-01-76-ის და 100 „ა“ კლასის იზოლაციის ემალირებული სპილენძის მათვულისაგან დამზადებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის დამზადებისა. აღნიშნული ნაწარმის საერთო ღირებულება შეადგენდა 34 000 ლარს. Aამავე ხელშეკრულების თანახმად ელექტრომომარაგების დისტანციას ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის 70% უნდა ჩაერიცხა წინასწარ, მასალების შესაძენად, ხოლო დარჩენილი 30% თანხისა სამუშაოს შესრულების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლო განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების თავდაპირველი დარღვევა სწორედ “ს. რ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია.

Pსაქმეში წარმოდგენილი შპს “ა-ის” 2002 წლის 30 დეკემბრის წერილიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნული წერილით მხარეთა შორის ხელშეკრულების შესრულების ახალი პირობები დადგინდა.

შპს აგარის 2005 წლის 25 მარტის წერილიდან გამომდინარე პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო პირობების დარღვევას მენარდის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ-ის” წარმომადგენელმა.

კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს რადგან, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, აგრეთვე არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან შპს „ა-მ“ შეასრულა მხოლოდ 24 200 ლარის სამუშაო, ხოლო რ-მ კონტრაჰენტს გადაურიცხა 26 746.55 ლარი, შესაბამისად შპს „ა-მ“ ზედმეტად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 2 546 ლარი.

კასატორის განმარტებით შპს „ა-მ“ შპს „ს. რ-ს“ შეუსრულა მხოლოდ 24 200 ლარის ღირებულების სამუშაო, შპს „ა-ს“ მიერ უსაფუძვლოდ მიღებული 2 546 ლარი ექვემდებარება უპირობო დაბრუნებას, როგორც ვალდებულების გარეშე მიღებული შესრულება, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ გაითვალისწინა.

Mკასატორის განცხადებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გარდა იმისა, რომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა რ-ის მოთხოვნა მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული 2 546 ლარის რ-ისთვის დაბრუნების შესახებ, რ-ს მოპასუხის სასარგებლოდ დამატებით დააკისრა 8 000 ლარის გადახდა, რაც ასევე უკანონოა.

კასატორის აზრით, საქმის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 976-ე მუხლები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი გარემოებათა გამო:

2001 წლის 11 ნოემბერს სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის ¹2 ფილიალის დირექტორ ა. ჯ-ძეს და შპს „ა-ს“ შორის დაიდო ¹15 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ა-მ“ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის დაემზადებინა 30 ცალი ტრანსფორმატორი „ო-ს ჩტუ 32-ცკ-227-01-76-ის და 100 „ა“ კლასის იზოლაციის ემალირებული სპილენძის მავთულისაგან დამზადებული მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი. აღნიშნული ნაწარმის საერთო ღირებულება შეადგენდა 34000 ლარს. ამავე ხელშეკრულების თანახმად ელექტრომომარაგების დისტანციას ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის 70% უნდა ჩაერიცხა წინასწარ, მასალების შესაძენად, ხოლო დარჩენილი 30% თანხისა სამუშაოს შესრულების შემდეგ.

დავის განხილვის მოცემულ ეტაპზე სადავო არ არის მხარეთა მიერ ვალდებულებათა შესრულება, მაგრამ რამდენად მოხდა მათ მიერ ამ ვალდებულებათა ჯეროვნად და სრულად შესრულება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული არ არის. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „ა-ს“ ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად, მის მოწინააღმდეგე მხარეს კი არა. სასამართლო ასეთი დასკვნის გაკეთებისას ეყრდნობა შპს „ა-ის“ გენერალური დირექტორის წერილს შპს „ს.რ-ის“ გენერალური დირექტორისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ მათ დაამზადეს სულ 33 ცალი გადახვეული ომეგის კოჭები და 50 ცალი კოჭის პირველადი ხვია. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის შეფასებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე.

აღნიშნული დოკუმენტი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩაითვლებოდა ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შპს „ა.“ შეასრულებდა იმ ოდენობისა, ხარისხისა და შესაბამისად ღირებულების პროდუქტს, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. აღნიშნული დასკვნის გაკეთება კი შესაძლებელია ამ ორი მტკიცებულების შეჯერებითა და შეფასებით. მოცემულ წერილში და ხელშეკრულებაში შესასრულებელ სამუშაოთა რაოდენობა განსხვავებულია. აღნიშნული ფაქტორის სწორად განსაზღვრაზე კი დამოკიდებულია სასამართლოს მიერ დავის განხილვის შედეგიც. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით შეუძლებელია სასამართლომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების საკითხი და ამასთან მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმათა დარღვევით, აღნიშნულ დარღვევასთან კი უშუალოდ დაკავშირებულია სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების შედეგი. აღნიშნულის გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება ამ მიმართულებით იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს შპს „ა-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოთა მოცულობა და მისი ღირებულება, შესაბამისად შპს „ს. რ-ის“ მიერ შესრულებული ვალდებულების მოცულობა და ამ ფაქტობრივი გარემოებათა შეფასებით განისაზღვროს მხარეთა შორის შეუსრულებელ ვალდებულებათა მოცულობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს ,,ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.