საქმე №169აგ-16 23 იანვარი, 2017 წელი
ი-ი ა. 169აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენით ა. ი-ი, – დაბადებული 19.. წლის .. დეკემბერს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 ივნისიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ი-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ა. ი-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 ივნისიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ი-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. ი-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით ა. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) - 6 თვით; 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 4 მაისის ეპიზოდი) - 6 თვით; 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 24 მაისის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით,ა. ი-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი, 10 თვე, 8 დღე და საბოლოოდ ა. ი-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2016 წლის 26 იანვრიდან.
8. 2016 წლის 12 ივლისს მსჯავრდებულმა ა. ი-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა, სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავის დასჯა შემდეგი საფუძვლებით: მას არ ჩაუდენია დანაშაული, მარნეულის შესასვლელთან უცნობმა პირებმა დააკავეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელზე დაადეს ბორკილი და ჯიბეში ჩაუდეს მისთვის უცნობი ნივთიერება, რასაც დაადასტურებს მისი დაკავების შემსწრე არაერთი პირი; პროკურორი და გამომძიებელი აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ი-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. მსჯავრდებული ა. ი-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაავადებულია C ჰეპატიტით და ითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებას, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას ან მის შემსუბუქებას; ასევე უთითებს, რომ ის პირები, რომლებმაც მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს, არიან ქვემო ქართლის სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები - კ-ი, ო-ი და კიდევ სხვა, ათი პირი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
4. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებების შესახებ, აღნიშნული, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომელიც კასატორს ასევე არ წარმოუდგენია.
5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ი-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი