¹ას-845-1158-07 19 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ხ. მ-ე; ხა. მ-ე, როგორც შ. კ-ის კანონიერი წარმომადგენელი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე – ნ. კ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მ 2006 წლის 25 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს ხ. მ-სა და შ. კ-ის მიმართ და მოითხოვა სოფელ ... ქიმიის დასახლებაში მდებარე თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის I და II სართულზე განლაგებული ორი ოთახის გამოთავისუფლება და მისთვის ჩაბარება, ასევე ამ ოთახების გამოთავისუფლება ხ. მ-სა და შ. კ-ის ნივთებისაგან.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი და მოპასუხე ხ. მ-ს შვილთან შ. კ-სთან ერთად დაევალა სოფელ ... მდებარე ნ. კ-ის საკუთრებაში არსებული სახლის გამოთავისუფლება.
ხ. მ-მ და შ. კ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ზემოაღნიშნულ სასამაართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2007 წლის 21 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
ხ. მ-მ და ხა. მ-მ, როგორც შ. კ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო პალატის 2007 წლის 21 აგვისტოს განჩინება და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ხ. მ-სა და შ. კ-ს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად ამ თანხის 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ხ. მ-სა და ხა. მ-ის როგორც შ. კ-ის კანონიერი წარმომადგენლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად ამ თანხის 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 65-66).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კასატორებს და მათ წარმომადგენელს (ს.ფ. 67; 69), რაც ხ. მ-ს პირადად ჩაბარდა 2007 წლის 20 ნოემბერს (ს.ფ 68).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზები გამოესწორებინათ 2007 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით; მაგრამ ხ. მ-სა და შ. კ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზები არ გამოუსწორებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ვინაიდან ხ. მ-მ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხ. მ-სა და ხა. მ-ის, როგორც შ. კ-ის კანონიერი წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.