Facebook Twitter

ას-846-1132-09 21 დეკემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ქ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე, გ. ქ-შვილის, ს. ც-ძის, ბ. თ-ძისა და გ. ხ-შელის სარჩელის გამო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ნუცუბიძე-52-ისა” და სს “საქტრანსგაზმრეწვის” მიმართ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. ქ-შვილს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად ამ თანხის 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 2 ოქტომბერს კასატორმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა მხოლოდ 300 ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, კასატორმა განცხადებით მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად გადაედოს გადასახდელად დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გ. ქ-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა.

2009 წლის 20 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გ. ქ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა. კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 4700 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 5 ნოემბერს გ. ქ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება საქართველოს კანონის “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გ. ქ-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა. კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 4700 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ტ.III, ს.ფ. 301-302).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2009 წლის 30 ნოემბერს (ტ.III, ს.ფ. 303). განჩინების ასლი გ. ქ-შვილს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 3 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია (ტ.III ს.ფ. 306).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 აპრილის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

გ. ქ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.