საქმე №174აგ-16 30 იანვარი, 2017 წელი
ზ-ე ვ. 174აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 23 მაისის განაჩენით ვ. ზ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის „ა“, „ი“ პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 28 მარტიდან.
2. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:
ვ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ვ. ზ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს.
საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განაჩენით ვ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენითა და 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. 2016 წლის 25 ივლისს მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 23 მაისის განაჩენის გადასინჯვა შემდეგი არგუმენტებით: ადვოკატი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებას - „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ვინაიდან საქმის განმხილველი კოლეგია, გარდა ერთი პროფესიონალი მოსამართლისა, ასევე შედგებოდა ორი არაპროფესიონალი მსაჯულისგან, რომელთაც არ ჰქონდათ მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების იურიდიული საფუძველი; ადვოკატის მოსაზრებით, ვინაიდან ვ. ზ-ს სისხლის სამართლის საქმე (გორგილაძის საქმის ანალოგიურად) განხილული აქვს სასამართლო კოლეგიას თითქმის იმავე პერიოდში და იმავე მსაჯულების მონაწილეობით, შესაბამისად, ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
11. მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში, ხოლო დამატებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, გარდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ასევე წარმოადგენს ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიც, რომელზეც, მართალია პირდაპირ არ მიუთითებია სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში, მაგრამ შუამდგომლობის შინაარსი განმსჭვალული იყო ამ სულისკვეთებით და სასამართლო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტებს, რომ კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ) უსაფუძვლოა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საქმეს. გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორს დარღვეული აქვს საქართველოს სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-21 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა.
4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს, რადგან საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესახებ, ვინაიდან კასატორს ასეთი მოთხოვნით სააპელაციო პალატისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამართლებრივად შეაფასოს დამატებით საკასაციო საჩივარში მითითებული ის საკითხი, რომელზეც სააპელაციო პალატას თავის გადაწყვეტილებაში კანონის შესაბამისად არ უმსჯელია.
5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი