Facebook Twitter

საქმე №177აგ-16 10 მარტი, 2017 წელი

ჭ-ე გ, 177აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენით გ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2014 წლის 23 მაისიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის განაჩენით უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენი გ. ჭ-ის მიმართ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ნ-ისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2016 წლის 25 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ნ-მა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. ჭ-ის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ მათ წარმოადგინეს ახალი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება გ. ჭ-ის უდანაშაულობა. შუამდგომლობაში ადვოკატი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული გ. ჭ-ე გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. მითითებული განაჩენით გ. ჭ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2014 წლის 6 მარტს უკანონოდ შეაღწია ქ. გ-ში, ჭ-ის №-–ში მდებარე ა. მ-ის კუთვნილ მობილური ტელეფონების მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობის ღირებულების მოძრავ ნივთებს: სხვადასხვა ფირმის მობილურ ტელეფონებს, „აიპადებს“, ციფრულ ფოტოაპარატს, ვიდეოკამერებს, მობილური ტელეფონის მეხსიერების ბარათებს, ნოუთბუქს და თანხას - 310 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით არსენ მახარაძეს მიადგა 24 620 ლარის ქონებრივი ზიანი. შუამდგომლობაში ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპარული ტელეფონების ჩამონათვალში ოცდამეოთხე ნომრად მითითებულია „სონი სტ261“ მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ---. განაჩენის გამოტანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტელეფონი მაღაზიას ქურდობამდე ერთი კვირით ადრე განვადებით ჰქონდა გაყიდული მოქალაქე ა. მ-ზე. დაცვის მხარემ დაადგინა ა. მ-ის დემოგრაფიული მონაცემები და სამსახური, სადაც ა. მ-ის თანხმობით, მოხდა მისი ტელეფონის დათვალიერება, რაზედაც შედგა ოქმი. ასევე, მოქალაქე ა. მ-მა დაცვის მხარეს წარუდგინა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მტკიცდება, რომ მობილური ტელეფონი შემთხვევამდე იქნა გაყიდული. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, შუამდგომლობის ავტორმა, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო გ. ჭ-ის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. კასატორი - მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, მართალია, წარმოადგენს ახალ ფაქტს, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ გახდა ცნობილი, მაგრამ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ ამტკიცებს არც გ. ჭ-ის უდანაშაულობას და არც მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო (წარმოდგენილი დოკუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ის ვერ მოახდენს გავლენას ვერც ქმედების კვალიფიკაციაზე და ვერც სასჯელზე). ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მხოლოდ მითითებული ორივე პირობის - გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას - ერთად არსებობა წარმოშობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას.

4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე