¹ას-848-1134-09 24 ნოემბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. ჯ-უა (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ უძრავი ნივთის მფლობელობიდან გამოთხოვა, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ. მ. და გ. ჯ-უების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 15 აპრილს მოსარჩელემ ნ. ჯ-უასაგან იყიდა ქ.თბილისში, ... გამზირის მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსში მდებარე ¹8 ბინა და აღრიცხა თავის სახელზე. მოგვიანებით შეიტყო, რომ ბინაში ცხოვრობდნენ ნ.ჯ-უას ნათესავები _ ნ. კ. მ. და გ. ჯ-უები, რომელთაც უძრავი ნივთის ფლობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. მოპასუხეთა განმატებით, ბინის მესაკუთრე ნ.ჯ-უამ, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ სახელზე გასცა გენერალური მინდობილობა და შეჰპირდათ, რომ სადავო ბინას გაასხვისებდა მათი მეშვეობით. აღნიშნულ მინდობილობას გაუვიდა ვადა, რის შემდეგ ნ.ჯ-უამ ახალი მინდობილობით სადავო ნივთის გასხვისების უფლება მიანიჭა თ.მაისურაძეს, რომლისგანაც იგი მოსარჩელემ იყიდა.
გ. ჯ-უამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მ.დ-შვილის მიმართ მოპასუხესა და თ.მაისურაძეს შორის სანოტარო წესით გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით და მიუთითა, რომ 1994 წელს ზეპირი გარიგების საფუძველზე ნ. ჯ-უასაგან 2500 აშშ დოლარის სანაცვლოდ შეიძინა სადავო ბინა, რაც არა ერთი მოწმის ჩვენებით დასტურდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა გ. ჯ-უას შეგებებული სარჩელი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ.დ-შვილის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ... მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსში მდებარე ¹8 ბინა გამოთხოვილ იქნა გ. ნ. კ. და მ. ჯ-უების მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მ. დ-შვილს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.თბილისში, ... გამზირის მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსში მდებარე ¹8 ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ. ჯ-უა, რომელმაც ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვა 1992 წლის 3 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხეები – ნ. კ. მ. და გ. ჯ-უები 1994 წლიდან სადავო საცხოვრებელ სახლს ფლობენ მესაკუთრის, ნ. ჯ-უას ნების საფუძველზე. 2008 წლის 15 აპრილს ნ. ჯ-უას ნდობით აღჭურვილი პირს _ თამარ მაისურაძესა და მ. დ-შვილს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. დ-შვილმა შეიძინა ზემოხსენებული ბინა და საჯარო რეესტრში აღირიცხა მის მესაკუთრედ. ზემოაღნიშნულ ბინაზე აბონენტად რეგისტრირებულია თავდაპირველი მესაკუთრე – ნ. ჯ-უა. მოპასუხეები – ნ. კ. მ. და გ. ჯ-უები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს და აღრიცხვაზე იმყოფებიან ლტოლვითა და განსახლების სამინისტროში. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობების თანახმად, მოპასუხეების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებითი გადაადგილებამდე იყო ოჩამჩირე, მოქვი, ხოლო დროებით საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ.თბილისი, ნუცუბიძის ქ.¹68, ბინა ¹8. შპს ვაკე-საბურთალოს რაიონის „საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრის“ დირექტორის მიერ გაცემული 2008 წლის 2 ივლისის ¹38 ცნობის მიხედვით, გ. ჯ-უა ცხოვრობს ვ.ფშაველას მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსის ¹8 ბინაში. აღნიშნულ ბინას აქვს ორი მისამართი – ვ.ფშაველას მე-2 კვარტლის მე-8 კორპუსის ¹8 ბინა და ნუცუბიძის ქ.¹68, ბინა ¹8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, რაც უნდა დადგინდეს ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების შედეგად. სასამართლომ იხელმძღვანელა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, 11 მუხლის „ა“ პუნქტით და განმარტა, რომ მოსარგებლის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობა უნდა გამომდინარეობდეს ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებიდან ან ადმინისტრაციული აქტიდან. პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მხარეთა შორის ურთიერთობის სპეციალური კანონის რეგულირების სფეროში მოქცევის თაობაზე ეფუძნება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოპასუხეები ჩაწერილები არიან სადავო ბინაში და იხდიან კომუნალურ გადასახადებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ დაადგინა მხარეთა (მოსარჩელის წარმომადგენლისა და მოპასუხეების) ახსნა-განმარტებებით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა სადავო ბინაში მოპასუხეების ჩაწერისა და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი, რაც ამტკიცებს მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობას. პალატის განმარტებით, წარმომადგენლის ახსნა-განმარტება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო გარემოების დადასტურებას. ზემოღნიშნული კანონის შესაბამისად, რეგისტრაციის ფაქტი უნდა არსებობდეს 1996 წლის 27 ივნისამდე, რაც მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ უღიარებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოერკვია, არსებობდა თუ არა აღნიშნული გარიგების დამდგენი ფაქტობრივი გარემოებები _ რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა, რომლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი აწესებს მტკიცების სტანდარტს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების არსებობის დასადასტურებლად. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები რეგისტრაციის ფაქტს ადასტურებენ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობით, რომლის მიხედვითაც მათ დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სადავო მისამართი. მოწმობები გაცემულია 2007 წლის მაისის შემდგომ პერიოდში. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 1996 წლის 27 ივნისამდე კანონით დადგენილი წესით სადავო მისამართზე მოპასუხეების მუდმივად ჩაწერის ფაქტობრივი გარემოება. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით არც 1996 წლის 27 ივნისამდე სადავო მისამართზე მოპასუხეების რეგისტრაციისა და არც მესაკუთრისათვის საფასურის გადახდის ფაქტობრივი გარემოება არ დგინდება. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა „საცხვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით არ უნდა მოწესრიგდეს. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეები სადავო ბინას ფლობენ რა თავდაპირველი მესაკუთრის _ ნ. ჯ-უას თანხმობით, წარმოადგენენ მართლზომიერ მფლობელებს. მიუხედავად აღნიშნულისა, მესაკუთრე უფლებამოსილია, დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით გამოითხოვოს ნივთი მართლზომიერი მფლობელობიდან. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ დასაბუთებული პრეტენზია წარადგინა, როცა განმარტა, რომ სადავო ბინა საცხოვრებლად ესაჭიროება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ჯ-უამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორები ჩაწერილნი იყვნენ სადავო ბინაში და იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს იმ მოტივით, რომ აღნიშნული გარემოებები ეფუძნება მოსარჩელის წარმომადგენლის და არა უშუალოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებული ფაქტისათვის მტკიცებულების მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭებინა. საცხოვრებელი სადგომის დათმობის გარიგებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ პალატამ გარიგების დამადასტურებელი გარემოებების არსებობა დადგენილად არ ჩათვალა. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ ირკვევა, თუ რას ემყარება სააპელაციო სასამართლოს შინაგანი რწმენა სადავო ბინის დათმობის გარიგების არარსებობის თაობაზე. სასამართლოს მსჯელობა ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან იგი უთითებს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს მოპასუხეთა სადავო ბინაში რეგისტრაციის ფაქტი არ უღიარებია. სააპელაციო პალატამ არ დაასაბუთა, თუ რა მიზეზით გაამახვილა ყურადღება მოსარჩელის წარმომადგენლის აღიარებაზე მაშინ, როცა იმავე აღიარებას მანამდე მტკიცებულებითი ძალა არ მიანიჭა. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოპასუხეებს სადავო ბინაში რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე არ მიუთითებიათ, ვინაიდან სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა, რომ წლების განმავლობაში მოპასუხეები მესაკუთრის სახელით იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს. რაც შეეხება რეგისტრაციას, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეები დევნილები არიან და მხოლოდ დროებით რეგისტრაციას ექვემდებარებიან. სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ნ.ჯ-უასათვის ბინის საფასური არ გადაუხდიათ. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთის ღირებულების გადახდა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და იმ ფაქტით, რომ 1994 წლიდან 2008 წლამდე მესაკუთრეს მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ფაქტობრივად, ნ.ჯ-უამ ხელმეორედ გაასხვისა ბინა, რის გამოც თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გ. ჯ-უას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ჯ-უას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია მესაკუთრის დასაბუთებული პრეტენზიის საფუძველზე მართლზომიერი მფლობელის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის კანონიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ემყარება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებს და სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჯ-უას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.