Facebook Twitter

ას-848-1207-06 25 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ე-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ქ-ა (მოპასუხე)

დავის საგანი _ დავალიანების გადახდევინება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა -- გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ე-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ე. ქ-ს მიმართ და მოითხოვა მისგან, როგორც აწ.გარდაცვლილი რ.ჩ-ის მეუღლისაგან, ნასესხები თანხის დაბრუნება მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა აბაშის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება გ.ე-ს სარჩელთან დაკავშირებით; გ. ე-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ე. ქ-ს მოსარჩელე გ. ე-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5577 ლარის გადახდა. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად.

აბაშის რაიონის სასამართლო აღმასრულებელმა ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ყადაღა დაადო მ. ჩ-ის კუთვნილ ქონებას (მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი) მდებარე აბაშის რაიონის, სოფელ ნაესაკოვოში.

მ. ჩ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. ე-ს მიმართ და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ დაყადაღებული ქონება არის მისი საკუთრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ჩ-ის კუთვნილი ქონება _ აბაშის რაიონის სოფელ ... არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი, ამოირიცხა სენაკის რაიონული სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 11 მაისის ოქმით დაყადაღებული ქონების აღწერის სიიდან და ამ ქონებას მოეხსნა ყადაღა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ.ე-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა სხდომას. 2003 წლის 12 ივნისს მისი საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადდა გ.ე-ა, რის გამოც მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 1 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.ე-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 12 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განახლდა საქმის წარმოება და საქმე საჩივრის განხილვის სტადიიდან განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გ. ე-ს საჩივარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ე-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გ.ე-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2004 წლის 27 აგვისტოს განჩინება; საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის 2004 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 9 ივნისის განჩინებით მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 29 ნოემბრის განჩინება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი გ. ე-ს და ზ. ქ-ს მიმართ ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა; განთავისუფლდა მ. ჩ-ის უძრავი და მოძრავი ქონება, ამოირიცხა სიიდან და განთავისუფლდა ყადაღისაგან მ. ჩ-ის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება მდებარე აბაშის რაიონის სოფელ ....

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ე-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ე-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. ე-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გ. ე-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად დაადგინა, რომ გ. ე-ს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობისას ამ ნორმით გათვალისწინებულ არც ერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია; სასამართლო უწყება დადგენილი წესით ჩაბარდა მხარეს და მის წარმომადგენელს, მიუხედავად ამისა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი ე. ე-ა, რომელსაც 2006 წლის 31 მაისისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები გააჩნდა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მეორე წარმომადგენლობისათვის ადვოკატის უფლებამოსილების შეწყვეტა არანაირად არ ათავისუფლებდა აპელანტს სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების ვალდებულებისაგან. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ასევე საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რადგანაც მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მისი გამოუცხადებლობა 2006 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, მისი საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე უსაფუძვლოა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ე-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.

კასატორმა თავისი საკასაციო საჩივარი დაასაბუთა იმით, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მისი გამოუცხადებლობა 2006 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, უსაფუძვლოა და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კასატორის განმარტებით 2006 წლის 25 მაისს სააპელაციო სასამართლოსთვის ცნობილი იყო მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ მისი წარმომადგენელი მ. გ-ი გათავისუფლდა ადვოკატის თანამდებობიდან და დაინიშნა აბაშის განათლების განყოფილებაში რესურსცენტრის დირექტორად, რაც გ.ე-სათვის ცნობილი გახდა 2006 წლის 25 მაისს. კასატორმა იმავე დღეს შეიტანა განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა და კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის გარეშე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს

სამოქალაქო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც გაფრთხილებული იყო სასამართლო. ამიტომ იგი თვლის, რომ არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ევალებოდა ეცნობებინა სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სააპელაციო სასამართლოს კი ჰქონდა საკმარისი დრო, აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინა მოწინააღმდეგე მხარისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე აპელანტ გ. ე-ს გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ე-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 385-387).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი გ. ე-ა, რომელიც გაფრთხილებული იყო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 381-382). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ადგილი არ ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ ისეთ შემთხვევას, როდესაც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აპელანტ გ. ე-ს გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით, ხოლო მისი ადვოკატისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებდა თავად აპელანტს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ვალდებულებისაგან. ამიტომ საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს გ.ე-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან 2006 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს სხდომის გადადების თაობაზე იმის გამო, რომ მის წარმომადგენელს, ადვოკატ მ. გ-ს შეუწყდა უფლებამოსილება და სასამართლოსათვის ცნობილი იყო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და გ. ე-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.