Facebook Twitter

№180აგ-16 13 მარტი, 2017 წელი

ა-ე კ, 180აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით კ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და შეკრების წესით მას დაენიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლის შესაბამისად, ამ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. ა-ეს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 5 სექტემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

3. ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით კ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ კ. ა-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 5 სექტემბრიდან 2007 წლის 12 აპრილამდე და სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 12 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

5. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა-ის მიმართ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რომელშიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, დაემატა წინა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მსჯავრდებულ კ. ა-ეს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა და თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 4 თვითა და 23 დღით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ტყიბულის რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2007 წლის 12 აპრილიდან.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: მსჯავრდებულ კ. ა-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა და ძირითად სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე; მასვე სსკ–ის 110–ე მუხლის პირველი და სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (1961 წლის რედაქცია) თერჯოლის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილი ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 9 თვითა და 13 დღით შეუმცირდა ¼–ით და სასჯელად განესაზღვრა 8 წელი, 1 თვე და 1 დღე. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 27 ივნისის ვადამდე ადრე გათავისუფლების განჩინების გამოტანის დროს მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1995 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელი. სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ. ა-ეს საბოლოოდ ძირითად სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი ძირითადი სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და ძირითად სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ. ა-ეს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 5 სექტემბრიდან 2007 წლის 12 აპრილამდე. განჩინებით განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაწყებულია 2007 წლის 12 აპრილიდან.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ა-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა, რამაც შეადგინა 2 წელი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ა-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რამაც შეადგინა 3 წელი. ამ განაჩენით მას შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. ა-ემ, რომელმაც საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენისა და ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენის გადასინჯვა.

9. შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მის ბრალეულობასთან დაკავშირებით საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით. აღნიშნულის საფუძვლად მსჯავრდებულმა მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მესამე პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76–ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მისი შუამდგომლობა ასევე დასაშვებია საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვინაიდან საქმეზე „ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაადგინა კონვენციის მე–6 მუხლის დარღვევა, რადგანაც საქმის განხილვაში მონაწილე პირები - მსაჯულები არ წარმოადგენდნენ „კანონის საფუძველზე შექმნილ“ სასამართლოს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. კასატორები – კ. ა-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

2. პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში (სხვა საფუძვლებთან ერთად) კასატორი ითხოვს განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) ქვეპუნქტის შესაბამისად, რის საფუძვლადაც მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს: საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კ. ა-ის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.

4. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ სხვა გარემოებებს, კერძოდ - განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ მისი საქმე განიხილა სასამართლოს არაუფლებამოსილმა შემადგენლობამ სახალხო მსაჯულების მონაწილეობით, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია - საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საპელაციო სასამართლოს არგუმენტებს აღნიშნულ საკითხებზე და მიუთითებს:

· ორი მსაჯულის მონაწილეობით სასამართლოს მიერ საქმის განხილვა გათვალისწინებული იყო ,,უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–8 მუხლის მე–2 ნაწილით. მსაჯულები აირჩიეს 1991 წელს, ხოლო მათი უფლებამოსილების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, კერძოდ, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მსაჯულებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ 2005 წლის 31 დეკემბრამდე. ამდენად, საქმის განმხილველი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის არსებობა მოქმედი კანონით იყო გათვალისწინებული.

· საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი, უნდა არსებობდეს ამ კონკრეტულ საქმეზე. მოცემულ საქმეზე კი მსაჯულთა მონაწილეობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიუღია.

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ კ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ კ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე