Facebook Twitter

საქმე №181აგ-16 თბილისი

გ-ი შ. 181აგ-16 26 იანვარი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით შ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 400 ლარი, 273-ე მუხლით - ჯარიმა - 200 ლარი და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. გ-ს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის განაჩენით შ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 3000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა - 7000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა ნაწილობრივ შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ. გ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შ. გ-ს განესაზღვრა 15 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 26 სექტემბრიდან. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ჯარიმიდან (3000 ლარიდან) 1000 ლარი მიემატა 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ ჯარიმას (7000 ლარს) და საბოლოოდ შ. გ-ს ჯარიმის სახით განესაზღვრა 8000 ლარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განაჩენით ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: შ. გ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის კანონი) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი). შ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 ივნისის კანონი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის კანონი) - ჯარიმა - 3000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის კანონი) - ჯარიმა - 7000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელების შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით შ. გ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შ. გ-ს განესაზღვრა 15 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 26 სექტემბრიდან. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ჯარიმიდან (3000 ლარიდან) 1000 ლარი მიემატა 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ ჯარიმას (7000 ლარს) და საბოლოოდ შ. გ-ს ჯარიმის სახით განესაზღვრა 8000 ლარი.

4. ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის დადგენილებით დაზუსტდა მსჯავრდებულ შ. გ-ს სასჯელის ათვლის თარიღი, კერძოდ: ნაცვლად 2005 წლის 26 სექტემბრისა, მიეთითა 2006 წლის 9 სექტემბერი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: მსჯავრდებულ შ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე დანიშნული ჯარიმა - 8000 ლარი და საბოლოოდ ჯარიმის სახით განესაზღვრა 4000 ლარი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით შ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 3000 ლარი, ამავე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 5000 ლარი და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 8000 ლარი. მოცემული განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 15 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 8000 ლარი და საბოლოოდ შ. გ-ს განესაზღვრა 20 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 16000 ლარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ შ. გ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განაჩენზე.

9. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ შ. გ-ს ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე და დარჩა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე გაუნახევრდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად და დარჩა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

10. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 თებერვლის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ დადგენილებით ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი ტექსტი: შ. გ-ს სასჯელის ვადაში არ ჩაეთვალა 2006 წლის 10 მარტიდან 2006 წლის 9 სექტემბრამდე დრო, რომლის განმავლობაშიც გაქცეული იყო.

11. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული შ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის დანარჩენი მუხლებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული შ. გ-ი გათავისუფლდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლით დადგენილი სასჯელებისგან; მასვე ¼-ით შეუმცირდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 ივნისის კანონი) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებით სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა (2000 წლის 5 მაისის კანონი) და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 ივნისის კანონი) დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წელი, 7 თვე, 14 დღე და საბოლოოდ შ. გ-ს განესაზღვრა 14 წლით, 4 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 25 აპრილიდან.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დაზუსტდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა (2000 წლის 5 მაისის კანონი) და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 ივნისის კანონი) დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წელი, 2 თვე, 1 დღე და საბოლოოდ შ. გ-ს განესაზღვრა 13 წლით, 11 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 25 აპრილიდან. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შ. გ-ს შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვდა საბოლოო სასჯელის განსაზღვრას ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დაზუსტდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება და მსჯავრდებულ შ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 11 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, გასაჩივრებული განაჩენი საბოლოო სასჯელის ნაწილში შეიცვალა მსჯავრდებულ შ. გ-ს სასიკეთოდ და განესაზღვრა 13 წლით, 11 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 25 აპრილიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

16. 2016 წლის პირველ აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა შ. გ-მ და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ შ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

18. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და წარდგენილ მსჯავრდებაში ნაწილობრივ გამართლება საქმის მასალების ხელახლა გამოკვლევისა და სასამართლო სხდომაზე მისი დაკითხვის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ შ. გ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ შ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი