Facebook Twitter

¹ას-849-1162-07 28 დეკემბერი,2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. ფ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი – გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 6 აგვისტოს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ს-მ, მოპასუხედ დ. ფ-ი დაასახელა და მოითხოვა მოპასუხის სახლის სახურავზე წყლის ღარის, ე.წ. „ჟოლობის“ გაკეთება, მოსარჩელის სახლიდან 20-25 სმ-ით დაშორებული ტუალეტისა და სააბაზანოს სარკმელის გაუქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ლითონის ფურცლით დახურვა, სახლის წინა ნაწილში მოწყობილი წყლის ონკანის ავზის კეთილმოწყობა, საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კიბის, კარების, აივნისა და აივნის გადახურვის ქოლგის გაუქმება, რომელსაც მ.ს-ის საცხოვრებელი ტერიტორიისკენ აქვს დახრა. შესასვლელ ჭიშკართან 40 სმ-ში განთავსებულ წყლის ბოგირში ჩამავალი ფეკალური წყლების ჩადენის აკრძალვა, საზღვარში არსებული ხეების მოჭრა და საზღვრის გასწვრივ დ.ფ-ს სახლის ღიობების ამოკეტვა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ. ფ-ს დაევალა შემდეგი სამუშაოების შესრულება: შენობა-ნაგებობების სახურავიდან მოდენილ წყლებისათვის წყალშემკვრელი ღარებისა და ვერტიკალური მილების გაკეთება, ამ და წვიმების დროს ეზოში დაგროვილი წყლებისათვის ბეტონის არხის მოწყობა, რომელიც შეუერთდება ქუჩაში გამავალ არხს. საცხოვრებელი სახლების უკანა მხარეს ატმოსფერული წყლების მოშორება იქვე მდებარე არხში. სამეურნეო ფეკალური კანალიზაციის არ არსებობის გამო შემკრები ავზის მოწყობა, რომელსაც შეუერთდება საკვანძი და ეზოში არსებული წყლის ონკანი. საცხოვრებელ სახლზე და სახურავზე მ. ს-ის მხარეზე არსებულ კარებსა და ფრამუგის ღიობების გაუქმება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ს-ს შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება და გასაჩივრებულ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხე დ. ფ-ს დაევალა მ. ს-ის შენობიდან 5 მეტრზე ნაკლები ზომით დაშორებული, მის ეზოში არსებული ხეებისა და უნებართვოდ აღებული საფრინველის აღება.

დასახელებული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

დ. ფ-მა 2007 წლის 3 ივლისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რომლითაც დ. ფ-ს დაევალა მ.ს-ის შენობიდან 5 მეტრზე ნაკლები ზომით დაშორებული, მის ეზოში არსებული ხეებისა და უნებართვოდ აღებული საფრინველის აღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით დ. ფ-ს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოება ვერ გახდება კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მიღებული იქნა 1996 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო იმავე წლის 19 ნოემბერს იგი ოფიციალურად გამოქვეყნდა „საქართველოს კანონმდებლობის მაცნეში“.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ კანონის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მოქმედებს მისი ცოდნის პრეზუმფცია, ანუ ითვლება, რომ ამ კანონის შინაარსი ცნობილია ყველასათვის. შესაბამისად ითვლება, რომ დ. ფ-სათვის იმ გარემოების თაობაზე, რასაც ამჟამად მიიჩნევს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე 1996 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც აღნიშნული კანონი, ოფიციალურად გამოქვეყნდა „საქართველოს კანონმდებლობის მაცნეში“.

პალატის განმარტებით, განმცხადებლის განმარტება იმის შესახებ, რომ მან მხოლოდ 2007 წლის 20 ივნისს შეიტყო „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის არსებობა და აღნიშნულ დროს გაეცნო 47-ე მუხლს, ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონის არ ცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ს წარმომადგენელმა გ. კ-მ.

კასატორის აზრით, განცხადებაში არ იყო ნათქვამი კანონის არ ცოდნაზე. ნათქვამი იყო მხოლოდ გარემოების არცოდნაზე, რომელიც რეალურად არსებობდა.

ასევე კასატორის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ე.ი. ეს ნორმა ბათილია 1997 წლის 25 ნოემბრიდან, რადგან კანონი თუკი გამოქვეყნებულია, ყველას ეთვლება, რომ იცის მისი არსებობაც და მისი შინაარსიც.

კასატორის განმარტებით, ამ განჩინებაში მითითებული გარემოება კიდევ უფრო აქარწყლებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, „მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას“.

ასევე კასატორის განმარტებით, ამ ნორმის კომენტარებში აღნიშნულია, რომ მისი გამოყენებისას სასამართლოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ორი პირობა, პირველი: ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მეორე: მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.