Facebook Twitter

ას-850-1064-08 27 აპრილი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ მ. მ-ძე, ლ. ა-იანი (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი ­_ მ. ჯ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს. ს. ე.“ სს „ს. გ. ს. ე.“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ა-იანმა და არასრულწლოვან მ. მ-ძის წარმომადგენელმა ლ. ა-იანმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შპს „ს. ს. ე.“ და სს „ს.. გ. ს. ე.“ მიმართ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ლ. ა-იანი ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფელ მექვენაში, სადაც მას ეკუთვნის 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი. 1964 წელს აღნიშნულ ნაკვეთზე აშენდა ელექტროქვესადგური. 1965 წლიდან, ელექტროქვესადგურის ფუნქციონირების დაწყების დღიდან, თვითონ და მისი ოჯახის წევრები დასაქმებული იყვნენ ამ ქვესადგურში და იღებდნენ ხელფასს. 1991 წელს გარდაეცვალა მამა ო. ა-იანი, 1998 წელს _ დედა ლ. ა-იანი. მათი გარდაცვალების მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე დაავადება. გარდა ამისა, ო. ა-იანს დადგენილი ჰქონდა ფილტვების, ხოლო ლ. ა-იანს _ სარძევე ჯირკვლების კიბო. ამავე ოჯახში ცხოვრობს მისი 14 წლის დისშვილი მ. მ-ძე, რომელიც დაავადებულია ლეიკემიით. აღნიშნული დაავადებები გამოწვეულია ელექტროქვესადგურის ექსპლუატაციისა და ელექტროენერგეტიკული დანადგარების ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევით, რის გამოც ისინი იძულებული არიან, გამოიცვალონ საცხოვრებელი ადგილი. ქვესადგურის მფლობელისაგან მისმა ოჯახმა განიცადა როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატება მის სარგებლობასა და საკუთრებაში არსებული 0,06 ჰა მიწის ნაკვეთის ეროზიით, ნარგავებისა და ნაყოფის მომცემი სხვა მცენარეების გახმობით და სხვა. მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მორალური ზიანის _ 3 000 000 ლარის, მატერიალური ზიანის _ 120 000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე შპს «ს. ს. ე.» წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: წყალტუბოს რაიონის სოფელი მექვენის 35 კვ ქვესადგური და 35/10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები ექსპლუატაციაშია სამშენებლო, საექსპლუატაციო და უსაფრთხოების, ასევე ელექტროდანადგარების მოწყობისა და ელექტრული დაცვის ნორმების სრული დაცვით, რომლებიც ელექტრული ველის ზემოქმედების თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენენ. უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მითითება ადამიანებსა და მცენარეებზე მათი მავნე ზემოქმედების შესახებ. რაც შეეხება სანიტარული ნორმებისა და წესების დარღვევებს, აღნიშნულზე კონტროლი ევალება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის დეპარტამენტს. მითითებულ საკითხზე საჭიროა სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარება. ზემოაღნიშნული ადასტურებს მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობას, გამორიცხავს რაიმე სახის მიზეზობრივ კავშირს მ.მ-ძის ავადმყოფობასთან, ასევე ნიადაგის ეროზიასა და ხეხილ-ვენახის გახმობასთან.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.ა-იანისა და მ.მ-ძის წარმომადგენელ ლ.ა-იანის სარჩელი, ხანდაზმულობის გამო, არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მ.მ-ძის წარმომადგენელ ლ. ა-იანისა და ლ. ა-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მ.მ-ძის ჯანმრთელობისათვის, ნიადაგის ეროზიისა და ნარგავებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდა სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ა-იანის, ლიანა ა-იანისა და მ. მ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ მატერიალური ზიანის _ 64270 ლარის, 160 000 ევროს ეკვივალენტი ლარის, ასევე სოლიდარულად მორალური ზიანის _ 130 000 ლარის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადახდა, ხოლო ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 28 მარტის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.მ-ძისა და ლ.ა-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ლ.ა-იანმა და მ.მ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტთა მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარისათვის მიწით სარგებლობის საზღაურის დაკისრების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების მომზადების ეტაპზე აპელანტებმა მოთხოვნა შეამცირეს და მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, მოგვიანებით კი მათ მოთხოვნა კვლავ გაზარდეს და მოითხოვეს მიწით სარგებლობისათვის ქირის მოპასუხისათვის დაკისრება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელნატთა განმარტება, რომ მითითებული მოთხოვნით მათ დავის საგანი დააზუსტეს და არ გაუზრდიათ, ვინაიდან მოსარჩელის შეცვლილი მოთხოვნა სარჩელის დაზუსტებად ჩაითვლება, როდესაც იგი გამომდინარეობს სარჩელიდან, იკითხება მასში და დაზუსტებული მოთხოვნა თავდაპირველი მოთხოვნის გონივრული განმარტებაა, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეთა მიერ ზემოხსენებული ქირის გადახდევინების მოთხოვნა მოსარჩელეთა არც ერთი თავდაპირველი მოთხოვნის განმარტებიდან არ გამომდინარეობს. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ მექვენაში ლ. ა-იანის ეზოში დგას 35/10 კვ ძაბვის მქონე ელექტროსადგური. მ. მ-ძე დაავადებულია მწვავე ლეიკემიით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნების მიხედვით, მეცნიერების თანამედროვე მიღწევებით ვერ დგინდება 35/10 კვ სიმძლავრის ელექტროქვესადგურის ექსპლუატაციით გამოწვეული ელექტრული ველის დაძაბულობის რა ოდენობას შეუძლია გამოიწვიოს ლეიკემიით დაავადება და ჯანმრთელობისათვის საშიშ ზონაში რა დროის მონაკვეთში ყოფნა იწვევს დაავადების განვითარებას. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სოფელ ..... განთავსებული ელექტროსადგურის ფუნქციონირების შედეგად მ. მ-ძის ლეიკემიით დაავადების ფაქტს. პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ელექტროგადამცემი ხაზების ლეიკემიის დაავადების გამომწვევ წყაროდ მიჩნევის შემთხვევაშიც არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მ.მ-ძე ელექტროქვესადგურში არ მუშაობდა და სოფელ .... არ ცხოვრობდა, იგი ავადაა 1998 წლის 23 ივლისიდან, რა დროსაც მოსარჩელე 11 წლის იყო. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მ.მ-ძე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ელექტრული ველის უშუალო ზემოქმედების არეალში და მისი დაავადება გამოწვეული იყო ელექტრო ველის ზემოქმედებით და არა სხვა რაიმე მიზეზით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლ. ს-ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა 2007 წლის 3 ივლისის დასკვნაზე, რომლითაც არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ელექტროქვესადგურის ფუნქციონირებასა და მასში მომუშავე პერსონალის დაავადებას შორის, რაც თავისთავად ნაკლებსავარაუდოს ხდის ისეთ პირთა დაავადებას, რომლებიც ელექტროქვესადგურში არ მუშაობდნენ. სამოქალაქო კოდექსის 992-ე და მე-1000 მუხლებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წამოიშობა მაშინ, როცა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ა-იანმა, მ. მ-ძემ და მათმა წარმომადგენელმა მ. ჯ-ძემ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. დადგენილია და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ მექვენაში მდებარე მიწის ნაკვეთი ლ. ა-იანის საკუთრებაა. 0,06 ჰა მიწის ნაკვეთზე ლ.ა-იანის მშობლების ნებართვის გარეშე, ტექნიკური და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით აშენებულია მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული ელექტროქვესადგური. აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობისას დაშვებულ დარღვევებს ადასტურებს 2003 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის ¹957-2 დასკვნა. ასევე დადასტურებულია ის გარემოება, რომ ლ.ა-იანის მშობლები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ქვესადგურში, რამაც გამოიწვია მათი სიმსივნით დაავადება და ადრეული სიკვდილი. ასევე დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მ. მ-ძის დედა გათხოვებამდეც და შემდგომაც ცხოვრობდა ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც მან და მისმა შვილმა მიიღეს ჯანმრთელობისათვის საშიში დასხივება. აღნიშნულმა გამოიწვია მ.მ-ძის ლეიკემიით დაავადება, რაც გამოიხატა მეტად მძაფრი სიმპტომებით და საჭიროებდა რთულ მკურნალობას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ, ექსპერტთა დასკვნის თანახმად, ლეიკემიის გამომწვევი ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ხშირი და ძლიერი ელეტროენერგიის დასხივება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად, ხოლო ლ. ა-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მ. მ-ძე წყალტუბოს რაიონის სოფელ ..... არ ცხოვრობდა და ელექტროქვესადგურში არ მუშაობდა. ამავდროულად, სასამართლომ დაუდგენლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ. მ-ძე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ელექტრული ველის უშუალო ზემოქმედების არეალში.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მ. მ-ძის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რისთვისაც აუცილებელია, დადგინდეს ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სავალდებულო ოთხი წინაპირობის არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

საკასაციო პალატა სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის დამაჯერებლად და სარწმუნოდ განხორციელება, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა განამტკიცებს მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის თანაბრად გადანაწილებას _ ორივე მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს წარდგენილი სარჩელისა თუ შესაგებლის საფუძვლიანობა. მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილია და ვალდებული, თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და, შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს.

მოცემულ დავაში მოსარჩელე ზიანის, მ.მ-ძის ლეიკემიით დაავადების გამომწვევ მიზეზად უთითებდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მ. მ-ძე დაავადებამდე ცხოვრობდა რა სოფელ მექვენაში, სადავო ნაგებობიდან გამომდინარე, ელექტრული ველის უშუალო ზემოქმედების არეალში უხდებოდა ყოფნა. ამ ფაქტობრივი გარემოების დამაჯერებლად გამოკვლევისა და დადგენის საჭიროებაზე ხაზგასმით მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის განჩინებითაც. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ დასახელებულ გარემოებას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ანუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უპირველესად უნდა დადგენილიყო, იმყოფებოდა თუ არა (დადებით შემთხვევაში _ რა ხანგრძლივობით) მ. მ-ძე ჯანმრთელობისათვის საშიშ ზონაში. აღნიშნულის მტკიცება კი მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლოს დასკვნა, რომ მ.მ-ძე სოფელ მექვენაში არ ცხოვრობდა, ეყრდნობა თვით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას (ტ. 2 ს.ფ. 180). მიუხედავად საკასაციო სასამართლოს მითითებებისა, მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას საწინააღმდეგოს დამამტკიცებელ დოკუმენტზე არ მიუთითებია და საგულისხმოა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არც საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. თავისთავად ზიანის _ ლეიკემიით დაავადების არსებობა კი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას უნდა შემოწმდეს ზიანის მაკვალიფიცირებელი წინაპირობები, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი პირობის არარსებობა დაშვებულია კანონით (მაგ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მესამე ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის დადგენილი არ არის, ვინაიდან მხარემ ვერ დაამტკიცა ჯანმრთელობის დაზიანება საშიშ გარემოში დიდხანს ყოფნით.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული საკასაციო საჩივრის ზოგადი მითითებები, რომ სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ასევე ზოგადია და დაუსაბუთებელი მითითება სარჩელის საფუძვლად დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის შესახებ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე, რაც კასაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ დავაზე მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ზიანის ანაზღაურების კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანს წარმოადგენდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებისა და ბრალის საკითხის გამოსარკვევად მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი ანუ სასამართლოს, მ.მ-ძის სადავო ტერიტორიაზე ყოფნის(ცხოვრების) ფაქტის დადგენის შემდეგ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებით უნდა დაედგინა, მოქმედებდა თუ არა ამ ქმედებაში ეჭვმიტანილი პირი _ მოპასუხე მართლსაწინააღმდეგოდ. როგორც გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში აღინიშნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველ. ასეთი მოთხოვნის აუცილებელი პირობის _ მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლობა. ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ამ გარემოებებით არ არის გამოწვეული, საკასაციო სასამართლო აღნიშნულზე სააპელაციო პალატის კვლევასა და დასკვნებს არ აფასებს. თუმცა აქვე უთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის თანაბარი გადანაწილების ზოგადი დანაწესიდან განსხვავებით ზოგჯერ მოქმედებს საპროცესო ან მატერიალური სამართლით გათვალისწინებული გამონაკლისი. ზოგიერთ შემთხვევაში მატერიალური სამართლის ნორმებით მტკიცების ტვირთი შებრუნებულია (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 992-ე, 995-ე, 1012-ე მუხლები და სხვ), რა დროსაც მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგო არ არის.

რაც შეეხება ლ. ა-იანის საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ა-იანმა და მ. მ-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის მორალური ზიანის, მომავალში მკურნალობის ხარჯებისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, თუმცა 2008 წლის 23 დეკემბრის განცხადებით კასატორებმა უარი განაცხადეს მოთხოვნაზე მატერიალური ზიანის _ 64 270 ლარის ანაზღაურების შესახებ.

ამდენად, მოცემულ ეტაპზე საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.მ-ძის მოთხოვნა მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო მკურნალობის ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, საკასაციო საჩივრით სადავოა რა მ.მ-ძის უფლების დარღვევა, ლ. ა-იანი არ არის უფლებამოსილი, იდავოს მ.მ-ძისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 396-ე მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ.ა-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

ლ. ა-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.