საქმე №185აგ-16 16 მარტი, 2017 წელი
ჯ-ი ტ, 185აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება: ტ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის“ უკანონოდ შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. ტ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით (2012 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ტ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (2013 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სრულად შეიკრიბა ტ. ჯ-ის მიმართ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ტ. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. ტ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2013 წლის 14 იანვრიდან.
2. ტ. ჯ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ტ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
4. ტ. ჯ-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ, სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შთანთქა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (ორი ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელები - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ტ. ჯ-ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის შესაბამისად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 წელი ჩაეთვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ტ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 14 იანვრიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განაჩენი ტ. ჯ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ტ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ტ. ჯ-ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, აგრეთვე საექიმო და ფარმაცევტული, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2015 წლის 30 სექტემბრიდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენით პროკურორ ზურაბ კონცელიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენი ტ. ჯ-ის მიმართ შეიცვალა მსჯავრდებულის საუარესოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ტ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით ტ. ჯ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ტ. ჯ-ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 30 სექტემბრიდან. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, აგრეთვე საექიმო და ფარმაცევტული, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
7. 2016 წლის 14 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ტ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-ემ, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა და ტ. ჯ-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის 1000 ლარით ჯარიმით შეცვლა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. კასატორი – მსჯავრდებულ ტ. ჯ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ტ. ჯ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალებების - ,,ბუპრენორფინისა“ და ,,დეზომორფინის“ უკანონოდ მოხმარებისთვის, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, რის გამოც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
6. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პრაქტიკა არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ტ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ტ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე