Facebook Twitter

საქმე №187აგ-16 16 მარტი, 2017 წელი

ხ-ი ნ, 187აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განაჩენით ნ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

2. ნ. ხ-ს მსჯავრი დაედო განზრახ ჩადენილ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის 11 დეკემბერს ქ-ის რაიონის სოფელ დ-ში მცხოვრები ნასვამი მ. ც-ე მცირეწლოვან შვილსა და მეუღლესთან - ნ. ხ-თან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 15:00 საათზე, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, მას ნ. ხ-თან მოუხდა შელაპარაკება, რა დროსაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულზე განაწყენებულმა ნ. ხ-მა შურისძიების მოტივით განიზრახა მ. ც-ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ. ხ-მა აიღო დასაკეცი დანა, დაარტყა მ. ც-ეს გულმკერდის მარცხენა ნახევარში და მიაყენა გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა, რის შედეგადაც მ. ც-ე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ნ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. 2015 წლის 11 ნოემბერს მსჯავრდებულმა ნ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ შემდეგი მოტივებით: საქმეში მოწმეებად დაკითხული პირები ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მას მ. ც-ესთან ჰქონდა დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა და რომ მ. ც-ე იყო დაჭრილი, რასაც თავად მსჯავრდებულიც არ უარყოფს; ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს ნ. ხ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს; ექსპერტის განმარტებიდან ჩანს, რომ თავად მ. ც-საც შეეძლო აღნიშნული ჭრილობის მიყენება; საქმეში არ შეიძლება იყოს დანიდან აღებული მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდები, რადგან მას დანა არ სჭერია და არც დაზიანება მიუყენებია გარდაცვლილისათვის, რომელიც ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს, თვითდაზიანებებსაც იყენებდა და ნ. ხ-საც აყენებდა შეურაცხყოფას, რისთვისაც პოლიციამ რამდენჯერმე გააფრთხილა. შემთხვევის დღესაც იყო ძლიერ ნასვამი, მსჯავრდებულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ნ. ხ-ი გავიდა სახლიდან და დაურეკა პოლიციის თანამშრომელს; მას მეუღლის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, არც პოლიციას დაურეკავდა, არც წაქცეული მ. ც-ის დასახმარებლად დაუძახებდა მეზობლებს და არც საავადმყოფოში გაჰყვებოდა, პირიქით, ეცდებოდა, გარიდებოდა შემთხვევის ადგილს. მსჯავრდებულის აზრით, მის მიმართ განაჩენი დადგინდა საეჭვო და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით კი ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა გამოირიცხა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. კასატორი – მსჯავრდებული ნ. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ირიბ ჩვენებებს და მიუთითებს:

4. მოწმეთა ჩვენებები იმ ნაწილში, რომ მათთვის პოლიციის თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი ნ. ხ-ის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემის შესახებ, თავისთავად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ეფუძნება სხვა პირთა მიერ (ძირითადად, პოლიციელების) გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, მოწმეების ჩვენებების ის ნაწილი, რომელიც შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებსა და მეუღლეებს შორის არსებულ ურთიერთობას ასახავს, პირდაპირია და აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს. გარდა ამისა, პალატა მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებების ის ნაწილი, რომელშიც ისინი უთითებენ პოლიციისგან მიღებულ ინფორმაციაზე, არც გამხდარა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ძირითადი საფუძველი და განაჩენი ემყარება სხვა, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებს, რომლებითაც დასტურდება კონფლიქტური სიტუაციის არსებობა მეუღლეებს შორის (მათ შორის - მ. გ-ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება 2011 წლის 10 დეკემბერს განხორციელებული დანით მუქარის ფაქტი) და შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებს, დანაშაულის იარაღს – დანას, ექსპერტიზის დასკვნებსა და სხვა წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც, პალატის აზრით, საკმარისია ნ. ხ-ის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. ხ-ის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ შემთხვევას არ ჰყავს თვითმხილველი, პალატა აღნიშნავს, რომ თვითმხილველი მოწმის არარსებობა თავისთავად არ მიუთითებს პირის უდანაშაულობაზე. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ც-ესა და ნ. ხ-ს შეუღლების შემდეგ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა ოჯახურ და საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ისინი ხშირად აყენებდნენ ერთმანეთს შეურაცხყოფას; 2011 წლის 10 დეკემბერს, მკვლელობის წინა დღესაც, ნ. ხ-მა მ. ც-ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ფრჩხილებით ჩამოაკაწრა სახე, გაშლილი დანით ხელში ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ არ დაინდობდა და მოკლავდა, თუ მისგან წავიდოდა (მოწმე მ. გელაშვილის ჩვენება); თავად დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ მხოლოდ მ. ც-ე და ნ. ხ-ი (მცირეწლოვან შვილთან ერთად); დანა, რომელსაც შერჩენილი ჰქონდა სისხლის კვალი (რომელიც, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეესაბამება მ. ც-ის სისხლის ჯგუფს), მ. ქ-მა და ე. ბ-ემ იპოვეს საწოლის ქვეშ. ამ უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ნ. ხ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ხოლო დაცვის მხარის ვერსია უბედური შემთხვევის შედეგად მ. ც-ის გარდაცვალების შესახებ მიიჩნია არადამაჯერებლად, რადგან არ არის სარწმუნო, რომ შემთხვევით, გულმკერდის არით დანაზე წამოგებულ მ. ც-ეს თავისი ხელით ამოეძრო დანა ჭრილობიდან და შეეგდო საწოლის ქვეშ.

6. საკასაციო პალატა იზიარებს გადასასინჯი განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ განაჩენი აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა, ვინაიდან მტკიცება გამომდინარეობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს.[1]

7. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ იგი არ ეთანხმება საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოს შეფასებებს, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის პოზიცია განაჩენის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებთა გამო განაჩენის გადასინჯვის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.

8. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] ECtHR, 1/03/2000, Labita v. Italy, №26772/95; ECtHR, 7/07/2011, Fyodorov and Fyodorova v. Ukraine, №39229/03.