¹ას-851-1208-06 1 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. და თ. ლ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ა. და თ. ლ-ების სარჩელის გამო მოპასუხე მ. გ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. და თ. ლ-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ნოტარიუს მ. გ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1999 წლის 19 თებერვალს მ. გ-სგან, როგორც ზ. ს-ის რწმუნებულისგან, შეიძინეს ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულება დაადასტურა ნოტარიუსმა მ. გ-მ. რწმუნებულება გამოგზავნილი იყო კიევიდან და შედგენილი იყო რუსულ ენაზე. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული რწმუნებულების შემოწმება, მაგრამ ნოტარიუსმა ისინი დაამშვიდა და უთხრა, რომ ასეთი მინდობილობებით რამდენიმე გარიგება აქვს დადასტურებული და თვითონ იყო პასუხისმგებელი გარიგების ნამდვილობაზე. მოსარჩელეებმა მიუთითეს ასევე, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 19 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ზ.ს-ის რწმუნებულ მ.გ-სა და ა. და თ. ლ-ებს შორის ქ.თბილისში, ...-3-ის, III ა მ/რ-ის, 325-ე კორპუსის, ბინა ¹26-ში მდებარე ბინაზე, ხოლო მოსარჩელეები გამოსახლებულ იქნენ ბინიდან. იმავე გადაწყვეტილებით მ.გ-ს დაეკისრა მოსარჩელეების მიერ გადახდილი თანხის გადახდა. გადაწყვეტილება აღსრულდა ცალმხრივად მოსარჩელეების გამოსახლებით, მაგრამ ბინის საფასური დღემდე არავის გადაუხდია. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ნოტარიუს მ.გ-ის უხეში დაუდევრობით დარჩნენ უსახლკაროდ, რადგან მისმა მოქმედებამ შეუწყო ხელი ზიანის დადგომის შესაძლებლობას. მოსარჩელეებმა მოითხოვეს, რომ მოპასუხე ნოტარიუს მ. გ-ს დაკისრებოდა მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, ქ.თბილისში, ... ტერიტორიაზე იმავე ფართის ბინის შეძენა.
მოპასუხე ნოტარიუსმა მ. გ-მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან, მათთვის ზიანი არ მიუყენებია, არც გაუფრთხილებელი ქმედებით. მ.გ-ის მიერ წარმოდგენილი მინდობილობის ნამდვილობა, რომელიც დამოწმებული იყო კიეველი ნოტარიუსის მიერ, გარეგნული ნიშნის მიხედვით, ეჭვს არ იწვევდა. ამასთან, მოპასუხე ვერ იქნება სოლიდარული მოვალე, რადგან არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ვ.გ-ის მიმართ, ვისი დანაშაულებრივი ქმედებითაც მიადგა ზიანი მოსარჩელეებს, ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ.გ-ს დაეკისრა 4800 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ა. და თ. ლ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და თ. ლ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ა. და თ. ლ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნოტარიუს მ.გ-ის ქმედებას არ მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგოდ და, შესაბამისად, მას (მ.გ-ს) პასუხისმგებლობა ქონებრივი ზიანისათვის მოსარჩელის მიმართ არ ეკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და თ. ლ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. და თ. ლ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
მ. გ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ა. და თ. ლ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ა. და თ. ლ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. და თ. ლ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.