ას-852-1066-08 9 მარტი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ პ. თ-ძე (წარმომადგენელი ლ. მ-ანი)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ მ. თ-ძე, ნ. ძ-ური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 აგვისტოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
სარჩელის დავის საგანი _ სამკვიდროს გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს მ. თ-ძემ და ნ. ძ-ურმა მოპასუხე პ. თ-ძის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს დედის _ დ. თ-ძის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და სამკვიდრო ქონების (წყნეთის სააგარაკე სახლისა და სხვადასხვა მოძრავი ნივთების) მემკვიდრეებს შორის გაყოფა, კერძოდ, თითოეულისათვის 1/3-1/3 ნაწილის მიკუთვნება, ასევე მოპასუხისათვის ... ქ. ¹10-ში მდებარე ბინის გაყიდვიდან მიღებული მათი ხვედრი ნაწილის ღირებულების გადახდის დაკისრება.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ პ. თ-ძე არის მოსარჩელეების ძმა. მათ 1995 წელს გარდაეცვალათ დედა _ დ. თ-ძე. 1999 წელს მოსარჩელეებმა შეიტყვეს პ. თ-ძის მიერ თბილისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე ბინის გასხვისების შესახებ. მითითებული ბინა მათი მშობლების საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც პ. თ-ძემ თითქოსდა დედის ანდერძის საფუძველზე თავის საკუთრებაში აღრიცხა. 1985 წლის 23 ივლისით დათარიღებული ანდერძის არსებობა მოსარჩელეებისათვის მხოლოდ მშობლების კუთვნილი ბინის გასხვისების შემდეგ გახდა ცნობილი, რის გამოც მათ ანდერძის ნამდვილობა საეჭვოდ მიიჩნიეს. აღნიშნულს შედეგად მოჰყვა პ. თ-ძის მიერ მოსარჩელეებისათვის წყნეთის აგარაკით სარგებლობაში ხელშეშლა. იმავდროულად, მოსარჩელეებმა ანდერძის ბათილობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრეს. წლების განმავლობაში მიმდინარე დავის დასრულების შემდეგ _ 2005 წლიდან კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ანდერძი ბათილად იქნა ცნობილი. მრავალი მცდელობის მიუხედავად, მოსარჩელეებმა შედეგს ვერ მიაღწიეს, კერძოდ, პ. თ-ძე მათ შესაძლებლობას არ აძლევდა მიეღოთ სამკვიდრო ქონების დარჩენილი ნაწილი _ წყნეთში მდებარე აგარაკი. ზემოაღნიშნულ გარემოებას მოსარჩელეები მათ მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებად აფასებდნენ.
სარჩელში ასევე მითითებულია, რომ ნ. ძ-ურმა და მ. თ-ძემ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად 2005 წლის 6 ოქტომბერს მიმართეს ნოტარიუსს. ნოტარიუსმა მათ განუმარტა, რომ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის უნდა მიემართათ (ტომი II, ს.ფ. 4-6).
საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა სარჩელი დააზუსტეს, კერძოდ: სამკვიდროს მიღების ვადის ვადის გაგრძელების ნაწილში მოთხოვნა უცვლელი დატოვეს, ხოლო მამკვიდრებლის მთელი ქონების ნაცვლად სამკვიდროს გაყოფა (1/3-1/3 ნაწილი) მხოლოდ წყნეთის სააგარაკე სახლიდან მოითხოვეს (ტომი II, ს.ფ. 61-64).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხე პ. თ-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 66-69).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ. თ-ძემ და ნ. ძ-ურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის (პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად) დაკმაყოფილება, კერძოდ, სამკვიდრო ქონების _ წყნეთის სააგარაკე სახლის სამ თანაბარ წილად გაყოფა (ტომი II, ს.ფ. 78-80; 105-106).
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, რომ მის მარწმუნებლებს ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო მიღებული ჰქონდათ, რის შესაბამისადაც მათ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების ნაწილში სარჩელის მოთხოვნაზე უარი განაცხადეს. ამავე სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით დასახელებულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა (ტომი II, ს.ფ. 131-134).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება სამკვიდრო ქონების გაყოფისა და მემკვიდრეთათვის მიკუთვნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება: მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ისინი ცნობილ იქნენ წყნეთში, ... ქ. ¹36-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (დ. თ-ძის სამკვიდრო ქონება) თითოეული 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ (ტომი II, ს.ფ. 135-140).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა პ. თ-ძემ (წარმომადგენელი ლ. მ-ანი), რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებზე დაყრდნობით მისი გაუქმება მოითხოვა (ტომი II, ს.ფ. 156-157).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით პ. თ-ძის (წარმომადგენელი ლ. მ-ანი) საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა მოცემული საქმის წარმოება (ტომი II, ს.ფ. 187-189).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 6 აგვისტოს მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-ძისა და ნ. ძ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება სამკვიდრო ქონების გაყოფისა და მემკვიდრეთათვის მიკუთვნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ. თ-ძე და ნ. ძ-ური ცნობილ იქნენ წყნეთში, ... ქ. ¹36-ში მდებარე (დ. თ-ძის სამკვიდრო ქონებიდან) უძრავი ქონებიდან თითოეული 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პ. თ-ძე 2008 წლის 6 აგვისტოს სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო მოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რასაც ხელწერილზე მისი ხელმოწერა ადასტურებდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სხდომის დღე ეცნობა უშუალოდ მხარეს კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლომ უწყება მხარისთვისაც ჩაბარებულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არსებობდა იმ შემთხვევაში, როცა სახეზე იყო შემდეგი პირობები: აპელანტი შუამდგომლობდა სასამართლოს წინაშე განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე; იმავე მხარის მიმართ ერთხელ უკვე გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება; არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები; სააპელაციო საჩივარში მითითებული და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ზემოთ დასახელებული პირობები სახეზე იყო: აპელანტი შუამდგომლობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას; მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ ერთხელ უკვე მიღებული იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება; საქმეზე დგინდებოდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი საქმის განხილვის დროს სასამართლოსათვის უცნობი იყო; ამასთან, დამტკიცებულად ჩაითვალა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მ. თ-ძე და ნ. ძ-ური დედის გარდაცვალებიდან სარგებლობდნენ წყნეთში, ... ქ. ¹36-ში მდებარე დ. თ-ძის სამკვიდრო ქონებით, რითაც მათ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო მიღებული ჰქონდათ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული გარემობები სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1433-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას (ტომი II, ს.ფ. 218-223).
სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. თ-ძემ (წარმომადგენელი ლ. მ-ანი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სასამართლო სხდომის დღეს _ 2008 წლის 6 აგვისტოს პ. თ-ძის ერთადერთი წარმომადგენელი _ ლ. მ-ანი იყო ავად, რის გამოც ეს უკანასკნელი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მოკლებული იყო. შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ლ. მ-ანმა სწორედ 2008 წლის 6 აგვისტოს მიმართა, რის შედეგადაც მას დაუდგინდა ორმხრივი მწ. ქსედატიური ოტიტისა და მწ. ლარინგიტის დიაგნოზი. რამდენადაც დასახელებული დაავადება გამორიცხავდა სასამართლო პროცესში ლ. მ-ანის მონაწილეობას, მან ამის შესახებ შეატყობინა და შესაბამისი ცნობაც გადასცა პ. თ-ძის ოჯახს. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს, რომელმაც აღნიშნული განცხადების მიუხედავად განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოუცხადებლობისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ლ. მ-ანი ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, ხოლო თავად პ. თ-ძე, რომელიც საქმეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებდა, რწმუნებულის გარეშე თავისი უფლებების დაცვას ვერ შეძლებდა.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელეთა თავდაპირველ მოთხოვნას სამკვიდრო ქონების გაყოფასთან ერთად სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება წარმოადგენდა. მეორე მოთხოვნას მოსარჩელეები სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიობით ასაბუთებდნენ, რითაც ფაქტობრივად ადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ მათი მხრიდან სამკვიდროს მიღებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელის პირველი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა იმთავითვე გამორიცხავდა მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მას შემდგომ, რაც მოსარჩელეებმა (აპელანტებმა) სარჩელის მეორე მოთხოვნაზე (სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება) უარი განაცხადეს, სარჩელის პირველი მოთხოვნის (სამკვიდროს გაყოფა) დაკმაყოფილების შესაძლებლობა ასევე გამოირიცხა. ამასთან, მოსარჩელეთა აღნიშნული ქმედებით ფაქტობრივად შეიცვალა დავის საგანი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობის გარეშე დაუშვებელი იყო.
ზემოაღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლობის პირობებში, სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაცვლად უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რამდენადაც 2008 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს _ 2008 წლის 6 აგვისტოს დიდი ხნის გაუქმებული იყო (ტომი II, ს.ფ. 227-234).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. თ-ძის (წარმომადგენელი ლ. მ-ანი) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 აგვისტოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ მოწინააღმდეგე მხარე პ. თ-ძე ინფორმირებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. პ. თ-ძეს, რომელიც ესწრებოდა წინა _ 2008 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომას, ჩამოერთვა ხელწერილი მომდევნო _ 2008 წლის 6 იანვრის სხდომის დროის თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 204). აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო სწორად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომის დღე კანონით დადგენილი წესით ეცნობა უშუალოდ მხარეს, კანონის ზემიმითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შეტყობინება აღნიშნული სხდომის დროის თაობაზე წარმომადგენლისთვისაც ჩაბარებულად ითვლებოდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამაბრკოლებელ გარემოებას _ სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მხარის მიუწვევლობას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მითითებული საფუძვლით საქმეზე განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე. კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. საქმეზე დასტურდება, რომ 2008 წლის 6 აგვისტოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის პ. თ-ძის განცხადება და თანდართულ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, რამდენადაც აღნიშნული დღის სხდომის ოქმი პროცესის დაწყებისა და დასრულების დროდ მიუთითებს 13.15-13.55 საათებს (ტომი II, ს.ფ. 211-213), ხოლო განცხადებაზე არსებულ სააპელაციო სასამართლოს მისაღების შტამპზე მისი სასამართლოში წარდგენის დროდ დაფიქსირებულია 16.23 საათი (ტომი II, ს.ფ. 216). ამდენად, სააპელაციო სასამართლო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიობის შესახებ ვერ იმსჯელებდა იმ მიზეზის გამო, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ იგი ინფორმირებული არ ყოფილა.
გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ ვითარებას არც იმ თვალსაზრისით აქვს ადგილი, რომ მხარის გამოუცხადებლობის საპატიობის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმებას დაექვემდებაროს. საქმეში წარმოდგენილ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობაში, რომლითაც კასატორი სასამართლო სხდომაზე, როგორც თავისი, ისე წარმომადგენელ ლ. მ-ანის გამოუცხადებლობის საპატიობას ასაბუთებს, აღნიშნულია, რომ ლ. მ-ანი იმყოფებოდა ამბულატორიულ მიღებაზე ს. ხ-შვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტში 2008 წლის 6 ივლისს, დიაგნოზით: ორმხრივი მწვავე ქსედატიური ოტიტი, მწვავე ლარინგიტი (ტომი II, 217). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. შესაბამისად, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გაცემულ ავადმყოფობის ცნობაში აღნიშნული შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის, რის გამოც კასატორის მოსაზრება აღნიშნული მოტივით მხარისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას. ასევე საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოწინააღმდეგე მხარის 2008 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე გამოუცხადებლობა, ხოლო საქმეში წარმოდგენილ ცნობაში ლ. მ-ანის ამბულატორიულ მიღებაზე ყოფნის დროდ დასახელებულია 2008 წლის 6 ივლისი. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, ასევე არასარწმუნოს ხდის ზემომითითებული მოტივით 2008 წლის 6 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიობას.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მომჩივანის ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევის პირობებში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება მოწინააღმდეგე მხარე, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივანის ახსნა-განმარტებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად გამოიყენება სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. აპელანტები, რომელთა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასაც წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის (სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის სხდომაზე შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად) დაკმაყოფილება, კერძოდ, სამკვიდრო ქონების _ წყნეთის სააგარაკე სახლის სამ თანაბარ წილად გაყოფა, მიუთითებდნენ მათი, როგორც მემკვიდრეების მიერ აღნიშნული სახლის ფაქტობრივი ფლობით მიღებაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად მიჩნევის და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. თ-ძის (წარმომადგენელი ლ. მ-ანი) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 აგვისტოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.