საქმე №192აგ-16 17 მარტი, 2017 წელი
ზ-ი მ, 192აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განაჩენით მ. ზ-ი, – (საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის განაჩენით სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედ.) მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით, 108-ე მუხლით – 10 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 6 ივნისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 3 წელი, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელებიდან – 5-5 წელი და მ. ზ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენი მ. ზ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
7. 2016 წლის 11 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. ზ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა. მსჯავრდებული ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს შემდეგ ფაქტს: იგი საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა 2003 წლის 4 ივლისს. სსკ–ის 79–ე მუხლის საფუძველზე კი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა ქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ. შესაბამისად, 2009 წლისთვის მას ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. ამდენად, ვინაიდან 2013 წლის 17 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მომენტისთვის მას საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის განაჩენის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, სასამართლოს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უნდა გამოეყენებინა არა სასჯელთა შეკრების, არამედ - შთანთქმის პრინციპი (ვინაიდან 2009 წლის 29 იანვრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის 2013 წლის მდგომარეობით ნასამართლობის არმქონედ უნდა მიეჩნია).
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ზ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. კასატორი - მსჯავრდებული მ. ზ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. ზ-ისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე საკასაციო პალატას მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება (საქმე №1250აგ-13, 2014 წლის 14 მარტის განაჩენი) 2013 წლის 17 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.
3. კასატორის მიერ წარმოდგენილ წერილთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს: საქართველოს შსს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის წერილით დასტურდება, რომ მ. ზ-ს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულისთვის ნასამართლობა გაუქარწყლდა 2009 წლის 4 ივლისს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს ახალი - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩადენილი აქვს 2007–2008 წლებში, იგი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი.
4. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ 2013 წლის მდგომარეობით, როდესაც ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები და სასამართლო მსჯელობდა მისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, მას ნასამართლობა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაულისთვის გაქარწყლებული ჰქონდა - პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება პირის ნასამართლობა არა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების ან/და განაჩენის დადგენის, არამედ - დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის.
5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ. ზ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ზ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე