Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-853-1166-07 26 თებერვალი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ შპს “ .. ..” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შპს-ს წესდებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.ბათუმის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ .. ..-ის” მიმართ და მოითხოვა შპს “ .. ..-ის” წესდების 1.5 პუნქტის იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც მოპასუხე მიჩნეულია საჯარო საწარმო “ .. ..-ის” სამართალმემკვიდრედ, ასევე მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც მოპასუხე დარეგისტრირდა ქ.ბათუმში, ...ის ქ.¹51-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით რეგისტრირებული შპს “ .. ..-ის” წესდების 1.5 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც მოპასუხე ცნობილ იქნა საჯარო საწარმო “ .. ..-ის” სამართალმემკვიდრედ, ასევე გაუქმდა საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც ქ.ბათუმში, ...ის ქ.¹51-ში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს “ .. ..”.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ .. ..-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ქ.ბათუმში, ...ის ქ.¹51-ში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრედ შპს “ .. ..-ის” რეგისტრაციის ჩანაწერი და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ .. ..-ის” დირექტორ ვ. წ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწრამეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს “ .. ..-ის” დირექტორ ვ. წ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

შპს “ .. ..-ის” დირექტორ ვ. წ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მან 2007 წლის 13 სექტემბერს მიიღო თავის ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა და 20 დღის განმავლობაში იგი იმყოფებოდა უგონოდ ხოლო ადვოკატ ვ. ს-ის მინდობილობას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლამდე ამოეწურა ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ .. ..-ის” განცხადენა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს “ .. ..-ის” დირექტორ ვ. წ-ძის საკასაციო საჩივარი, გადაწყვეტილების (განჩინების) ერთ თვიანი ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე და მესამე წინადადებების შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საფოსტო შეტყობინების თანახმად, კასატორ შპს “ .. ..-ის” წარმომადგენელ ვ. ს-ძეს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 17 სექტემბერს, ხოლო მის რწმუნებულებას ვადა გაუვიდა 2007 წლის 14 ოქტომბერს, ესე იგი განჩინების ჩაბარების დროს რწმუნებული მოქმედებდა მარწმუნებლის სახელით და იგი ვალდებული იყო, საკასაციო საჩივარი შეეტანა კანონოთ გათვალისწინებულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2007 წლის 17 სექტემბრიდან, იმ დროიდან, როდესაც უწყება ჩაბარდა წარმომადგენელს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას მისი ავადმყოფობის საფუძვლით, საკასაციო საჩივრის შტანის ერთვიანი გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ. ვინაიდან, საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს. ამავე კოდექსის 397-ე მუხლით კი დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვდის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ .. ..-ის” დირექტორ ვ. წ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება