Facebook Twitter

ას-853-1210-06 5 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ღ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების დაბრუნება იმ მოტივით, რომ მოსარჩელე 2000 წლიდან 2004 წლის 8 დეკემბრამდე ...ად მუშაობდა ყვარლის რაიონის ... ავტობუსზე. მესაკუთრემ მ. მ-მ 1999 წლის 25 სექტემბრიდან, სამი წლის ვადით, მინდობილობა გასცა მ. ხ-ს სახელზე, ხოლო 2002 წლის 18 სექტემბერს მესაკუთრემ ხუთი წლის ვადით მინდობილობა გასცა გ. ღ-ის სახელზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით. მოსარჩელემ ავტობუსი ჩაიბარა ყოფილი ...საგან, ზ. ნ-საგან, მას ნ-მა მოსთხოვა ავტობუსზე დაყენებული აპარატურის საფასურის გადახდა 900 აშშ დოლარის ოდენობით, მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მან მოპასუხის თანდასწრებით ს. ნ-ს გადაუხადა ჯერ 700 აშშ დოლარი, რაზედაც შედგა აქტი და რასაც ხელს აწერს მოპასუხეც, ხოლო 200 აშშ დოლარი კი რამდენიმე დღის შემდეგ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უთითებს, რომ აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ იგი გახდა აპარატურის მესაკუთრე, 2005 წლის 10 მარტს მ. მ-მ გააუქმა მოსარჩელის სახელზე გაცემული მინდობილობა და იგი კვლავ გასცა მ. ხ-ის სახელზე, რომელმაც ავტობუსი გაზის აპარატურიანად წაიყვანა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა მოპასუხე მ. ხ-ს მის მფლობელობაში არსებულ ავტობუსზე დამონტაჟებული გაზის აპარატურის დაბრუნება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ხ-ს გ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, მოცემული განჩინება საკასაციო წერით გაასაჩივრა მ. ხ-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ღ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოაქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით მ. ხ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით მ. ხ-ს დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, მ. ხ-ს საკასაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა 2007 წლის 14 თებერვალს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით პალატისათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში მ. ხ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითარი კასატორს არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.