საქმე №196აგ-16 30 მარტი, 2017 წელი
ლ-ე ნ., 196აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ნ. ლ-ე, – დაბადებული 19.. წელს, და ა. ს-ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ: ნ. ლ-ს – 9 წლით, ხოლო ა. ს-ს – 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2014 წლის 12 მარტიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2016 წლის 14 სექტემბერს მსჯავრდებულმა ნ. ლ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოში მისი მსჯავრდების საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობა არ იყო კანონის საფუძველზე შექმნილი, ვინაიდან მის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ 2015 წლის 20 ივნისიდან საქმის განმხილველ ერთ-ერთ მოსამართლეს - მ. კ-ს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი უკანონოდ ჩამოსცილდა საქმის განხილვას და ასევე უკანონოდ ჩაანაცვლა სხვა მოსამართლემ, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა; მისი მოსაზრებით, აღნიშნულით დაირღვა კანონით გარანტირებული სასამართლოს უცვლელობის პრინციპი და ამასთან, მოსამართლის ცვლილებამ განაპირობა, ის რომ სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებებთან დაკავშირებით მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვაზე თქვა უარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ლ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მსჯავრდებული ნ. ლ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო პალატისათვის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას შუამდგომლობა იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსამართლე მ. კ-ე ჩაანაცვლეს არასათადარიგო მოსამართლით, საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო ხელახლა, როგორც ამას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, თუმცა იგი გაგრძელდა ბრალდების მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ლ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 2015 წლის 5 მაისს თავდაპირველად დაიწო შემდეგმა შემადგენლობამ: კ. მ-ი (თავმჯდომარე), გ. კ-ე, მ. კ-ე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, იმავე წლის 20 ივნისიდან მოსამართლე მ. კ-ს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა დაწყებული საქმეების განხილვის დამთავრებამდე მ. კ-თვის მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და იგი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. მოგვიანებით - 2015 წლის 29 სექტემბერს, ვინაიდან მოსამართლე მ. კ-ე ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, იგი ჩაანაცვლა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლემ, კერძოდ - მ. თ-მ. ამდენად, მსჯავრდებულ ნ. ლ-ს აპელირება, რომ მ. კ-ე უკანონოდ ჩამოსცილდა საქმის განხილვას, რითაც დაირღვა სასამართლო შემადგენლობის უცვლელობის პრინციპი, უსაფუძვლოა.
4. კასატორი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ ვინაიდან მოსამართლე მ. კ-ე ჩაანაცვლა არასათადარიგო მოსამართლემ, საქართველოს სსსკ-ის 183-184-ე მუხლების თანახმად, საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო ხელახლა, თუმცა გაგრძელდა ბრალდების მხარის მიერ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარემ - კ. მ-მ სხდომაზე განმარტა, რომ შემადგენლობის სამივე მოსამართლე, მათ შორის - მ. თ-ი, სრულად იცნობდა საქმის მასალებს და მხარეებს შესთავაზა საქმის განხილვის გაგრძელება სახელმწიფო ბრამდებლის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპიდან. ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარემ მხარეებს შესთავაზა, დამატებით ხომ არ სურდათ სააპელაციო საჩივრებისა და შესავალი სიტყვების შევსება და რაიმეს დამატება. არც სახელმწიფო ბრალმდებელს და არც მსჯავრდებულებს - ნ. ლ-სა და ა. ს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამთ, არ გაუპროტესტებიათ და დასთანხმდნენ საქმის განხილვის გაგრძელებას პროკურორის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპიდან. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევას, რომელიც შეიძლება გახდეს განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის საფუძველი.
5. რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ სასამართლო შემადგენლობაში მომხდარმა ცვლილებამ განაპირობა სააპელაციო სასამართლოს უარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებებთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვაზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში მისი საჩივრები განხილული აქვს და მათზე დეტალურად არის ნამსჯელი სააპელაციო საჩივართან ერთად.
6. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ნ. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი