Facebook Twitter

საქმე №197აგ-16 თბილისი

მ-ი გ. 197აგ-16 16 თებერვალი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით გ. მ-ი, - დაბადებული 19.. წლის .. ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 25 იანვრიდან.

2. ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ი. გ-ს შორის. ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2014 წლის 25 იანვრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ ლ. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის განაჩენზე.

5. 2016 წლის 8 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატმა ლ. კ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ ლ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატმა ლ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განხილვა 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

4. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები 18-დან 21 წლამდე ასაკის პირზე ვრცელდება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მას შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.

5. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 19.. წლის .. ოქტომბერს დაბადებულმა გ. მ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2014 წლის 23 იანვარს - სრულწლოვანმა, 18 წლის ასაკში.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმები, რომლებიც ეხება 18-დან 21 წლამდე ასაკის პირს, მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ ვერ გავრცელდება, ვინაიდან მოცემულ საქმეში მას, მართალია, მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ საქმეზე სამართალწარმოება დამთავრებულია. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს იგი სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით.

7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ ლ. კ-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ ლ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ ლ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი