საქმე №198აგ-16 29 მარტი, 2017 წელი
ვ. ნ-რ, 198აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ნ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის” უკანონოდ შეძენა-შენახვა), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფის უკანონოდ მოხმარება) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნ. ვ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ნ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (ნარკოტიკული საშულება ,,ოპიუმის“ ჯგუფის უკანონოდ მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 და მე–4 ნაწილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით - შთანთქა 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა. საბოლოოდ ნ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ნ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნარკოტიკული საშუალებები - ,,მეტამფეტამინი“ და ,,ამფეტამინი“) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წელი საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ნ. ვ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ - სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ნ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ნ. ვ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. მსჯავრდრებულ ნ. ვ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 11 მაისიდან.
4. 2016 წლის 27 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ვ-მა, რომელმაც 2015 წლის 8 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენის (რომელსაც დამატებული აქვს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი) გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. მსჯავრდებულმა ნ. ვ-მა საკასაციო საჩივრით დააკონკრეტა მოთხოვნა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის (რომელიც დაემატა 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენს) ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ ნ. ვ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 14 წლამდე.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე. ამდენად, კანონში შესული ცვლილებით შეიცვალა მსჯავრდებულ ნ. ვ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორია, კერძოდ: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიიდან გადაინაცვლა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში, რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი გარემოებაა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ვ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ვ-ის მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე