საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-854-1167--07 26 მარტი 2008 წ
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ს.ს. ,,ი-ის” გაკოტრების მმართველი ზ. ჩ-იძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ს-აძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ნ. ა-იძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი თანხისა და სახელფასო დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ს-აძის რწმუნებულმა ნ. ა-იძემ მოპასუხე სს „ი-ის“ რეაბილიტაციის მმართველის ირაკლი ჩუბინიძის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის 38 000 ლარისა და სახელფასო დავალიანების გადახდევინების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მარწმუნებელი თ. ს-აძე სს „ი-ის“ 64,7% აქციების მფლობელია. 2002 წლიდან საწარმოს გაფორმებული ჰქონდა დაცვის ხელშეკრულება დაცვის\პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის სამმართველოსთან, ყოველთვიურად 2000 ლარის გადახდის პირობით. 2003 წლიდან საწარმოს შეექმნა ფინანსური სიძნელეები და ფაქტობრივად შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისად აღარ გააჩნდა საკმარისი თანხები დაცვის მომსახურეობის ასანაზღაურებლად. სს „ი-ის“ იმჟამინდელმა დირექტორმა ვ. შ-ძემ თხოვნით მიმართა თ. ს-აძეს დაეფინანსებინა დაცვის ხარჯები და იქვე აეღო ვალდებულება, რომ საწარმოს ამუშავების შემდეგ მოხდებოდა გადახდილი თანხების ანაზღაურება. 2003 წლის ნოემბრიდან 2005 წლის მაისამდე მოსარჩელე სამმართველოს უხდიდა ყოველთვიურად 2000 ლარს, რითაც ფაქტობრივად გადაარჩინა და საზოგადოებას შეუნარჩუნა ქონება. გადახდილია 38 000 ლარი. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 მარტის განჩინებით დაიწყო სს „ი-ის“ რეაბილიტაცია. განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენილი იქნა პრეტენზია სადავო (გადახდილი) 38 000 ლარის თაობაზე.
მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებლით არ ცნო სასარჩელო განცხადების მოთხოვნა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს „ი-ს“ თ. ს-აძის სასარგებლოდ დაეკისრა 1380 (ათას სამას ოთხმოცი) ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-აძის წარმომადგენელმა ნ. ა-იძემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ს-აძის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ი-ზე“ 38 000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის 640 ლარის გადახდევინების ნაწილში.
პალატამ მიიჩნია, რომ 2003-2005 წლებში სს „ი-ის“ დირექტორს წარმოადგენდა ვ. შ-ე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს თ. ს-აძე. 2002 წლიდან სს „ი-ის“ დირექტორსა და საქართველოს შს დაცვის პოლიციის ზესტაფონის ქვეგანყოფილებას შორის დაიდო სს „ი-ის“ ქონების დაცვის ხელშეკრულება, რომელიც გრძელდებოდა 2005 წლამდე და მომსახურეობის თანხა განისაზღვრა თვეში 2000 ლარით.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ იმ დროისათვის სს „ი-ი“ განიცდიდა ფინანსურ სიძნელეებს და არსებობდა საშიშროება საფრთხე შექმნოდა საზოგადოების ქონების დაცვას, რის გამოც ვ. შ-ის თხოვნის საფუძველზე 2003-2005 წლებში თ. ს-აძემ გადაიხადა დაცვის თანხა, იმ პირობით, რომ თანხა დაუბრუნდებოდა საწარმოს ამუშავების შემდეგ.
პალატამ განმარტა, რომ რადგან თ. ს-ძე წარმოადგენდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად ვალდებული იყო თავის საქმეებს გაძღოლოდა კეთილსინდისიერად, რაც განახორციელა კიდეც, ვინაიდან დაცვის პოლიციასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა გამოიწვევდა, როგორც საწარმოს ქონების მოსალოდნელ გაქურდვასა და განადგურებას ისე ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ სს „ი-ის“ მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ი-ის“ გაკოტრების მმართველმა ზ. ჩ-იძემ.
კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის 9.1 მუხლი, 55-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების 2.1 მუხლის დებულებები. კასატორის განმარტებით სასამართლოს რომ გამოეყენებინა აღნიშნული ნორმები, დაადგენდა რომ დირექტორმა ვ. შ-ძემ და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თ. ს-მ კანონის უხეში დარღვევით მოახდინეს ანგარიშსწორება დაცვის სამსახურთან.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თითქოს სს „ი-სა“ და დაცვის სამსახურს გაფორმებული ჰქონდათ 2006 წელს ხელშეკრულება, რის თაობაზეც მტკიცებულება არ მოიპოვება. ასევე კასატორის თქმით სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ დაცვის სამსახურისათვის ფული ნაღდი ან\და უნაღდო ანგარიშსწორებით ჩარიცხული აქვს თ. ს-ძეს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ქვითრებზე ფაქსიმილიები დასმულია არა თ. ს-ძის, არამედ ზ. მ-ის მიერ.
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მოტივირებისას სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ვარაუდებით, რის შედეგადაც მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სს “ი-ის” გაკოტრების მმართველის ზ. ჩ-იძის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სს „ი-ს“ თ. ს-აძის სასარგებლოდ დააკისრა 38000 ლარის გადახდა ანუ სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ი-ს“ გააჩნია 38000 ლარის დავალიანება თ. ს-აძის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლის შესაბამისადაც სს „ი-ს“ უნდა დაეკისროს ამ თანხის გადახდა. გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა იმ მტკიცებულებებზე, რომელიც დაადასტურებდა თ.ს-ძის მიერ მითითებული თანხის დაცვის პოლიციისათვის გადახდის ფაქტს. ის გარემოება, რომ თ.ს-ძემ მართლაც გადაიხადა გარკვეული თანხა შსს „დაცვის პოლიციის ზესტაფონის ქ/განყოფილების მიერ შესაძლოა დასტურდებოდეს საქმის მასალებით, მაგრამ ამ თანხის ოდენობაც სასამართლომ უნდა განსაზღვროს მტკიცებულებების შეფასების გზით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი სასამართლომ ისე დააკმაყოფილა თ.ს-ძის მოთხოვნა მთელი მოცულობით, რომ არ მიუთითა ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივარში სადავოდ ხდიდა თანხის დაკისრებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ დადგენილი წესები, როდესაც სასამართლო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა დავალებების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ ისე დააკისრა სს “ი-ს” თანხის გადახდა, რომ საერთოდ არ მიუთითა მისი ვალდებულების განმსაზღვრელი სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გაფორმებული საბუთები, სასამართლო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მხარის მოთხოვნა თუ არსებობს მის მიერ მითითებული თანხის გადახდის სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა თვლის, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტში ითითებული გარემოებები, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელახლა უნდა იქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩირდება.