Facebook Twitter

ას-85-430-07 26 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ე., ევ., პ., ა. და დ. ხ-ები (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი _ რ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულო, ... განყოფილება (მოპასუხეები)

მესამე პირები: ი. ა-ი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით), გ. ა-ი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მესამე პირის დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა

დავის საგანი – ახალი კომლის დარეგისტრირება, კომლის ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე., ევ., პ., ა. და დ. ხ-ების წარმომადგენელმა რ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულოსა და ... განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა, დაევალოს ... სამსახურს საჯარო რეესტრში გაატაროს ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულოს სოფელ ... ი. ა-ის სახელზე რიცხული საერთო საკომლო მეურნეობა (0,46 ჰა მიწის ნაკვეთი და 120 კვ.მ საცხოვრებელი ფართი); ამ ქონების თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ე., ევ., პ., ა. და დ. ხ-ები, ი. და გ. ა-ები; დაევალოს ... სამსახურს საჯარო რეესტრში ე. ხ-ს სახელზე აღრიცხოს ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულოს სოფელ ... მდებარე ახალი საკომლო მეურნეობა (მთლიანობაში 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი და 68,37 კვ.მ საცხოვრებელი ფართი). ამ ქონებაზე საჯარო რეესტრში თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ ე., ევ., ა. და დ. ხ-ები; ... სამსახურს გასცეს ე., ევ., ა. და დ. ხ-ების სახელზე საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები; საკომლო მეურნეობის უფროსად დარეგისტრირდეს ე. ხ-ო. საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება გ. ა-ი.

მესამე პირმა ი. ა-მა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ... თემის საკრებულოს მიერ საკომლო წიგნში ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმად სადავო კომლის ქონების თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდებიან ი. და გ. ა-ები.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა ი. ა-ის წარმომადგენელმა ლ. კ-მ სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე., ევ., პ., ა. და დ. ხ-ების წარმომადგენელმა რ. ფ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მესამე პირის დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და ამ განჩინების ასლის კასატორებისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში რ. ფ-ს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა, ასევე კასატორებს დაევალათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა და ამ ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. საქმეში არსებული საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ხ-ებს სასამართლო გზავნილი არ ჩაბარდათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო, ხოლო რ. ფ-მ ხარვეზის განჩინება ჩაიბარა 2007 წლის 23 თებერვალს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შემდეგ მიიჩნევს, რომ ე., ევ., პ., ა. და დ. ხ-ების წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და ამ განჩინების ასლის კასატორებისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში რ. ფ-ს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა, ასევე კასატორებს დაევალათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა და ამ ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.

საქმეში არსებული საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ხ-ებს სასამართლო გზავნილი არ ჩაბარდათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მხოლოდ მხარეს, ან მხოლოდ მის წარმომადგენელს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა არა მხარეს, არამედ მის წარმომადგენელ რ. ფ-ს, რომელმაც სასამართლო გზავნილი ჩაიბარა 2007 წლის 23 თებერვალს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეებს, ისე მათ წარმომადგენელს დაუდგინდათ ხარვეზი, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორებს იგი არ გამოუსწორებიათ, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე., ევ., პ., ა. და დ. ხ-ების წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.