Facebook Twitter

6I-16 ქ. თბილისი

გ-ი მ. 6I-16 24 ოქტომბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატ - გ. მ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. გ-ს

თარჯიმან - ვ. მ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. გ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2009 წლის 25 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროსთან არსებულმა საგადასახადო დანაშაულის წინასწარი გამოძიების დეპარტამენტმა გამოსცა დადგენილება მ. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღიშნული დადგენილების თანახმად, მ. გ-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება).

2. იმავე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროსთან არსებულმა საგადასახადო დანაშაულის წინასწარი გამოძიების დეპარტამენტმა მ. გ-ს მიმართ გამოაცხადა ძებნა.

3. 2009 წლის 30 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხატაინის რაიონულმა სასამართლომ მ. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა, ხოლო 2013 წლის 28 მარტიდან იგი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

4. 2016 წლის 2 ივლისს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ. გ-ი.

5. 2016 წლის 5 ივლისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით მ. გ-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

6. 2016 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ასლების სახით შემოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შუამდგომლობა მ. გ-ს ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი თანდართული მასალები. აღნიშნული დოკუმენტების დედნები მიღებულ იქნა 2016 წლის 4 აგვისტოს.

7. 2016 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვს, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. გ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, 2009 წლის 25 ივნისს გამოცემულ მ. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში აღწერილ ქმედებათა სავარაუდო ჩადენის გამო, მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით (გადახდისაგან თავის არიდება, ჩადენილი დიდი ოდენობით)გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. გ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, 2009 წლის 25 ივნისს გამოცემულ მ. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში აღწერილ ქმედებათა სავარაუდო ჩადენის გამო, მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით (გადახდისაგან თავის არიდება, ჩადენილი დიდიოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - მ.გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. კასატორის განმარტებით, იგი ბოლო 8 წელია მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, მანამდე კი 9 წელი ცხოვრობდა ქალაქ მოსკოვში მეუღლესთან -

ნ. ქ-თან ერთად, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2000 წლიდან და ჰყავთ 15 წლის ქალიშვილი - თ. ქ-ე; დაკავებამდე მუშაობდა დისტრიბუტორად და მიღებული შემოსავლებით არჩენდა ოჯახს, მეუღლე უმუშევარია, ქალიშვილი კი - მოსწავლე, ისინი იმყოფებიან მის კმაყოფაზე; აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში აღარ მიეცემა საშუალება, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზაცია, რაც აშკარად შეუსაბამოა ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან.

11. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ წარმოშობით არის ყარაბახის რეგიონიდან და 23 წელია აქვს ლტოლვილის სტატუსი; გაუგებარი მიზეზების გამო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მას უკანონოდ სდევნიდნენ, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა; ექსტრადიციის შემთხვევაში კი ნამდვილად არსებობს იმის რისკი, რომ მის მიმართ განხორციელდება არაადამიანური მოპყრობა და ამასთან ერთად დარწმუნებულია, რომ დაირღვევა მისი უფლება სამართლიანი სასამართლოს შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2016 წლის 2 ივლისს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ. გ-ი. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. მ. გ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ და 1996 წლის 8 მარტის ორმხრივი ხელშეკრულება „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“. ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, გადასცენ ერთმანეთს სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებული პირები.

4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება მ. გ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

5. რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ იგი სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. გ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. გ-ი არ სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი არ გააჩნია.

7. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არ მიეცემა შესაძლებლობა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება.

8. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. გ-თან გაიმართა გასაუბრება მისი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჰყავს შვილი და მეუღლე, რომელიც ამჟამად მუშაობს თურქეთში. მ. გ-მ განმარტა, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და აგრეთვე - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც აგრეთვე ცხოვრობენ მ. გ-ს ოჯახის წევრები, მშობლები და ძმა.

9. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მ. გ-ს ოჯახს გააჩნია საზღვარგარეთ ცხოვრების გამოცდილება, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ მ. გ-ს მშობლები და ძმა, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს და მოქმედებს უვიზო რეჟიმი, მ. გ-ს ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არ არის შეუსაბამო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან. ამდენად, არ არსებობს მ. გ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. გ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია 2009 წლის 25 ივნისს გამოცემულ მ. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში აღწერილ ქმედებათა სავარაუდო ჩადენის გამო, მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით (გადახდისაგან თავის არიდება, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი