¹ას-855-1212-06 13 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. ხ-ი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ღ-ი (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მესამე პირები – ლაგოდეხის მისწი მართვის ს...
ლაგოდეხის რაიონის ...
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი სარჩელში – საკარმიდამო ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენა, ზიანის ანაზღაურება
შეგებებულ სარჩელში – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა, იურიდიული მომსახურებისა და სხვა ხარჯების ანაზღურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ-ისა და მესამე პირების - ლაგოდეხის რაიონის მიწის მართვის ს...სა და სოფელ ... მიმართ საკარმიდამო ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენის, მიჯნის აღმართვისა და ერთი ძირი ხის მოჭრით გამოწვეული 100 ლარის დაკისრების თაობაზე. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 24 ივლისის განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
გ. ხ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბოსლის დანგრევა და მიწის მიღება-ჩაბარების ¹406 და ¹407 აქტების ბათილად ცნობა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
ე. ღ-ის უფლებამონაცვლე ა. ღ-მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გ.ხ-ის უკანონო მფლობელობიდან 274 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთხოვა და მეზობელ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენა მიწის მიღება-ჩაბარების ¹406 აქტში მითითებულ მონაცემების შესაბამისად.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ღ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. გ.ხ-ს, აგრეთვე, უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ღ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება ა. ღ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ღ-სა და გ. ხ-ს შორის საზღვარი დადგინდა მიწის ნაკვეთის ¹406 და ¹407 აქტების მონაცემების მიხედვით და გ.ხ-ს დაეკისრა ა.ღ-ის სასარგებლოდ ბლის ხის მოჭრით მიყენებული ზიანის - 100 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა გ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გ. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე პალატის 2006 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე გ. ხ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით გ. ხ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. 2007 წლის 16 თებერვლის განჩინებით გ. ხ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 318-320).
ამავე პალატის 2007 წლის 16 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში ზემოთ მითითებული ხარვეზის შევსება (ს.ფ.328-329).
მოცემული განჩინებები საქმეში მითითებულ მისამართზე გ. ხ-ს გაეგზავნა 2007 წლის 12 იანვარსა და 2007 წლის 16 თებერვალს (ს.ფ. 321, ს.ფ. 330). კასატორს განჩინებების ასლები პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 22 იანვარსა და 2007 წლის 24 თებერვალს (ს.ფ.322, ს.ფ.333 - საქართველოს ფოსტის მიერ გაცემული ცნობა). კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 9 მარტის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.