Facebook Twitter

#645აპ-16 ქ. თბილისი

ლ-ი ბ. 645ap-16 15 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - მალხაზ სირაძის

ადვოკატ - პ. კ-ს

მსჯავრდებულ - ბ. ლ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ლ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განაჩენით ბ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 24 ივლისიდან.

2. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დანა, ასევე ა. ბ-სა და ბ. ლ-ს სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში უნდა განადგურდეს; ბ. ლ-ს კუთვნილი ტანსაცმელი (მაისური და შარვალი), რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში უნდა დაუბრუნდეს ბ. ლ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; დაზარალებულ ა. ბ-ს კუთვნილი მაისური, მოკლე შარვალი, ე.წ. „შორტი“, ჩანთა, ა. ბ-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მისი კუთვნილი მართვის მოწმობა, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში უნდა დაუბრუნდეს ა. ბ-ს.

3. განაჩენით ბ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ა. ბ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ….. მუნიციპალიტეტის ….., ….. სანაპიროზე, ბ. ლ-ს შელაპარაკება მოუხდა ა. ბ-თან, რომელმაც მას სახის არეში გაარტყა ხელი. აღნიშნულით განაწყენებული ბ. ლ-ი წავიდა სახლში, გამოიტანა დანა და კვლავ დაბრუნდა ….. სანაპიროზე, სადაც მან შურისძიების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული დანა მუცლის არეში დაარტყა ა. ბ-ს, რომელსაც განუვითარდა მუცლის ღრუში შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა წვრილი ნაწლავისა და დიდი ბადექონის დაზიანებით. მიღებული დაზიანების გამო ა. ბ-ე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებული ბ. ლ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ბ. ლ-თვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

6. 2016 წლის 1 ნოემბერს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მალხაზ სირაძეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

7. 2016 წლის 3 ნოემბერს პროკურორმა მალხაზ სირაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ბ. ლ-ს შორის 2016 წლის 1 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული ბ. ლ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

8. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მალხაზ სირაძემ, მსჯავრდებულმა ბ. ლ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. კ-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მალხაზ სირაძესა და მსჯავრდებულ ბ. ლ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ა. ბ-ს ჩვენებით, მოწმეების - გ. ე-ს, მ. ბ-ს, გ. ქ-ს, ლ. დ-ს ჩვენებებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - მ. დ-ს, მ. კ-სა და ქ. დ-ს ჩვენებებითა და საქმის სხვა მასალებით ბ. ლ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ბ. ლ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ბ.ლ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მალხაზ სირაძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ბ. ლ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მალხაზ სირაძესა და მსჯავრდებულ ბ. ლ-ს შორის.

4. ბ. ლ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლით და მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 24 ივლისიდან.

5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: დანა, ასევე ა. ბ-სა და ბ. ლ-ს სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში განადგურდეს; ბ. ლ-ს კუთვნილი ტანსაცმელი (მაისური და შარვალი), რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაუბრუნდეს ბ. ლ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; დაზარალებულ ა. ბ-ს კუთვნილი მაისური, მოკლე შარვალი, ე.წ. „შორტი“, ჩანთა, ა. ბ-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მისი კუთვნილი მართვის მოწმობა, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაუბრუნდეს ა. ბ-ს.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი